მთავარისაქართველოხელახალი არჩევნები, დემოკრატიის გზაზე დაბრუნება - „პორტუს დეკლარაციის” გზავნილები

ხელახალი არჩევნები, დემოკრატიის გზაზე დაბრუნება – „პორტუს დეკლარაციის” გზავნილები

აქციებისას დაკავებულთა და პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერთა გათავისუფლება, დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება – ეს რამდენიმე მოწოდება ამჯერად „პორტუს დეკლარაციაში“ ჩაიწერა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ შეახსენეს ნაკისრი ვალდებულებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიის პრინციპები.

„არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება დარღვეული ადამიანის უფლებები, ეს ყველა ჩვენგანს უნდა გვაწუხებდეს. თუკი საქართველოში სახელმწიფო მმართველობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ეს ეწინააღმდეგება ეუთოს პრინციპებსა და კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. თუკი თქვენ მართლმსაჯულებას იყენებთ პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გასაშვებად, ეს არ არის დემოკრატია. თუკი თქვენ აპატიმრებთ 8 თუ 10 ოპოზიციონერ ლიდერს, ეს საგანგაშო სიგნალია დემოკრატიისთვის.

ვფიქრობ, ეუთოს ანგარიშში გამოტანილი დასკვნები ძალიან ყურადღებით უნდა წავიკითხოთ. ჩვენ ვიცით, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ქვეყნებზე, რომლებიც ერთი კაცის, ერთი ადმინისტრაციის მიერ იმართება და, სადაც ავტორიტარული ან სხვა ისეთი ტიპის სისტემებია, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიასთან. ისინი ცდილობენ, საფრთხე შეუქმნან დემოკრატიის საფუძვლებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა სახელმწიფოებშიც… ამიტომ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ პატიმრობაში მყოფ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და წინააღმდეგობა გაუწიოთ მათ, ვინც მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკურ იარაღად იყენებს ქართული ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ალბანეთის ხელმძღვანელმა.

„საქართველოს დელეგაციას ფაქტებით საუბარი უყვარს, ამიტომ მოდით, მოვიყვანოთ რამდენიმე ფაქტი. დღეს საქართველოში თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ან პატიმრობაში იმყოფება, ან მათ დევნიან. ანტიკორუფციული ბიურო ატარებს გამოძიებას დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. რუსული სტილის კანონები ასევე საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ახსენეს, რომ აქ წარმოდგენილი ყველა ქვეყანა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობა პროევროპულად არის განწყობილი და მათი ევრობლოკში გაწევრების მისწრაფების ღალატი კიდევ ერთია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. შეგვიძლია, უსასრულოდ ვისაუბროთ, მაგრამ ახლა გვიჩნდება კითხვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტი ახლა მხოლოდ ერთი პარტიისგან შედგება, რადგან ყველა ოპოზიციონერმა უარი თქვა საკუთარ მანდატებზე. ამიტომ, ეს ნიშნავს, რომ დღეს აქ ქართულ დელეგაციას წარმოადგენს მხოლოდ ერთი მხარე და ვეჭვობ, ის გამოხატავდეს საქართველოს მთლიანი მოსახლეობის ნებას. ამ რეზოლუციის მხარდაჭერა არ გულისხმობს, რომ მე ან ჩემი ქვეყანა ცუდად ვართ განწყობილი საქართველოს ან ქართველი ხალხის მიმართ.

პირიქით, ეს მხარდაჭერა გამომდინარეობს ჩემი და ჩემი ქვეყნის საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს. მაშინ, როცა 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ, ბალტიისპირეთის სხვა სახელმწიფოებისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტიც ჩავიდნენ თბილისში და იდგნენ იქ. ამან ხელი შეუშალა რუსულ ოპერაციას… ქართველი ხალხი ელოდება საერთაშორისო ყურადღებას…“ – თქვა საპარლამენტო ასამბლეაზე ლიეტუვის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

„მე ვაღიარებ, რაც ითქვა ქართული დელეგაციის წევრების მიერ, იმის მიუხედავად, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან და დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ, მაგრამ მე მხარს ვუჭერ ჩემი ლიეტუველი კოლეგის ნათქვამს. არანაირად არ ვარ ცუდად განწყობილი არც საქართველოს და არც ქართველი ხალხის, ან თუნდაც, „ქართული ოცნების“ მიმართ.

ძალიან დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და, ვიმედოვნებ, რომ ისინი სრულფასოვან როლს ითამაშებენ საერთაშორისო საზოგადოებაში. მე მაღელვებს ის, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება იმ პირებს, ვინც მათ არ ეთანხმება. ის, თუ როგორ ექცევიან ისინი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. თუ შეუძლებელი ხდება თავისუფალი და სამართლიანი დიალოგის წარმოება, მაშინ იქ დემოკრატია აღარ არსებობს.

განურჩევლად იმისა, რა კომენტარები კეთდება სადამკვირვებლო მისიის შესახებ, მე მათ ეჭვქვეშ არ ვაყენებ. მე ვეთანხმები არჩევნების თაობაზე, შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლების ნათქვამსაც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები. ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე არ ყოფილა ჩარევა ან რომ არ იყო ზეწოლა მოქალაქეებზე. თუმცა, ძალიან ბევრი მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, აპარტიული საერთაშორისო ორგანიზაციისგან ვიცი, რომ უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ არიან ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან „ქართულ ოცნებას“. თუკი ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ორგანიზაციებზე, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, მაშინ ეს არის დემოკრატიული იდეალების უპატივცემულობა. თუკი ჩვენ, ამ საპარლამენტო დელეგაციაში ვერ ვბედავთ ამაზე ღიად საუბარს, მაშინ ამ ორგანიზაციაში ბევრად სერიოზული პრობლემა არსებობს.

ჩვენ ვიცით, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს ზეწოლისა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და კეთილსინდისიერ ორგანიზაციებზე, რომელთა საქმიანობაც ცნობილია. არ გამიგია, რომ ამაზე უარი ეთქვათ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს. დიახ, ისინი ამბობდნენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტი არ იყო გამოხატული მშვიდობიანად, თუმცა ეს ძალიან სუბიექტური თვალსაზრისია. ყველა ქვეყანაში იყო პროტესტი, მანიფესტაცია ან დემონსტრაცია, რომელიც გასცდენია კანონიერ ჩარჩოებს, მაგრამ ნამდვილი გამოცდა ისაა, თუ როგორ უმკლავდები მას შენ, როგორც ხელისუფლება. ან მასში მონაწილე პირები უპრეცედენტო და მკაცრი დევნის სამიზნენი გახდებიან, ან ჩვენ გადავწყვეტთ ამ პრობლემას დემოკრატიული გზით, კანონის უზენაესობის პრინციპის სრული დაცვით“, – თქვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ირლანდიის დელეგაციის წარმომადგენელმა.

პარტნიორების განცხადებების პასუხად ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა დასავლელი დიპლომატები „ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულეს. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები არც პორტუში შეცვლილა.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრისგან ვხედავთ სახიფათო ტენდენციას, სადამკვირვებლო მისიების დასკვნების უგულებელყოფას და ცრუ განცხადებებს, რაც ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. კომიტეტებში ბოლოდროინდელმა, განსაკუთრებით ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებულმა დებატებმა, ნებისმიერ ნეიტრალურ დამკვირვებელს აჩვენა, რომ ქვეყნების წინააღმდეგ ბრალდებები წაყენებულია მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის გარეშე. დღეს თუ ეს არჩევნების შედეგების დამახინჯებაა, სიცრუის გავრცელება და იმ ადამიანების მშვიდობიანად მოხსენიება, რომლებიც პოლიციას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებით“ ესხმიან თავს, ხვალ, შეიძლება, ჩვენ სპილოები გვიწოდონ. თუ უმრავლესობას ეს იარლიყი მოეწონება, მაშინ, შესაძლოა, ასეთი სისულელე რეზოლუციის ტექსტშიც მოხვდეს“, – თქვა ეუთოში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ჩვენ ავირჩიეთ სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად, ინსტიტუტები პოპულიზმის ნაცვლად და გრძელვადიანი ხედვა მოკლევადიანი პროვოკაციის ნაცვლად… ბოლო დროს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს გაკრიტიკების მცდელობები იმ სტანდარტების გამოყენებისთვის, რომლებსაც თავად ბევრი დასავლური ქვეყანა იყენებს საკუთარი სუვერენიტეტისა და ინსტიტუტების დასაცავად. ის, რასაც კანადაში, შვედეთში ან დიდ ბრიტანეთში დანაშაულს უწოდებენ, საქართველოში არ შეიძლება ეწოდოს „პოლიტიკურ დევნა“. ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტები – ეს არის ცინიზმი. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და ასუსტებს საზოგადოების ნდობას გლობალური პარტნიორობის მიმართ“, – ამბობს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი მაია ბითაძე.

2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პორტუგალიაში ჩასული „ქართული ოცნების“ წევრების მსგავსი პოზიცია აქვს  ეუთოს გენერალურ მდივანს. ფერიდუნ სინირლიოღლუს მაგალითად ორგანიზაციის ანგარიში მოაქვს. ქართულ ოპოზიციასთან მას გარკვეული კითხვის ნიშნები აღმოაჩნდა.

„ODIHR-მა ანგარიში გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ანგარიში ცხადად ამბობს, რომ ზოგიერთი დარღვევის მიუხედავად, არჩევნების შედეგები ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ასახავს.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150-დან 61 წევრი ჰყავს, ანუ მანდატების 40%-ზე მეტი ოპოზიციისაა, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. რა თქმა უნდა, დემოკრატიულ წყობილებაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატად, თუმცა ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო. პარლამენტში 40-პროცენტიანი წარმომადგენლობა გქონდეს და ამას არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ“, – თქვა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.

დებატებისას საპარლამენტო ასამბლეაზე ბევრი ითქვა „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც. ყველაზე მეტი ყურადღება კი ე.წ. „ქართულ FARA“-ზე გამახვილდა. ეუთოს გენერალური მდივნისგან განსხვავებით, ორგანიზაციის დირექტორის კითხვების ადრესატი დარბაზში წარმოდგენილი ქართული დელეგაცია იყო.

„ხშირად მესმის არგუმენტი, თითქოს საქართველოში მოქმედი FARA ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგია. ვერ დაგეთანხმებით. რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლეთ ამერიკაში მოქმედი FARA და მინდა გითხრათ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა დამცავი ბერკეტი. საქართველოს შემთხვევაში კი, ეს კანონი კიდევ ერთხელ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს, გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან და ეფექტურ მუშაობაზე, ასევე ამცირებს იმ სივრცეს, რომელშიც ისინი მოქმედებენ.

ჩვენ გქონდა შეხება ქართულ მხარესთან ამ კანონთან დაკავშირებით, რომ საბოლოო მიღებამდე მათ მის შეფასებაში დახმარება მოეთხოვათ. ჩვენი მანდატია, დავეხმაროთ სახელმწიფოებს, როდესაც იღებენ ეუთოს ვალდებულებებთან შეუსაბამო კანონებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მცდელობებისა და დახმარებასთან დაკავშირებით ჩემი პერსონალური მოთხოვნების მიუხედავად, კანონი საბოლოოდ მაინც მიიღეს…“ – განაცხადა ეუთო/ოდირის დირექტორმა მარია ტელალიანმა.

პოლიტიკური ვითარების გარდა პორტუს 3 ივლისის დეკლარაციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც მოხვდა. პლენარულ სესიაზე მიღებული დოკუმენტი სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობის აღიარება“. ამ კონტექსტში საუბარია კრემლის მიერ დაპყრობილ უკრაინულ რეგიონებზეც – დონეცკსა და ლუჰანსკზეც.

პორტუგალიაში გამართულ საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულმა დელეგაციამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობაზე საუბრისას, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში მაგალითად რამდენჯერმე მოიყვანა. თუმცა, ამასთან 18 ივნისს „ქართული ოცნების“ წევრებმა თქვეს, რომ  4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ აპირებენ ამ სადამკვირვებლო მისიის მოწვევას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend