პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ჩორჩანას საგუშაგოს“ საქმეზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია დაიკითხა.
ყოფილი თანაგუნდელები ყოფილ პრემიერ-მინისტრს ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ურთიერთბრალდების ფონზე უსვამდნენ კითხვებს.
სხდომაზე გიორგი გახარიამ უარყო ბრალდებები, რომ დე-ფაქტო „საზღვრისპირა“ ჩორჩანაში საგუშაგო „უნებართვოდ“ და „შეუთანხმებლად“ აშენდა, როგორც ამას, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს. ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, რომ სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2019 წლის 16 სექტემბრის პრესრელიზი და ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას „არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი ტყეზე, რომელიც სოფელ ჩორჩანასთან მდებარეობს“. მანვე გაიხსენა, რომ 2019 წლის ივლისის ბოლოს საგუშაგოს ჩადგმამდე, დაახლოებით 3 კვირით ადრე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თბილისისა და გორის ოფისების ხელმძღვანელები შსს-ს შენობაში მოიწვია და გააცნო ის „ზუსტი კოორდინატები“, სადაც საგუშაგოები უნდა აშენებულიყო. გახარია ამბობს, რომ ამავე კოორდინატებზე ინფორმირებული იყო სუს-ის იმდროინდელი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაურიც.
„ეს ინფორმაცია არ დაწყებულა 1 ან 2 კვირით ადრე. ეს პროცესი დაიწყო 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში, რომელშიც ყველა იყო ჩართული. შექმნილი იყო გეგმა, განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც ამ საგუშაგოების ჩადგმის აუცილებლობა არსებობდა. ვერ ვპატრულირებდით და ამ პატრულირების აღსადგენად იყო საჭირო ეს საგუშაგო. გაკეთდა გეგმა. რა თქმა უნდა, ამ გეგმის შექმნაზე სუსიც მუშაობდა, მათი ანალიტიკურიც და შინაგან საქმეთა სამინისტროც…“ – თქვა გიორგი გახარიამ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კომისიის წევრებს განუმარტა, რატომ იყო საჭირო საგუშაგოების ჩადგმა ჩორჩანას ტყის მასივთან.
„კომისიის თითოეულ წევრსა და საქართველოს მოქალაქეს მინდა გავუზიარო შემდეგი ინფორმაცია – 2018 წელს ე.წ. ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტში დემილიტარიზაციის კომისიამ საფუძვლად აიღო 1922 წლის აპრილში გამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ ოლქის რუკა. ამ ხელოვნურ რუკაზე დააფუძნა გარკვეული კვლევები და ამათსავე აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაუგზავნეს ეს რუკა, როგორც საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი.
ეს ცხინვალის ოკუპირებული ხაზის გასწვრივ, რომელიც გახლავთ 350 კმ, 200 კვადრატული კილომეტრის პრეტენზიას წარუდგენდა საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიაზე. მე მინდა გითხრათ ერთი რამ – ეს არის 28 სხვადასხვა წერტილში პრეტენზია, რომელიც არსებობდა და ერთ-ერთი იყო ჩორჩანა, ერთ-ერთი იყო თრუსო.
პრინციპულად მინდა ხაზგასმით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, ზუსტად მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავდგით საგუშაგო ჩორჩანაში, 2019 წლის 2 სექტემბერს, ე.წ. ცხინვალის რეჟიმის გენერალურ პროკურატურაში აღიძრა საქმე ჩორჩანაში ჩვენ მიერ ჩადგმული საგუშაგოს გამო და იქ დაიწყო ზუსტად ის გამოძიება, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა აგრძელებს. ამის შემდეგ იმავე სექტემბერში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. პარლამენტში შექმნა ზუსტად ისეთი კომისია, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი…“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სხდომაზე კომისიის წევრები და გიორგი გახარია ერთმანეთს რამდენჯერმე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ალუდა ღუდუშაურმა ყოფილი თანაგუნდელი ქვეყნიდან გაქცევაში დაადანაშაულა.
„სიტყვები გააკონტროლე. გიორგი, ვინმეში არ აგერიო. მომისმინე ახლა კარგად… ხომ იცი, ეს სიმწრის სიცილია…შენ ხომ იცი, იმ მულტფილმისა არ იყოს, სულ რომ ძალით ლომი გინდოდეს, ვეფხვი გინდოდეს, მაინც იგივე ხარ. ბიჭო არ ვარ! საზოგადოება იმასაც დაინახავს, რომ ორჯერ შეგნებულად ითავხედე და მოგვაყენე შეურაცხყოფა…მესმის, რომ რთულია, შეგეშინდა, გაიქეცი, მოიტყუე, ამით ახლა შენგან ახალს ვერაფერს გაიგებს საზოგადოება, მაგრამ მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა საუბარი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კეთილი ინებეთ და დასერიოზულდით…“ – მიმართა კომისიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას.
ხაშურის რაიონში, საოკუპაციო „საზღვრისპირა“ სოფელ ჩორჩანაში, 2019 წლის აგვისტოში, პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ აქტუალური გახადა მიმდინარე წლის დასაწყისში. თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილმა საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიამ ამ თემის განხილვა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. „2019 წლის 20 ივნისის საქმის“ განხილვისას თეა წულუკიანმა დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში გიორგი გახარიას „ჩორჩანას საგუშაგოსთან“ დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.
გიორგი გახარიას ყოფილი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება იმდროინდელმა შს მინისტრმა, არც პრემიერ-მინისტრთან, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და არც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ სადამკვირვებლო მისიასთან არ შეათანხმა.
„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ გიორგი გახარიას ნაბიჯმა ქვეყანაში „ლამის ახალი ომი გამოიწვია“. პარტიის წევრთა თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმისგან ცხელი ხაზით მიიღო. მმართველი გუნდი ასევე ამტკიცებს, რომ „უწყებამ აიცილა საფრთხე, რომ იქ ცეცხლი არ გაეხსნა ვიღაცას და დაყენებული საგუშაგო არ დაეცხრილა“.
პარლამენტში მოქმედი დროებითი საგამოძიებო კომისიის გარდა „ჩორჩანას საგუშაგოსთან“ დაკავშირებით საქმე აღძრა პროკურატურამაც. გამოიკითხა სუსის იმდროინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც ახლა დროებითი კომისიის წევრია, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახი კახიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი და იმდროინდელი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე 2019 წელს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, დაიკითხება თუ არა კიდევ ერთხელ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ჩორჩანას საქმეზე“ დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, რომელსაც უფლებამოსილების ვადა, ბოლო მონაცემებით, 5 აგვისტომდე აქვს.
ბოლო რამდენიმე დღეა, ექსპრემიერის პარტიაში ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას „სამშობლოს ღალატის“ მუხლით აპირებს.