კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებები პარლამენტმა 25 ივნისის პლენარულ სხოდმაზე პირველი მოსმენით მიიღო.
კანონში ცვლილება რამდენიმე მიმართულებით შევა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხია მედიის მუშაობის შეზღუდვა სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე. ამ ცვლილებებით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და ეზოში, მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. პროექტში წერია, რომ:
1 – სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.
2 – სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არეწინააღმდეგება კანონს.
3 – სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით”
კანონის ავტორები „ქართული ოცნებიდან“ ამბობენ, რომ ჟურნალისტები ზედმეტად თავისუფლად მოქმედებენ და რომ ისინი ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით იღებენ ამ ცვლილებას.
„რომელ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყანაშია ასე, რომ მაგალითად, ჟურნალისტი კორიდორ-კორიდორ და კაბინეტ-კაბინეტ დადის საკანონმდებლო ორგანოში. აღარაფერს ვამბობ მართლმსაჯულებასა და სასამართლო პროცესებზე. დავასახელოთ რომელი ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობაც გნებავთ – სად შეუძლია ჟურნალისტს შევიდეს პროცესზე ნებისმიერ დროს, გააშუქოს, მათ შორის – იძალადოს და ა.შ. არცერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი რამე. ჩვენ ვცდილობთ თავსმოხვეული, ლიბერალური „დიფ სთეითიდან” კანონმდებლობა შევცვალოთ და ევროპულ ღირებულებას დავუბრუნდეთ. ეს არის ჩვენი იდეა, რომ როგორც წამყვან, ევროპულ ქვეყნებშია, ჟურნალისტს ცივილიზებულად აქვს გაშუქების უფლება, მაგრამ არა ყველგან შესვლის უფლება. აქედან გამომდინარეა ზუსტად ეს ცვლილებები, რაც ადაპტირებული და აპრობირებულია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ განაყოფი პარტიის „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაჩქარებულ ცვლილებებს აკრიტიკებს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი საკანონმდებლო სივრცეს, სასამართლო სისტემასა და მედიის დამოუკიდებლობასაც დააზიანებს. ომბუდსმენი თვლის, რომ ამ ცვლილებით გამოხატვისა და ინფორმირების ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებები შეიზღუდება.
„სამწუხაროდ, პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული საქვეყნოობის პრინციპი არსებითად იცვლება და ღიაობის ნაცვლად, ძირითად წესად აკრძალვა მკვიდრდება.
ინიცირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს, რომლის თანახმადაც სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვისას ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებდნენ სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირები.
ყურადსაღებია, რომ ასეთი პრაქტიკა, მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დამცველმა 2007 წლის საპარლამენტო ანგარიშში. [1]
სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013 წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს – არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით“, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
„მედიის ადვოკატირების კოალიციაში“ პრობლემებს მრავალი მიმართულებით ხედავენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის, მამუკა ანდღულაძის განცხადებით, ამ პროცესით პირველ რიგში საზოგადოება დაზარალდება, რადგან დახურული სასამართლო სისტემა და შეზღუდული მედია, მოსახლეობის ინფორმირების დახშობას ნიშნავს.
„სასამართლო სხოდმების გაშუქება პირველ რიგშ მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის. რომ მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით, ხალხმა იცოდეს, როგორ მიმდინარეობს მართლომსაჯულების აღსრულება. მაგალითად, რამდნეიმე დღის დააკავეს ყოფილი მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით, რაზეც მანამდე მედია საუბრობდა. ჟურნალისტები აშუქებდნენ მის სავარაუდო კორუფციულ საქმიანობას. ამ კანონით, ამას ვერ გააშუქებდა მედია. ყოველდღიურად მიმდინარეობს ისეთი სასამართლო პროცესები გახმაურებულ საქმეებზე, რომლის გაშუქებაც არის მედიის, ჟურნალისტის პროფესიული ღირსება. აბა სასამართლო სხდომები, აქციები თუ არ გააშუქე, რაღა მედია და რა ჟურნალისტიკაა. პოლიტმატიმრები რომ გყავს და მათი სასამართლო მიმდინარეობს, ამის არ გაშუქება, პროფესიული ღირსების საკითხია. პრაქტიკულად გტოვებენ სამთავრობო პროპაგანდის არეალში, რომ რაც პარტიას მოუნდება, იმაზე ისაუბრო. ძალიან ცუდ და საშიშ გზას ადგას „ქართული ოცნება“ ქვეყნისა და საზოგადოების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
ამავე კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. კანონის მიღება დაჩქარებლად ხდება და დიდი ალბათობით ამავე კვირაში, საგაზაფხულო სესიიის ამუწარვამდე დაამტკიცებენ.
ავტორი: ალეკო გვეტაძე