მთავარისაქართველოაქციებისას დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესს მედია ვერ იღებს

აქციებისას დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესს მედია ვერ იღებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესს მედია ვერ იღებს – ჟურნალისტებს ამ და სხვა სხდომების ვიდეო, ფოტო თუ აუდიოგადაღების უფლება არ აქვთ.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ახლა სასამართლო პროცესების გადაღებაზე ნებართვას მედიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო აძლევს, თუმცა ჟურნალისტებს საბჭოსგან სხდომის გადაღებაზე ნებართვასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღიათ. ახალი კანონით, შეზღუდულია სასამართლოს დერეფნებსა და ეზოში მუშაობაც კი. ამიტომ ყველა ჟურნალისტი, რომელსაც თან კამერა ჰქონდა, დღეს, 30 ივნისს, სასამართლოს ჭიშკარს მიღმა დარჩა.

აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა და მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. მხარეებმა დღეს პროკურატურის კიდევ ოთხი მოწმის ჩვენება მოისმინეს. ამ დროისთვის კი, სხდომაზე წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ.

მხარეთა კითხვებს დღეს გრიგოლ კაჭკაჭიშვილმა, გიორგი ქაჩლაშვილმა, ემილ კუპრავამ და ირაკლი გახარიამ უპასუხეს. ისინი პოლიციელები არიან და საქმეში ბრალდებულთა დაკავებასა თუ ჩხრეკაში მონაწილეობდნენ.

სხდომას ესწრებიან საზოგადოებრივი ადვოკატებიც. ისინი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულთა ნების საწინააღმდეგოდ 24 ივნისს დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ წინა სასამართლო სხდომაზე საზოგადოებრივმა ადვოკატებმაც მოითხოვეს თვითაცილება, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ სასამართლო საქმის განხილვას მათთან ერთად გააგრძელებს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend