ევროპარლამენტში 8 ივლისს საქართველოს საკითხზე შეტანილი ახალი რეზოლუციის განხილვის ფარგლებში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებზე დაყრდნობით ისაუბრეს.
რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეა. ტექსტში ნათქვამია, რომ „საქართველო ბოლო წლებში განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც არ შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებსა და ეუთოს ფარგლებში საქართველოს ვალდებულებებს“. რეზოლუციის ტექსტი მასშტაბურია და მრავალ სხვადასხვა საკითხს მოიცავს. მათ შორის ტექსტში ნახსენებია ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება, დეზინფორმაციული ნარატივები, სანქციები, უვიზო მიმოსვლა და ასე შემდეგ. ტექსტში კვლავ ნახსენებია მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების შესახებ.
რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთი სისტემატურად ერევა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.
ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა რეზოლუციაში შესწორების შეტანა მოითხოვეს. კერძოდ, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ რეზოლუციამ საქართველოში ახლად განვითარებული მოვლენების შესახებ ევროპარლამენტის პოზიციაც უნდა ასახოს. საუბარია ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებების შესახებ, რაც ევროპარლამენტარის აზრით, პოლიტიკურადაა მოტივირებული.
„ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის მედროშე იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, გადაიქცეოდა ლუკაშენკოს მსგავს ავტოკრატიად? რომ დღეს ჩვენ ვისაუბრედით არა მხოლოდ ბელარუსებზე ლუკაშენკოს ციხეებში, არამედ ქართველებზე ბიძინა ივანიშვილის ციხეებში? მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პროევროპულ ჯგუფს ევროპარლამენტში და მათ მიერ დანიშნულ მომხსენებლებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა თავდასხმებმა ევროპარლამენტის წევრებსა და ევროკავშირის ელჩებზეც კი, მხოლოდ გააძლიერა ჩვენი საერთო პოზიცია.
ჩვენ გვესმის, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს ქართველი ხალხის შეხედულებებს, ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მკაფიო სურვილს, გააგრძელონ გზა ევროკავშირის წევრობისკენ. მაშინ, როცა სიტუაცია გაუარესდა, ევროკავშირის საგარეო კომიტეტში გამართული კენჭისყრის შემდეგ პროევროპული პარტიების მიერ მომზადდა ახალი შესწორებები და მე გაძლევთ რეკომენდაციას, მათ მხარი დავუჭიროთ.
ცვლილებები მოიცავს ტექსტის განახლებას, რათა მასში შევიტანოთ ახლად განვითარებული მოვლენები, კერძოდ, თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება და მათთვის პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრის გამოტანა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა, ასევე ჩვენი პოზიციის განახლება მუნიციპალურ არჩევნებზე. მთავარი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო ეს არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად“, – აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყება 2028 წლამდე, ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუმცა ევროპარლამენტარების ნაწილი ამ აზრს არ იზიარებს.
„ევროპის სუვერენული ერების“ ჯგუფმა მოითხოვა შესწორება, რომელიც აღიარებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დროებით შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის ლეგიტიმური გამოხატულება საგარეო პოლიტიკური ზეწოლის ფონზე. „სუვერენული ერების ევროპა” 27 წევრისგან შემდგარი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში და აერთიანებს ევროპარლამენტარებს რამდენიმე ქვეყნიდან. ყველაზე მეტი წევრი ჰყავთ გერმანიიდან, კერძოდ კი, პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის”.
„ევროპარლამენტს უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა მორალურ ინსტიტუტად, მოსამართლედ, რომელიც პოლიტიკაში ბოროტსა და კეთილს არჩევს. უკვე თვეებია, ევროპარლამენტი აღელვებულია იმ ფაქტით, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ აირჩიეს მთავრობა, რომელსაც ევროკავშირი გეგმავდა. თვეების განმავლობაში ევროპარლამენტის კომიტეტები და უწყებები ფიქრობენ, როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო. შემდეგ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე.
ეს ანგარიში საქართველოს შესახებ არ უნდა იყოს ამისთვის განტევების ვაცი. ეს ანგარიში თითქოს ცოდვების კატალოგია და მასში არის შესული მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, ისეთები, როგორებიცაა, მაგალითად, პერსონალური სანქციები ან ლეგალური პროცედურები კოლექტიური სასჯელისთვის. ამ ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანა აარიდა ორ ბლოკს შორის კონფლიქტს, რაშიც ჩვენ მათი ჩათრევა გვსურს“, – აცხადებს ევროპარლამენტარი, ჰანს ნოიჰოფი.
რეზოლუციაში შესწორების მოთხოვნა „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმაც“ წარადგინა. მათ მოუწოდეს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს თავი შეიკავონ და მოხსნან ვეტო, რომელიც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და საპროტესტო აქციების ჩახშობაზე პასუხისმგებელი ადამიანების სანქცირებას ბლოკავს.
სიტყვით გამოვიდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსიც. მან გაიზიარა რეზოლუციის პროექტის სულისკვეთება და განაცხადა, რომ ევროკავშირი მუშაობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად.
„საქართველოში რისი მომსწრენიც ვართ, ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ელოდება ევროკავშირი წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან. საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები დღითი დღე ინგრევა. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა წამოიწყო ყველაზე დრამატული რეპრესიები ქვეყნის პროევროპული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბოლო კვირებში რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია არის განგრძობადი თავდასხმის წინაშე.
ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის ინიციირებას სათანადო საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე, ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. როგორც თქვენს ანგარიშში სწორადაა ხაზგასმული, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის დახმარების გაწევაში.
საქართველოში კრიზისის დაწყებიდან დღემდე ევროკომისიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა და ამჟამადაც ამზადებს პროექტს სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, რომლის ღირებულებაც შეადგენს 46 მილიონ ევროს. დამატებითი 32 მილიონი ევრო იქნება ხელმისაწვდომი უახლოეს ვადაში, მას შემდეგ, რაც ამას დაამტკიცებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, როგორ მივაწოდოთ დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ თავიდან იყოს აცილებული საქართველოს მთავრობის მხრიდან შემდგომი რეპრესიები.
უკანასკნელი რეპრესიული კანონები, კერძოდ, უცხოელ აგენტად რეგისტრაციის აქტი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ნეგატიურად აისახება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიწოდების შესაძლებლობაზე. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვრჩებით, ვიპოვოთ საუკეთესო გზები, რათა ჩვენმა დახმარებამ მიაღწიოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამდე და მედიამდე ისე, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.
ევროპარლამენტში პლენარული სხდომა, რომელზეც რეზოლუციას კენჭს უყრიან, დღეს, 9 ივლისს, იმართება.