სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 29 ივნისს მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად დედაქალაქის ქუჩებში ნაგვის ურნებისა და ლითონის ბარიკადები ააწყვეს, ასევე მდინარე სავაზე გამავალი ხიდი გადაკეტეს.
აქცია მას შემდეგ მოეწყო, რაც 28 ივნისს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მასშტაბური დემონსტრაცია ძალადობრივად დაშალა. დემონსტრანტები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. აქციის დაშლისას გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, ასევე ათობით სტუდენტი და მომიტინგე დააკავეს.
მოგვიანებით სერბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები მთავრობის სავარაუდო დამხობის აღკვეთისთვის გადაიდგა. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას 48 პოლიციელი დაშავდა. ასევე სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა 77 დემონსტრანტის დაკავებაზე, რომელთაგანაც 38 სისხლის სამართლის ბრალდებით პატიმრობაში რჩება.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა უარი თქვა ვადამდელ არჩევნებზე, ძალადობის წაქეზებაში ბრალი „უცხოურ ძალას“ დასდო და პოლიციას მადლობა გადაუხადა.
„სერბეთმა გაიმარჯვა. სერბეთს ძალადობით ვერ გაანადგურებ, როგორც ეს ზოგიერთს სურდა. სერბეთი არასდროს გაჩერდება. უნდა აღვნიშნო, რომ ვამაყობ სერბეთის პოლიციის პროფესიონალიზმით, რომელიც გასულ ღამეს უფრო მეტად გამოავლინეს. ვნახოთ, სხვები რას იზამენ. გუშინ პოლიციაზე თავდასხმის გამო უფრო მეტსაც დააპატიმრებენ. ეს არაა დასასრული. ყველა თავდამსხმელის იდენტიფიცირებაზე ვმუშაობთ“, – ამბობს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ 28 ივნისს აქციას 36 000 ადამიანი ესწრებოდა, თუმცა საზოგადოებრივი შეკრებების აღმრიცხავი დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის თქმით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციას დაახლოებით 140 000 ადამიანი დაესწრო.
სერბეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში ახლად გახსნილი რკინიგზის სადგური ჩამოინგრა და 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.