შვედეთში, სტოკჰოლმ-ვესტეროსის აეროპორტიდან სულ რაღაც 300 მეტრში მდებარე რუსული, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების ცენტრში მოექცა. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ კრემლი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰიბრიდული ომის ფარგლებში ჯაშუშობისთვის იყენებს.
შვედეთის უსაფრთხოების სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ეკლესია სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან სხვა მტრული საქმიანობის პლატფორმად გამოიყენება.
ახლახან აშენებული მართლმადიდებლური ეკლესია ბევრისთვის უბრალოდ სალოცავს წარმოადგენს, მაგრამ სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა თვალშიც ეკლესია შვედეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავს.
ეკლესია სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. სტოკჰოლმ-ვესტეროსის აეროპორტი 1983 წლამდე შვედეთის საჰაერო ძალების ბაზას წარმოადგენდა.
2024 წელს, შვედეთის ნატოში გაწევრების შემდეგ კი, აეროპორტი სტრატეგიულ სამხედრო ცენტრად იქცა, სადაც რეგულარულად იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნები.
შვედეთის უსაფრთხოების სააგენტომ თავდაპირველად სცადა ეკლესიის მშენებლობის შეჩერება უსაფრთხოების რისკების მოტივით. თუმცა პროექტი რეგულაციების გაუთვალისწინებლად მაინც გაგრძელდა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2023 წლის ნოემბერში, კურთხევის ცერემონიას რუსი და ბელარუსი დიპლომატები ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ვლადიმერ ლიაპინი, შვედმა საგამოძიებო ჟურნალისტებმა რუსეთის ჯაშუშად ამხილეს.
სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ მოსკოვის საპატრიარქო მხარს უჭერს შვედეთში რუსეთის სადაზვერვო ოპერაციებს და მნიშვნელოვან სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. მუნიციპალური ხელისუფლება ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოტივით შენობის სახელმწიფოს მფლობელობაში გადაცემას განიხილავს.
სულ უფრო მეტი ყურადღება ეპყრობა ვესტეროსის ეკლესიის სამრევლო მღვდელსაც, მამა პაველ მაკარენკოს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ წლების განმავლობაში რელიგიური მოვალეობების შესრულების პარალელურად, მაკარენკო რუსეთის საკუთრებაში არსებული იმპორტისა და ექსპორტის ფირმის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
მისი კორპორაციული კარიერა მოულოდნელად 2021 წელს დასრულდა, როდესაც სტოკჰოლმის რეგიონულმა სასამართლომ იგი დამამძიმებელ გარემოებებში დამნაშავედ ცნო ბუღალტრული თაღლითობისთვის, რომელიც რუსეთსა და ბელარუსში არსებული კომპანიებისთვის ყალბი გადასახადების გადახდის ბრალდებით იყო გამოწვეული.
მაკარენკოს, რომელმაც უარყო ბრალდებები და მოგვიანებით სააპელაციო პროცესი წააგო, ექვსთვიანი პირობითი პატიმრობა, 160-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა და სამწლიანი ბიზნესსაქმიანობის აკრძალვა მიესაჯა.
არსებობს ვარაუდი, რომ ვესტეროსის ეკლესია ერთადერთი არაა ევროპის მასშტაბით, რომელსაც რუსეთი კრიტიკულ ობიექტებთან ახლოს სტრატეგიულად ათავსებს და სადაზვერვო საქმიანობისთვის იყენებს. რუსული ეკლესია მდებარეობს ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰაიმშიც, საჰაერო ძალების აკადემიიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით.
არაერთი ქვეყნის ხელისუფლებამ კი, უკვე დახურა საკუთარ ქვეყანაში არსებული რუსული ეკლესიები.
ფინეთში, რუსული ეკლესია სანაპირო ფლოტთან კრიტიკულად ახლოს მდებარეობდა. ხელისუფლებამ ის 2022 წლის აგვისტოში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დახურა.
ხოლო, 2023 წელს ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსული ეკლესიის მეთაური ქვეყნიდან გააძევა. არქიმანდრიტ ვასიანს, რომელიც ქვეყანაში რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა, ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს.
უკრაინულმა კომპანიამ, რომელიც ღია წყაროებზე დაყრდნობით სადაზვერვო მომსახურებას უზრუნველყოფს – კერძოდ, ვესტეროსში მდებარე ეკლესიაც გამოიძია. მათ თანახმად, ეკლესიის მშენებლობა რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კორპორაციამ, „როსატომმა“ დააფინანსა.
აღსანიშნავია ისიც, რომ შვედური ელექტროქარხანა „ვესტინგჰაუსი“, რომელიც ბირთვული საწვავის აგრეგატებს აწარმოებს, რუსული ეკლესიიდან დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.