ევროპარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 8 ივლისს, საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კენჭი ეყრება ანგარიშს ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ.
მათივე ცნობით, ევროპარლამენტი კვლავ მზადაა, დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევაში; მკაცრად გმობს ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიებს.
ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის.
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების მიმართ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს.
„ევროპარლამენტი კვლავ მზადაა, დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევაში; მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების სისტემურ წამებას;
მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტის ჩახშობას, გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ;
ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მაღალი თანამდებობის მოსამართლეები აკონტროლებენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს.
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებისა და 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, რაც წარმოადგენს ავტორიტარული რეჟიმისკენ აშკარა გარდამტეხ წერტილს, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების შემდგომ უკანონო მიტაცებასა და ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის მიღებას, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება;
ეთანხმება ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ საქართველოს გზას და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.
ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით შეიძლება, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ავტორი: ალეკო გვეტაძე