მთავარიმსოფლიომიგრანტების გზა უკეთესი ცხოვრებისკენ

მიგრანტების გზა უკეთესი ცხოვრებისკენ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა. ხალხი იძულებული გახდა ოჯახებთან ერთად სამშობლო დაეტოვებინა და ევროპაში უკეთესი ცხოვრების საძიებლად წასულიყო.

ახლა პალესტინელები ჩრდილოეთ საფრანგეთის ტყეებში იბრძვიან გადარჩენისთვის. მათ საკვებიც კი არ აქვთ. ერთ-ერთი პალესტინელი მიგრანტი, კასიმი, დიდ ბრიტანეთში ფეხით ჩასვლას ცდილობს.

„როდესაც 2014 წელს ღაზაში, შუჯაიას უბანში, სახლი დამიბომბეს, ოჯახის ყველა წევრი დავკარგე. კომაში ჩავვარდი, ეგვიპტეში, კაიროში გადამიყვანეს. ერთი თვის შემდეგ კომიდან გამოვედი და მკურნალობა ჩამიტარდა. შემდეგ მეგობრებთან ერთად იემენში გავემგზავრე, მაგრამ პრობლემები იქაც იყო. იმის გამო, რომ დოკუმენტები დავკარგე, იძულებული ვიყავი, იქ მეცხოვრა. მეუღლეც იქ გავიცანი. ომის, რთული პირობების, შიმშილისა და სკოლების ნაკლებობის მიუხედავად, ცხოვრება იქ გავაგრძელე. მოგვიანებით ვიპოვე გზა, რათა ჩემი ოჯახის მომავალი უზრუნველმეყო და აქ უსაფრთხოდ წამოვსულიყავი. თურქეთისა და საბერძნეთის გავლით საფრანგეთში ჩამოვედი. მსურს დიდ ბრიტანეთში ჩავიდე და ცხოვრება იქ გავაგრძელო“, – ამბობს 26 წლის პალესტინელი მიგრანტი, კასიმი.

იმის გამო რომ მიგრანტებს შესაბამისი დოკუმენტები არ აქვთ, გზის გავლა ფეხით უწევთ. ხანდახან  ნავებითაც მგზავრობენ, რაც უსაფრთხო სულაც არაა და ხშირად ტრაგედიით სრულდება. გზაში შესაძლოა სამართალდამცველებმაც დააკავონ, თუმცა სამი შვილის დედას, უმის, რომელიც კენიიდანაა, სხვა გზა არ აქვს.

„დიახ, ვიცით, რომ საშიშია, ვიცით, მაგრამ რა ვქნათ? აქ არც ოჯახი გვყავს, არც სამსახური გვაქვს, არც ფული და არც საცხოვრებელი. ვნერვიულობთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს“, – ამბობს უმი.

ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვა კოლექტივი მიგრანტებს ფარულ დახმარებასაც უწევს. ისინი მათ საკვებით,  ტანსაცმლითა და ზოგჯერ დროებითი თავშესაფრითაც უზრუნველყოფენ. ეს ხალხი მიგრანტების რთულ ცხოვრებას მცირედით მაინც  ამსუბუქებს.

„ხანდახან ვიღებთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად დიდ სირთულეებს აწყდებიან ან ოჯახებს, რომლებმაც რთული გზა გამოიარეს. ჩვენ ვთავაზობთ დროებით თავშესაფარს – ერთი, ორი ან სამი ღამით, ზოგჯერ მხოლოდ დღისით. შევქმენით მოქალაქე მასპინძელთა ქსელი, ეს სოლიდარობაზე დაფუძნებული სისტემაა, რომელიც ამ საჭიროებებს დააკმაყოფილებს“, – ამბობს მოხალისე, სილვი ბოდელე.

დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საზღვარი 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, რაც 2024 წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ მეტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend