ევროპის კონტინენტზე რეკორდულმა სიცხეებია. მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ქარი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ასობით ტყის ხანძრისა და ათიათასობით ადამიანის ევაკუაციის მიზეზი გახდა.
საბერძნეთში, ათენის მახლობლად და კუნძულ კრეტაზე ხანძრის რამდენიმე კერას ებრძვიან. 5000-ზე მეტ ტურისტს საკურორტო ზონის დატოვება მოუწია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზოგიერთმა მათგანმა თავი ზღვას შეაფარა. ისინი მეთევზეებმა გადაარჩინეს. ტურისტების ნაწილი სხვა სასტუმროებში გადაიყვანეს, ნაწილმა კი ღამე კალათბურთის სტადიონზე გაატარა. კრეტა საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტებისთვის.
ტყის ხანძრების ასობით კერაა თურქეთშიც, სადაც 3 ივლისს 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მეხანძრეები ხანძრებს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო თვითმფრინავები და ვერტმფრენებიც.

ხანძრის ასობით კერაა ესპანეთსა და პორტუგალიაშიც. ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ორი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის შედეგად გაჩენილმა კვამლმა კი 14 000 მეტრის სიმაღლეს მიაღწია.
მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი, რომელიც 28კმ/სთ სიჩქარით ვრცელდებოდა, ევროპაში მიმდინარე ხანძრებს შორის ყველაზე სწრაფია. დამწვარია 6500 ჰექტარი. ხელისუფლებამ 20 000-ამდე ადამიანს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად სამხრეთ ევროპის ქვეყნები დაზარალდა. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი 27 ქალაქიდან 17-ში იყო ძლიერი სიცხე, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნების მთავრობები უკვე მუშაობენ პრობლემის აღმოფხვრაზე. მათი აზრით, ქალაქების გამწვანება ტემპერატურის დაწევას გამოიწვევს, რადგან ჩრდილში ტემპერატურა შესაძლოა 5-6 გრადუსით ნაკლები იყოს.
მოქალაქეები და ტურისტები გაგრილების ყველა შესაძლო საშუალებას იყენებენ: ცივი სასმელები, კონდიციონერი, შადრევნებსა თუ მდინარეებში ბანაობა 40 გრადუს სიცხეში ცხოვრებას მცირედით ამარტივებს.
ძლიერმა სიცხემ შვეიცარიაში, აარგაუს კანტონში ელექტროსადგურის ნაწილობრივი გათიშვა გამოიწვია, რადგან სადგურში არსებული წყალი ზედმეტად გაცხელდა.
ევროკავშირის კოპერნიკუსის კლიმატის ცვლილების სამსახურის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, ევროპა, სადაც ხშირია ტემპერატურის მატება, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ უფრო სწრაფად გათბა.