სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა – პორტუს 3 ივლისის დეკლარაციის ამ და სხვა მოწოდებებიდან ერთი კვირის თავზე, ეუთო/ოდირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს განცხადებით ეხმაურება.
ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე გაზრდილია ზეწოლა. 7 ივლისის განცხადებაში ეუთო/ოდირი „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ ახსენებს საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს და სახელისუფლებო პარტიას ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებსა და გასამართლებას. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აფერხებენ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები არის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფუძველი.
ოდირი განსაკუთრებით შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში ათობით დემონსტრანტის დაკავებისა და მათ მიმართ მართლმსაჯულების სტანდარტების დარღვევის შესახებ. ასევე შეშფოთებას გამოვთქვამთ, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ადამიანის უფლებების დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ზეწოლის ზრდაზე. ამას გარდა, ბოლო კვირების განმავლობაში პატიმრობა მიესაჯა 8 წამყვან ოპოზიციონერ ლიდერს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც ეუთო/ოდირის დირექტორის, მარია ტელალიანის, სახელით ვრცელდება.
ეუთო/ოდირის ვრცელ განცხადებაში ნახსენებია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ვიდრე „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ეუთო/ოდირის დატვირთვა ზედმეტი იქნება“, ორგანიზაცია თავად გამოთქვამს მზაობას, საარჩევნო პროცესის მეთვალყურეობისთვის საქართველოში გამოგზავნოს სადამკვირვებლო მისია, რაზეც დროულ მოწვევას მმართველი პარტიისგან ელის.
„ეუთო/ოდირი წუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ოფისი დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არსებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული პრაქტიკიდან.
ეუთო/ოდირი კვლავ მზადაა, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დროულად გააგზავნის მოწვევას, გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით“, – წერია ეუთო/ოდირის განცხადებაში.
თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე ოპოზიციაში აზრი კვლავ გაყოფილია. „ქართული ოცნების“ ოპონენტთა ნაწილი 4 ოქტომბერს დაგეგმილ პროცესს „სპეცოპერაციას“ უწოდებს, ნაწილი კი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად და ნეიტრალური კანდიდატის დასასახელებლად ემზადება. არჩევნების თაობაზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მმართველი პარტიის ოპონენტები საქართველოს შესახებ ეუთო/ოდირის განცხადების მნიშვნელობაზე მიუთითებენ.
„ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსულ სპეცოპერაციას, რომლის გასაღებაც უნდათ, როგორც ადგილობრივი არჩევნების. უნდა ვიყოთ დარაზმულები, უკომპრომისოები, გაუტეხლები და თანმიმდევრულები… არჩევნებზე რასაც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი და მისი ყურმოჭრილი მონები – ცესკო, პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. – ის ციფრები იქნება დაწერილი…“ – თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარამიძემ.
„ეუთოს განცხადება, რომელშიც ის შეშფოთებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად არ მიუწვევია დაკვირვებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც რეალურად არანაირი დემოკრატიული ფასადის შექმნა არ სურს არჩევნებზე. ეს არჩევნები კი არ არის, ეს არის ბრძოლის ველი, რომელშიც ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს და არ უნდა თქვას უარი ამ ბრძოლის ველზე. ეუთოს მიმართვა ხელისუფლების მიმართ, რომ მოიწვიოს მისი სადამკვირვებლო მისია, ასევე ადასტურებს იმას, რომ ეუთოც სწორედ ასე ხედავს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის გამართვის არეალი…“ – ამბობს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.
ეუთო/ოდირსაც და ოპოზიციასაც „ქართული ოცნება“ ერთიანად პასუხობს. ორგანიზაციასთან კი ასეთი შეთავაზება აქვს:
„თავად ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, მივიდეს ევროპარლამენტთან და იმას მიმართოს, უკიდურესად შეურაცხყოფილი ვართ, რომ 2024 წლის დასკვნა არ გაიზიარეთ, სანაგვე ყუთში მოისროლეთო. შემდეგ გავაგრძელოთ დანარჩენზე საუბარი, მანამდე ამის გაკეთება არ ღირს…
ეუთო/ოდირი ობიექტურ დამკვირვებლად თუ მიაჩნიათ და ეუთო/ოდირის სიტყვა გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ, ისევ ეუთო/ოდირზე გავაკეთოთ სწორება. ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე“, – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
3 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „პორტუს დეკლარაცია“ მიიღო, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდა, მათ შორის, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ლიდერები და აქციებისას დაკავებული პირები.
მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ქართულ ოცნებას“.