მთავარიმსოფლიოკავკასიადიპლომატიური დაძაბულობა მოსკოვსა და ბაქოს შორის

დიპლომატიური დაძაბულობა მოსკოვსა და ბაქოს შორის

ბაქო რუსეთზე განაწყენებულია და არც მალავს. მას შემდეგ, რაც ეკატერინბურგში საპოლიციო რეიდს  აზერბაიჯანის ორი მოქალაქის გარდაცვალება მოჰყვა, ქვეყანამ რუსეთის საპასუხოდ დიპლომატიურ დემარშს მიმართა. ილჰამ ალიევმა გააუქმა ყველა ის კულტურული ღონისძიება, რომლებსაც აზერბაიჯანში კრემლი და მისი მოკავშირე კერძო ინსტიტუტები აწყობდნენ.

მეტიც, აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციამ უარი თქვა რუს კოლეგებთან დანიშნულ კომისიაში მონაწილეობაზე, ოფიციალურმა ბაქომ კი რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი დაიბარა. დიპლომატს დაუყოვნებლივი განმარტება მოსთხოვეს. მითუმეტეს, რომ 2 გარდაცვლილის გარდა ურალში ჩატარებული ოპერაციისას აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, მათგან 10-მდე პირი კი დაშავდა.

„გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ 27 ივნისს, ეკატერინბურგში, აზერბაიჯანელების სახლებში ჩატარებული რეიდების გამო, რომელთა შედეგადაც, ჩვენი თანამოქალაქეები დაიღუპნენ. რამდენიმეს კი სხეული მძიმედ დაუზიანდა, 9 მათგანი დააკავეს. ველით რუსეთის მხრიდან ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და ამ დაუშვებელ ძალადობრივ აქტში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, უმოკლეს ვადებში”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეს ყველაფერი არ არის. მალევე აზერბაიჯანის პოლიცია რუსული გამოცემა „სპუტნიკის” აზერბაიჯანულ ფილიალში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. შედეგად ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია „სპუტნიკის” ხელმძღვანელი იგორ კარტოვიხი და მისი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი. საქმე იმაშია, რომ ბაქომ თებერვალში „სპუტნიკს” თანამშრომლების რაოდენობა 40-დან 1-მდე შეუმცირა, რაც პრაქტიკულად მისი ლიკვიდაცია იყო. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ოფისში თანამშრომლები ჩვეული დღის წესრიგით დადიოდნენ. რუსეთის საგარეო უწყებამ მომხდარს არამეგობრული ნაბიჯი უწოდა და რუსი ჟურნალისტების დაკავებაც უკანონოდ შეაფასა. ჩანს, რომ მოსკოვი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ყველაფრის საპასუხოდ კრემლში კვლავ ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მძიმე დანაშაულთან ჰქონდათ კავშირი.

„ამჟამად დღის წესრიგში ამგვარი საუბარი არაა გათვალისწინებული, თუმცა მეორე მხრივ, თუ საჭირო გახდა, ეს მოკლე დროში მოხდება. გულწრფელად ვწუხვართ ამგვარი გადაწყვეტილებების გამო, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა იმ მომხდარის მიზეზებისა და ხასიათის განმარტებაზე, რომლებიც აზერბაიჯანის მხრიდან ამგვარი დემარშის საფუძველი გახდა. ვთვლით, რომ ყველაფერი რაც ხდება, უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას და ეს ვერ იქნება და არ უნდა გახდეს ამგვარი რეაქციის საბაბი. ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ გავაგრძელოთ აზერბაიჯანთან ჩვენი კეთილგანწყობილი ურთიერთობების განვითარება”, – აღნიშნავს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი.

ეს ურთიერთობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბაქოს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებით მოსკოვთან ურთიერთობებში მეტი ფუფუნება მიეცა, იმის თავისუფლება, რომ შეხედულებებისამებრ ემოქმედა. რა მოხდება მოსკოვსა და ბაქოს შორის? – არის ეს  ხანგრძლივი დაპირისპირების პროლოგი თუ დიპლომატიური დაძაბულობა – განმუხტვის პერსპექტივით. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ევრონიუს ჯორჯიასთან დიპლომატიურ კონტექსტს ხსნის.

„ბაქოსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა დიდი ხანია არსებობს. პრაქტიკულად 2020 წლიდან, უკვე 5 წელი გადის მას შემდეგ, რაც ბაქომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მოეგვარებინა ისე, როგორც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ. ის ჩაეხსნა რუსეთს, რუსეთის ტყუილებსა და კონცეფციებს და აიყვანა მოკავშირედ თურქეთი, რომელიც მას მხარში ამოუდგა, გაამყარა მისი პოლიტიკური თუ დიპლომატიური საყრდენები და კავკასიაში გამოჩნდა ახალი ჩრდილი თურქეთის სახით. მას შემდეგ აზერბაიჯანი რუსეთთან ეძებს და პოულობს პარტნიორულ ურთიერთობებს, არა პატრონ-ყმურ ურთიერთობებს, რომლებსაც რუსეთი ალაგებს ყველა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანასთან, გარდა ბალტიისპირეთისა.

ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში, ეს კატასტროფაა, მაგრამ სხვა ყველასთან, ვისთანაც არ აქვს ომი, მასთან აქვს ისეთი ურთიერთობა, რომ მე ვარ შენი პატრონი, შენ კი ჩემი ყმა. სამწუხაროდ, ეს ვრცელდება საქართველოზეც უკვე. ამ ფონზე აზერბაიჯანი გამონაკლისია, რომელიც ცდილობს, რუსეთს ესაუბროს როგორც ტოლი-ტოლს, რაღაც დაუთმოს, რაღაც არ დაუთმოს. პირველად არ ხდება ასეთი დაპირისპირება, გვახსოვს, როცა რუსეთმა ჩამოაგდო აზერბაიჯანული თვითმფრინავი და მოიქცა ამორალურად, როდესაც არც კი ჩათვალა საჭიროდ, აეხსნა, თუ რა მოხდა და ამის გაკეთება შემდეგ მოუწია.

როდესაც არ შეუშვა აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები რუსეთში და საზღვრიდან უკან გამოაბრუნეს, როდესაც ალიევი მოსკოვში არ ჩავიდა 9 მაისს – ეს სერიოზული გამოწვევა იყო. ყველგან, სადაც აზერბაიჯანს სურს, რუსეთს აჩვენოს, რომ მასთან არ გამოუვა პატრონ-ყმური ურთიერთობა, ამას აკეთებს კიდეც და ასეც გაგრძელდება. ბაქოს პოზიციები მყარი და მდგრადია. ბაქო არ სპეკულირებს და მხოლოდ მაშინ უტევს რუსეთს, როდესაც აშკარად მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი უპირატესობა აქვს. არაა ჭორებს აყოლილი და არ ეძებს რუსეთთან დაძაბულობას, ეს კარგი სტილია”, – აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

ნათელია, რომ მოსკოვი კავკასიაში ძველ პარტნიორებს კარგავს. მათ შორის ისტორიულ მეგობარ სომხეთს, რომელთანაც ურთიერთობები სწორედ ყარაბაღის ომის შემდეგ განსაკუთრებით დაეძაბა.

„რუსეთი კარგავს კავკასიას და მხოლოდ თბილისში არ ესმით ეს, ყველგან ამას ხედავენ და ელოდებიან, თუ როგორ მოქმედებენ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები. სომხეთიც კი, რომელიც ყველაზე მეტადაა ჩაბმული რუსეთზე და მის ტერიტორიაზე, იმყოფება ერთადერთი ლეგიტიმური სამხედრო ბაზა გიუმრიში, დღევანდელი ხელისუფლება მკაფიოდ და პრინციპულად ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს რუსეთისგან, რამდენადაც ეს შეუძლია.

აზერბაიჯანს რაც შეეხება, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა დრო გაწელოს და შემდეგ კონტექსტში რაღაც შეხვედრა დაიგეგმოს. აზერბაიჯანსაც სჭირდება რუსეთთან კარგი ურთიერთობები, ამ მხრივ კასპიის ზღვის კონტექსტი მნიშვნელოვანია, თუმცა ის არ აპატიებს რუსეთს ქედმაღლურ ურთიერთობას. საქართველოსგან განსხვავებით რუსეთს არ აქვს ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიები, შესაბამისად, არ არსებობს ეგზისტენციალური დაპირისპირება რუსეთთან. ამიტომ აზერბაიჯანს შეუძლია, თამამად ელაპარაკოს და დაუთმოს, ან არ დაუთმოს რაღაცები”, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ბოლო ინციდენტი ბაქოსა და მოსკოვს შორის, რომელიც ყაზახეთში რუსეთის მიერ  აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდებოდა, პუტინის ბოდიშით ამოიწურა. თუმცა როგორც ჩანს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში ამან ღრმა კვალი დატოვა. ეკატერინბურგის ეპიზოდმა კი, მოსკოვსა და ბაქოს შორის დაძაბულობის ახალი კერა გააჩინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend