მთავარისაქართველოევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა

ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა

ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სახელწოდებით – „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“.

სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატებმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და მას „სერიოზულად შემაშფოთებელი“ უწოდეს. მათივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება „პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა“.

„ევროპის სახელმწიფოდ ყოფნა არ გხდით თქვენ ევროპის გაერთიანების წევრებად და არ გაძლევთ რაიმე უფლებებს – რუსეთმა და ბელარუსმა ეს კარგად იციან. ამიტომაც ვართ აქ პარლამენტარები დღეს. კონვენციები ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახება, რომელთა წინაშეც ჩვენ ჩვეულებრივ დემოკრატიულ წყობილებაში პასუხისმგებლობა გვაკისრია….

მოდით, ნუ დავივიწყებთ ფასს, რომელსაც ბევრი ქართველი იხდის დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისთვის. არ უნდა არსებობდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძისა და სხვა პირების წინააღმდეგ. ნება მომეცით, გავიმეორო გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის სიტყვები, რომ ოპოზიციონერების დაკავება არის თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომლებიც ყოველდღიურად ირყევა. ამ საკითხს სერიოზულად უნდა შევხედოთ. ანიტა ჰიპერის [ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში] თქმით, ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ეწინააღმდეგა დემოკრატიული ღირებულებების საფუძვლებს. ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა – იმის საწინააღმდეგო, რასაც მოველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. უნდა არსებობდეს ინკლუზიური დიალოგი და ეს სწორედ ის არის, რისკენაც მოუწოდებენ გაერთიანებული სამეფო და ეუთო/ოდირი. ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,  – განაცხადა სტივენ გეთინსმა, პარტია ALDE-ს წევრმა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობაზე საუბრისას, ერიკ ნილს კროსმა, ესტონეთის პარლამენტის წევრმა ევროპელ ლიდერებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, 200-დღეზე მეტია ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოხატავს პროცესს, თუმცა, როგორც ის ამბობს, მათი „არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა“.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩემი გამოსვლა სუსტი გულებისათვის არ არის, მაგრამ არც საქართველოში არსებული ვითარებაა მათთვის. ჩემი კითხვა ასეთია – კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, რომ რეალური ნაბიჯი გადავდგათ და ვიმოქმედოთ?! რა თქმა უნდა, მინდა გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელი დავუძახოთ. ჩვენ ვიყენებთ ტერმინს „დემოკრატიის უკუსვლა“ – მაგრამ ეს არ არის დემოკრატიის უკუსვლა. ის, რასაც ვუყურებთ არის რუსული სტილის, და ალბათ რუსეთის მიერ მართული და მხარდაჭერილი, საქართველოს მითვისებაა. ეს არის სახელმწიფოს ხელში ჩაგდება ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც შთაგონებულია და მართულია მოსკოვიდან და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება.

უკვე 200 დღეზე მეტია ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოხატავს პროტესტს ევროკავშირის დროშების ქვეშ. არ შესრულებულა მათი  არცერთი მოთხოვნა – არც ერთი! ახლა კი ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გავაკეთეთ ჩვენ: იანვარში ამ ასამბლეამ პირობითად დაამტკიცა საქართველოს დელეგაციის მანდატები ოთხი ძირითადი მოთხოვნით: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიების შეწყვეტა, პოლიციის ძალადობის გამოძიება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

და რა იყო პასუხი? — „ქართული ოცნების“ დელეგაცია ასამბლეიდან გავიდა, რადგან ეწყინათ. ხოლო რეჟიმი  გამწვავდა. არაფერი შესრულებულა. პირიქით – ბიძინა ივანიშვილის ე.წ. მთავრობას საქართველო დემოკრატიისგან 180 გრადუსით საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავს – მიჰყავს ავტორიტარიზმისკენ. „ქართული ოცნება“ სწრაფად ამყარებს ავტორიტარულ ძალაუფლებას. მხოლოდ ამ კვირაში შვიდი ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს, გაასამართლეს და აუკრძალეს პოლიტიკური საქმიანობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეუძლიათ“ – თქვა ერიკ ნილს კროსმა, ესტონეთის პარლამენტის წევრმა.

ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, ტეკე პანმანმა სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

„გასული წლის 26 ოქტომბერს პატივი მერგო, ეუთოს საარჩევნო დამკვირვებელი ვყოფილიყავი საქართველოში. რაც ვნახე, იყო გამორჩეულად ლამაზი ქვეყანა, სავსე თბილი და სტუმართმოყვარე ადამიანებით. არ მიკვირს, რომ ძალიან ბევრს სურს, წარმოადგინოს საქართველო – წაიყვანოს იგი წინ და გაუძღვეს მას უკეთესი მომავლისკენ.

„ქართული ოცნება“ ხალხს დაჰპირდა თანამედროვე, ევროპულ მომავალს. ქვეყნის მასშტაბით, ევროპის დროშა იქცა იმედის ძლიერ სიმბოლოდ – იმის შეხსენებად, თუ როგორი როგორია საქართველოს მისწრაფება.

თანამედროვე ევროპული ქვეყანა დაფუძნებულია ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ პროცესზე. მაგრამ დემოკრატიის გზა ყოველთვის ერთგვაროვანი არ არის. საარჩევნო პროცესს თან ახლდა დაშინება და სხვა არასამართლიანი პრაქტიკები.

მას შემდეგ, რაც ეს არჩევნები ჩატარდა, ვხედავთ, რომ დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. ჟურნალისტები და ოპოზიციის წევრები ზეწოლისა და დევნის ქვეშ მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების გამო არიან.

მინდა მკაფიოდ ვთქვა: ხმების ჩახშობა არ არის ძალის მაჩვენებელი – ეს სისუსტისა და გაურკვევლობის ნიშანია. ძლიერი ლიდერები არ უშინდებიან დიალოგს. ძლიერ ლიდერებს არ ეშინიათ საკუთარი ხალხის ხმის. ისინი დებატებს მიესალმებიან, რადგან იციან, რომ თავისუფალი საზოგადოება უფრო ძლიერი საზოგადოებაა.

საქართველოს ლიდერებს მინდა ვკითხო: გსურთ, რომ თქვენი მოქალაქეები შიშში ცხოვრობდნენ, თუ გინდათ, პატივს გცემდნენ, გაფასებდნენ, და წინ მიუძღვებოდეთ ქვეყანას თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ?” – თქვა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, ტეკე პანმანმა.

მიმდინარე წლის 10 აპრილს, საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, შექმნას პირობები დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის და გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend