აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა.
ორშაბათი, 30 ივნისი, იყო ბოლო სამუშაო დღე 60-წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაციისთვის, რომელიც პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ ამერიკის საზღვრებს გარეთ კეთილდღეობის გაძლიერებისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით დააფუძნა.
როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, გაუქმებულია USAID-ის პროგრამების 83%, ხოლო დარჩენილი 17% მოქმედებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ, მემკვიდრე ორგანიზაციის სახელით გააგრძელებს – სახელწოდებით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.
მისივე თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ სააგენტოს თითქმის არაფრისთვის მიუღწევია და ხშირ შემთხვევაში, ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებისთვისაც კი შეუწყვია ხელი.
მარკო რუბიო წერს, რომ 1-ელი ივლისიდან USAID ოფიციალურად შეწყვეტს უცხოური დახმარების განხორციელებას, ხოლო დახმარების პროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციის პოლიტიკასა და ინტერესებს შეესაბამება, სახელმწიფო დეპარტამენტი გაუძღვება, სადაც ისინი უფრო მეტი ანგარიშვალდებულებით, სტრატეგიითა და ეფექტურობით განხორციელდება.
„ჩვენ არ მოვიხდით ბოდიშს იმის აღიარებისთვის, რომ ამერიკის ერთგულება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის, ჰუმანიტარული დახმარებისა და საზღვარგარეთ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართ, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის საგარეო პოლიტიკის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ამერიკელებმა არ უნდა გადაიხადონ გადასახადები შორეულ ქვეყნებში შეუმდგარი მთავრობების დასაფინანსებლად. მომავალში ჩვენი დახმარება იქნება მიზნობრივი და დროში შეზღუდული“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, ანტიამერიკული განწყობების გაღვივებასთან ერთად წლების განმავლობაში USAID-ის პროგრამები ხელს უწყობდა კომუნისტურ ჩინეთსა და სხვა გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან კავშირში მყოფ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. ხოლო, როგორც თავადვე განმარტავს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური დახმარების ახალი მოდელი, გააძლიერებს აშშ-ის ძალისხმევას, წინ აღუდგეს ჩინეთის ექსპლუატაციურ მიდგომას და წინ წაწევს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს მსოფლიოს ძირითად რეგიონებში.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სააგენტოს დახურვის შესახებ დაგმეს ბარაკ ობამამ და ჯორჯ ბუშმა, ყოფილმა პრეზიდენტებმა გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდეს.
ეს ნაბიჯი დაგმო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ და მკვლევარმა. სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ შეამციროს აშშ-ის უცხოური ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი, შესაძლოა 2030 წლისთვის დამატებით 14 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.
მკვლევრების პროგნოზით, ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ მყოფთა მესამედი ბავშვები არიან.