თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძეს „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 2 წლის ვადით თანამდებობის დატოვებაც აეკრძალა. სხდომას თავად გივი თარგამაძე არ ესწრებოდა. მოგვიანებით იგი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით ფეხით მივიდა. მას ხელბორკილები პოლიციის შენობის შესასვლელთან დაადეს.
პოლიტიკოსი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტებისთვის 3 აპრილს დაიბარეს. გივი თარგამაძე კომისიაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც ბრალი წაუყენეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-დარიანი გირაო შეუფარდა.
გივი თარგამაძეს, ისევე როგორც არაერთ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდნენ, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
იგი მეხუთე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც სასამართლომ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა შეუფარდა. აქამდე ამავე მიზეზით პატიმრობა მიესაჯა ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, გიორგი ვაშაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. გარდა ამისა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ოქრუაშვილს.