თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საქმის განხილვა დღეს, 9 ივლისს, კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ორი მოწმე წარმოადგინა.
პროცესს კვლავ არ ესწრებოდა რევაზ კიკნაძე, რადგან ის რამდენიმე სხდომის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მოსამართლის დაუმორჩილებლობისთვის გააძევა და უკან არ დაუბრუნებია.
უკრაინის მოქალაქემ, სერგეი კუხარჩუკმა, მიმდინარე საქმის განმავლობაში პირველად გააკეთა განცხადება. როგორც მან თქვა, პირველად ხედავს, რომ პატიოსანი და უდანაშაულო ხალხი ზის ბრალდებულთა სკამებზე. კუხარჩუკის თქმით, მისი მისამართით ბრალდება არის უსაფუძვლო და სასამართლო არ არის სამართლიანი.
დღეს საქმეზე გამოიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მზია ცერაძე, რომელმაც აღრიცხა საპროტესტო აქციებისას დაზიანებული პატრულის ავტომობილები. მოწმემ თქვა, რომ არ იცის, თუ ვინ დააზიანა მანქანები. მისი თქმით, არცერთ ფაქტს თავად არ შესწრებია.
ამის შემდეგ სასამართლო პროცესზე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი იოსებ მამადაშვილი გამოიძახეს. მან განაცხადა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით დაზიანდა ლითონისა და პლასტმასის ნაგავშემკრები ურნები და დაასახელა მათი რაოდენობა. თუმცა იოსებ მამადაშვილმა თქვა, რომ ფაქტს თავად არ შესწრებია და ტელევიზიით ნახა, შემდეგ მივიდა რუსთაველზე და დაზიანებული ურნებიც იხილა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.