მოგზაურობა ვის არ უყვარს, მაგრამ როგორ უნდა მოვინახულოთ ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილები ისე, რომ ისინი არ გადაიტვირთოს მნახველთა რაოდენობით და ტურისტებმა სიამოვნება მიიღონ? ამ პრობლემის ინოვაციურად გადაჭრა სცადეს რუმინეთში, ტრანსილვანიის რეგიონში.
მოგზაურობა ვის არ უყვარს? ჩვენ გრაფ დრაკულას ციხესიმაგრეს ვეწვევით ტრანსილვანიაში, რუმინეთში. ეს ადგილი წელიწადში მილიონ ტურისტს იზიდავს. მოგზაურობა სასიამოვნო გატაცებაა, მაგრამ ტურიზმი მრავალ პრობლემასაც ქმნის. ევროპული პროექტი „დაბალანსებული ტურიზმი“ იმისთვის დაიწყო, რომ ამ სექტორის კონცეფცია გადაიხედოს.
„ტურისტების უმეტესობას სურს ცნობილი ადგილების მონახულება, რომ იქ მივიდეს, სადაც სხვები იყვნენ. მაინც როგორ უნდა აფიქრებინო მათ სხვა ისეთი ადგილის მონახულება, სადაც ხალხი ნაკლებია, მაგრამ ძალიან საინტერესოა? ეს ადვილი არ არის“, – ამბობს ეუგენიო ვან მაანენი, პროექტ Tourism in Balance-ის მენეჯერი.
ექვსი ევროპული ქალაქი, მათ შორის რომი, ამსტერდამი და ბრაშოვი რუმინეთში, ერთად მუშაობს ბრედის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ზედამხედველობის ქვეშ.
„პროექტის მთავარი მიზანია, დაეხმაროს პარტნიორებს, დახვეწონ სტრატეგია და პოლიტიკა ისე, რომ შეძლონ ტურისტების გადანაწილება დროისა და ტერიტორიის სწორად შერჩევით“, – განმარტავს ეუგენიო ვან მაანენი.
პროექტის პარტნიორები შეიკრიბნენ ქალაქ ბრაშოვში, ტრანსილვანიის გულში, რათა ერთმანეთს საკუთარი სტრატეგიები გააცნონ. ეს ქალაქი, რომელსაც ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, ცდილობს, გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც უკვე აღმოჩნდნენ მისი პარტნიორები – ამსტერდამი და რომი, რათა გადაჭარბებული ხალხმრავლობა თავიდან აირიდოს.
„ჩვენი საერთო მიზანია მდგრადი განვითარება მეტროპოლიტენის მთელ სივრცეში როგორც ქალაქად, ისე სოფლად,“ – ამბობს ალინა ნიკოარე, ბრაშოვის მეტროპოლიტენის სააგენტოს დირექტორის მოადგილე. „თუ შევძლებთ ტურისტების გადამისამართებას ყველაზე ხალხმრავალი ადგილებიდან ნაკლებად გადაჭედილ ადგილებში, ამით მთელი საზოგადოება მოიგებს“.
ამ პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით მილიონ 1,754,151 ევროა. მისი 80% ევროკავშირმა დააფინანსა, დანარჩენი 20 პროცენტი კი – პარტნიორებმა გაიღეს. ტურისტების თანაბრად გადანაწილების ინიციატივის ერთ-ერთი წამყვანი პუნქტია ადგილობრივი გასტრონომიული პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში აქაური სოფლების მცხოვრებნი საკუთარი სახლის კარს უღებენ ტურისტებსა და შინ მომზადებულ კერძებს სთავაზობენ ფიქსირებულ ფასად – 16 ევროდ. მათ ზედამხედველობას ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო უწევს.
„ჩვენი პროგრამა Gastro Local-ი არის ასოციაცია, რომელიც ჩვენს ქალაქში დაარსდა, რადგან აქ ჩამოსულ ტურისტებს უბრალოდ არსად არ შეუძლიათ ჭამა“. განმარტავს გასტრონომიული პროგრამის მონაწილე ალინა ტონი.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ გამოყენებული სურსათის 70% ადგილზე იყოს მოწეული ან წარმოებული.
„პროდუქტები ორგანულია, ისინი ჩვენს სოფლებშია მოყვანილი. რასაც საკუთარ ოჯახს ვაჭმევთ, იმით ვუმასპინძლდებით ტურისტებსაც, არავის განვასხვავებთ“, – ამბობს ალინა.
ეს გასტრონომიული ექსპერიმენტი სარგებელს აძლევს როგორც აქაურ მოსახლეობასა და ადგილობრივ მეწარმეებს, ისე ტურისტებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ დატკბე რეგიონში სტუმრობით ისე, რომ არ შეგაწუხოს მასობრივმა ტურიზმმა.
ავტორი: კრისტინა ხინერი