მთავარისაქართველო,,ამის ჩვენება არ უნდოდა პროკურატურას” - კიდევ ერთი სასამართლო სხდომა, რომელიც მედიამ...

,,ამის ჩვენება არ უნდოდა პროკურატურას” – კიდევ ერთი სასამართლო სხდომა, რომელიც მედიამ ვერ გადაიღო

ფოტო არქივიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

პროცესზე ბრალდების ვიდეომტკიცებულებათა ნაწილი გამოიკვლიეს. ეს ის ვიდეოჩანაწერებია, რომლებიც „ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებს” უნდა ასახავდეს, თუმცა ადვოკატების შეფასებით, კადრებში არათუ ჯგუფური დანაშაული, არამედ ზოგადად, დანაშაულებრივი ქმედებებიც კი არ ჩანს.

ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ ვიდეოჩანაწერები ასახავს, თუ როგორ აგინებდნენ და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს.

„ამის ჩვენება არ უნდოდა პროკურატურას. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მედიას მუშაობა შეეზღუდა, ის იყო, რომ პროკურატურას ეს მტკიცებულებები ჰქონდა გამოსაკვლევი”, – ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.

მედიამ სასამართლო პროცესი დღესაც, 4 ივლისსაც, ვერ გადაიღო.

„ჩემი მიღებული კანონია, ბატონო ირაკლი?!” – ასე უპასუხა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილს, რომელმაც მოსამართლეს ჰკითხა, იცის თუ არა ვინმემ, რა ვადაში უნდა განისაზღვროს სასამართლოს უფლებამოსილი პირი, რომელსაც სხდომის გადაღების უფლება ექნება.

ახალი კანონით სასამართლო პროცესის გადაღების ნებართვას მედიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო აძლევს, თუმცა ჟურნალისტების განცხადებებს საბჭოში არ პასუხობენ.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებით, სასამართლოს ეზოში, შენობასა და სხდომათა დარბაზში გადაღების უფლება მხოლოდ სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება.

კამერებს არ გადაუღიათ ონისე ცხადაძის სიტყვაც – იგი სხდომას პირველად ესწრება მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა.

„იმ ასაკში, რომელშიც მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლსა და ხორცში არავინ გარდაცვლილა. არაფერი სჭირდა გულზე. პირველად მამაჩემის გულზე ხელი მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ”, – თქვა საპროტესტო აქციებისას დაკავებულმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე.

დღესვე სასამართლომ ბრალდების მოწმეებს მოუსმინა. ბრალდებას სხდომაზე სამი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი – სამივე მათგანი ექსპერტია. მათ საქმეში წარმოდგენილ მასალებზე ჩაატარეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რაც გარეგნული ნიშნებით ფოტოებიდან თუ ვიდეოჩანაწერებიდან პირის იდენტიფიცირებას გულისხმობს.

მხარეთა კითხვებს ნინო ბორაშვილმა, ეკატერინე ყუფარაძემ და გივი ჩიბირაშვილმა უპასუხეს.

საქმეზე მომდევნო სხდომა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 ივლისს ჩანიშნა.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend