ნიკა გვარამიას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 2 წლით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა. განაჩენის გამოცხადებას თავად ნიკა გვარამია არ ესწრებოდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის’’ ლიდერს „ქართული ოცნების’’ ინიციატივით შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.
ნიკა გვარამია წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე ახსნა-განმარტებისთვის 8 აპრილის სხდომაზე იყო დაბარებული. პოლიტიკოსი კომისიაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც ბრალი წარუდგინეს.
სასამართლომ მას შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო, რომლის გადახდაზეც ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა. მოგვიანებით მას გირაო წინასწარი პატიმრობით შეეცვალა.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ პატიმრობა უკვე მიუსაჯა კიდევ ექვს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს: ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, გიორგი ვაშაძეს, გივი თარგამაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული ირაკლი ოქრუაშვილს.