მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციებისას დაკავებული კიდევ ერთი ახალგაზრდის საქმეზე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება – 21 წლის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს, მისი განაჩენით 5 წლით პატიმრობა მიესაჯა.
საზოგადოებამ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მინდაძის დასკვნითი სიტყვა ვერ მოისმინა – საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებების გამო მედია სხდომას ვერ იღებდა. თუმცა პროცესის დაწყებამდე და განაჩენის გამოცხადების შემდეგაც გიორგის დედა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულ მხარდამჭერებს ურიგებდა წერილებს, რომლებშიც მისი შვილის სათქმელი ეწერა:
„აშკარაა, ჩვენი შეხვედრები დასასრულს უახლოვდება, გული არ გაიტეხოთ. თითოეული ადამიანის თვალები და ყველაფრის მეტყველი გამოხედვა არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან და მით უმეტეს გულიდან. ნებისმიერი შედეგი ჩემთვის სასიკეთოა, რადგან აღმოგაჩინეთ, გაგიცანით, შეგიყვარეთ და თავი შეგაყვარეთ, ჩემო თანამებრძოლებო. იბრძოლეთ იქამდე, სანამ ერთ ადამიანს მაინც ექნება ამ ბრძოლის იმედი და რწმენა“, – წერს გიორგი მინდაძე.
ბრალდება გიორგი მინდაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს – პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. პროკურატურა მას 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის დაზიანებაში სდებდა ბრალს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს, თბილისში, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს გ.მ.-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იქ მდგარ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ესროლა პიროტექნიკა, რომელიც ერთ-ერთ სამართალდამცველს ფეხის არეში მოხვდა და დამწვრობა მიიღო“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მანამდე, პროცესის დაწყებისას, სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გიორგი მინდაძის მხარდამჭერთა ნაწილი სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. თუმცა, რადგან ახალი კანონით სასამართლოს ეზოში, შენობასა და სხდომათა დარბაზებში მედიის მუშაობა შეზღუდულია, ტელეკამერებით ეს ეპიზოდები ვერ გადაიღეს. მას შემდეგ კი, რაც განაჩენს პროტესტი მოჰყვა, მანდატურებმა მოქალაქეებს სასამართლოს ეზო დაატოვებინეს.
გიორგი მინდაძის მხარდამჭერები საღამოს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. ისინი აპროტესტებდნენ გიორგი მინდაძის პატიმრობას, სოლიდარობას უცხადებდნენ გიორგი მინდაძის დედას, ნანი წულაიას.
.
ეს ნინო გალუსტაშვილის მეორე განაჩენია აქციებისას დაკავებულთა საქმეზე. 12 ივნისს მან მათე დევიძეს მიუსაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ნინო გალუსტაშვილი განიხილავს აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმესაც.