3 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. „პორტუს დეკლარაცია და რეზოლუციები“ – ამ სახელწოდებით მიღებულ დოკუმენტში მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, როგორც ოპონენტების წინააღმდეგ, ისე საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ საგარეო კურსის რადიკალური ცვლილების მხრივ მიუღებელია დასავლური, დემოკრატიული სამყაროსთვის. დოკუმენტში პუნქტობრივადაა ჩამოთვლილი როგორც კრიტიკა, ისე რეკომენდაციები და მოთხოვნები, მათ შორის, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება.
რეზოლუციის მიხედვით ეუთო:
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით;
გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის;
შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო;
გამოხატავს იმედგაცრუებას „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიისა“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღების გამო;
აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას;
ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წინააღმდეგ მზარდი [ნეგატიური] რიტორიკისა და მისი სრულიად მიუღებლად მიჩნევის გამო;
უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთთან კავშირების გამყარება შეშფოთებას იწვევს საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.
მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
მხარეთა ჩართულობით იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან;
პატივი სცეს მოქალაქეთა პროტესტს;
დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას;
9. ეუთო აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას;
10. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს;
საქართველოს დელეგაციამ ამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. თავდაპირველად ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის შემადგენლობამ გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, მხარი დაუჭირა დოკუმენტს. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მთელ რიგ პუნქტებს არ დაეთანხმნენ და შესაბამისად, მხარიც არ დაუჭირეს. განმარტებები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი ამ რეზოლუციას მორიგ უსამართლო დოკუმენტად მიიჩნევს და ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელს უწოდებს.
„ვნახეთ, რომ საბოლოო ტექსტში [რეზოლუციის], ჯო უილსონის დაჟინებული მოქმედებებით აისახა ნახევარი წინადადება, რომელიც ეხება არჩევნებს და ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პირებს. ეს აჩვენებს, რომ ასამბლეა, როგორც საპარლამენტო ნაწილი ეუთოსი, გამოიყენება ასეთ დროს პოლიტიკური ინტრიგებისთვის. ჩვენთვის გადამწყვეტია ეუთოს პოზიცია, რომელსაც გამოხატავს გენერალური მდივანი. სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ ჯო უილსონის ამ დამატების თანაავტორი იყო მათ შორის უკრაინის დელეგაცია. რამდენად მძიმეა ამის ყურება, მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ მხარდაჭერა აჩვენა უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არის ზურგში დანის დარტყმა ქართველი საზოგადოებისთვის, როდესაც უკრაინა, რომელიც ომშია, იცლის იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ძირი გამოუთხაროს.
სამარცხვინოა უკრაინის დელეგაციის ასეთი საქციელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს ომი დასრულდება და ბევრი განმარტების მოცემა მოუწევს ქართველი ხალხისთვის უკრაინის პოლიტიკურ ელიტას იმ ქცევისთვის, რომელსაც ქართული საზოგადოება ხედავდა ჩვენი მხარდაჭერის საპასუხოდ. სხვადასხვა ფორუმზე: ეუთო, PACE, უკრაინის დელეგაცია გამოირჩევა, ცდილობენ დააზიანონ ქართველები…რომ არა ეს ერთი წინადადება, მავნებლური, რომელიც უკრაინის დელეგაციისა და ჯო უილსონის ინიციატივით შეიტანეს, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა [რეზოლუციას]“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, რეზოლუცია ნათლად აღწერს საქართველოში არსებულ ვითარებას და ასევე შესაბამის მოთხოვნებსაც მკაფიოდ აწესებს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაცრი დასკვნა არის კიდევ ერთი კრახი, განცდილი „ქართული ოცნების” ეწ. ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად მკაფიოდ, შავით თეთრზე მოუწოდებს რუსულ რეჟიმს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ პირობებში და რომელიც ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პროცესი და შედეგები არ იყო და ვერ იქნება აღქმული როგორც დემოკრატიული პროცესი”, – ამბობს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 32-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში შევიდა მოწოდება სირიის მთავრობისადმი, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ამას გარდა მიმართავს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს დაუბრუნოს კუთვნილი ტერიტორიები.
ავტორი: ალეკო გვეტაძე