საერთაშორისო პენცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატიმრობიდან გაათავისუფლოს აღიარებული პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი და დაიცვას მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება.
საერთაშორისო პენცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ზვიად რატიანს განსხვავებული შეხედულებების გამო ზედმეტად მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელი ემუქრება.
მათი შეფასებით, პოეტის „საქმე საქართველოში ადამიანის უფლებების მზარდი კრიზისისა და დამოუკიდებელი ხმების, მათ შორის რატიანის, დაუნდობელი დევნის ფონზე ვითარდება”.
„რატიანს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე, სპეციალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომელზე ან მთავრობის ან საჯარო დაწესებულების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2025 წლის 25 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ რატიანი წინასწარი პატიმრობის ქვეშ დააყენა და გლდანის ციხეში გაგზავნა, სადაც ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ის სამარტოო საკანში იმყოფებოდა. მისი შემდეგი სხდომა 14 აგვისტოს არის ჩანიშნული. PEN International-მა და PEN Georgia-მ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა შეისწავლეს, რომელიც აჩვენებს, რომ დარტყმას არანაირი ზიანი არ მიუყენებია პოლიციელისთვის”, – წერია განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ რატიანის გათავისუფლებას ლიტერატურული საზოგადოების 200-ზე მეტი წევრი მოითხოვს.
საერთაშორისო პენცენტრი ასევე ყურადღებას ამახვილებს 29 ნოემბერს ზვიად რატიანის სასტიკი ცემის ფაქტზე და აღნიშნავს, რომ მაშინ სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა პოეტს მიუსაჯა.
„გათავისუფლების შემდეგ რატიანს საკუთარ სახლთან კვლავ თავს დაესხნენ და სცემეს”, – აღნიშნავს საერთაშორისო პენცენტრი და იხსენებს 2017 წელს პოლიციასთან ძალადობრივ ინციდენტს, რომლის შემდეგ ზვიად რატიანი ავსტრიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა.
„გასულ წელს საქართველოში დაწყებული პროევროპული, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები კვლავ დაუსჯელად მიმდინარეობდა პოლიციის ძალადობით, მათ შორის წამებითა და სხვა არასათანადო მოპყრობით. ჟურნალისტები იუწყებიან, რომ უსაფრთხოების ძალები განზრახ ემუქრებიან მათ, ზოგიერთ მათგანს სასტიკად ესხმიან თავს და ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად იყენებს ხულიგნობისა და თავდასხმის ბრალდებებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ადასტურებენ, თუ როგორ არღვევს სასამართლო პროცესები სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს”, – წერს საერთაშორისო პენცენტრი და მოუწოდებს „საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად დაიცვას ფუნდამენტური უფლებები”.
ამასთან ორგანიზაცია გამოყოფს ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის, საქმესაც და მის პატიმრობასაც არაპროპორციულს უწოდებს. საერთაშორისო პენცენტრი ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მოითხოვს მის გათავისუფლებას.