მთავარისაქართველომორიგი განაჩენი ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ

მორიგი განაჩენი ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ

თავისუფლების აღკვეთა 7 თვით და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა 2 წლით – ასეთია მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განაჩენი კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის, საქმეზე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის შემთხვევაშიც განაჩენის მიზეზი „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაა.

სხვა პოლიტიკოსების მსგავსად სასამართლო დარბაზში არც გიორგი ვაშაძე მისულა და სამართალდამცველებს პარტიის ოფისში დაელოდა. იქ მივიდნენ ზოგიერთი ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. განჩინების გაცნობის შემდეგ გიორგი ვაშაძეს ხელბორკილები დაადეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქამდე კი მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ციხეში მე და სხვა კი არა, გინდა, მთელი ქვეყანა გამოკეტო, არ გაგივა!

ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. შენ შენი კობახიძეებითა და სხვა ადამიანებით ჩვენს გატეხას ვერასდროს შეძლებთ. გგონია, პატიმრობით შეგვაშინებ?! შენი არავის ეშინია! შენც, მთელი შენი გარემოცვაც არარაობები ხართ! ადამიანები ხართ, რომლებიც საპოლიციო რეჟიმს ხართ ამოფარებული, ქუჩაში გასვლის და ადამიანების თვალებში ჩახედვის გეშინიათ. რა გააკეთეთ ამ ქვეყანაში? სად არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა, სადაა საქართველო, რომელიც მაგალითი იყო რეფორმების? რამდენი სამუშაო ადგილი შექმენით? ერთადერთი, რაც გააკეთეთ, ციხეებს ავსებთ პოლიტიკური და „სინდისის პატიმრებით“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

უკვე პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა საბოლოო განაჩენს ელოდებიან კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები – ნიკა გვარამია და ნიკა მელია. მოსამართლემ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება 30 ივნისს უნდა გამოაცხადოს. ოპოზიციონერი სხდომაზე დასწრებას კვლავ არ აპირებს.

თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით გრძელდება ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს საბოლოო განაჩენს 4 ივლისს გამოუცხადებენ. ამასთან, ადვოკატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ბრალი წარუდგინეს, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული არ არის.

„საქმე ეხება, ყოფით, ბანალურ შემთხვევას, ორი წლის წინ მეზობელთან მომხდარ საკითხს. მეტი არაფერი არ ვიცი. ნიშანდობლივი ის არის, რომ ორი წლისწინანდელი ბრალის წარდგენა ახლა, ასეთ ვითარებაში გადაწყვიტეს, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს“, – თქვა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოპონენტების დაკავებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სამართლებრივ დევნად აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ უშუალოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიზანი ოპონენტებით „ციხეების გავსებაა“.

„ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველა გაუშვას ციხეში. მივმართავ საზოგადოებას, რომლებიც ხშირად კითხულობენ, სად არიან პოლიტიკოსები? – ისინი არიან ციხეში“, – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

„დღეს შიდაპოლიტიკური კინკლაობის ადგილი არ არის. ერთიანობა არის ერთადერთი პასუხი, რასაც იმსახურებენ ნიკა, ნიკა, ზურა, ბადრი, მამუკა და ახლა უკვე გიორგიც…“ – თქვა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

„მე საქართველო შეიძლება ბევრნაირი წარმომიდგენია, მაგრამ არასოდეს და ვერასოდეს წარმოვიდგენ დამონებულ, დაბეჩავებულ და გაჩუმებულ საქართველოს, სადაც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში თუ სხვაგან სიტყვის თქმას გვიკრძალავენ. ეგეთი თბილისი და ეგეთი საქართველო მე ვერ წარმომიდგენია…“ – ამბობს „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დიქტატურის გზას უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„სასამართლოები, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული დევნა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა. ივანიშვილმა აირჩია ძალაუფლების შენარჩუნება დიქტატურის გზით და ყოველ დღე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს არ არის ერთი ჯგუფის პრობლემა — ეს არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის. ხვალ ნებისმიერი შეიძლება თავად გახდეს რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოს მოქალაქეები არ დავნებდებით!“ – ნათქვამია 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური პატიმრები ქვეყანას 2012 წლის შემდეგ არ ჰყოლია.

„როდესაც კონსტიტუციური ორგანო, დროებითი საგამოძიებო კომისია გიბარებს და გეუბნება: „მობრძანდი, გაეცი პასუხი კითხვებზე“ და შენ არიდებ თავს, აუცილებლად მოგიწევს პასუხისგება. ეს ყველაფერი არის განსაზღვრული კანონში…“ – ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი.

„პოლიტიკური დევნის განმარტებაც არ იცის ამ ხალხმა. როცა გაკოტრებული ხარ პოლიტიკოსი, მერე ყველაფერს აბრალებ დედამიწაზე შენს წარუმატებლობას. პოლიტიკური დევნა ნიშნავს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო რომ დაიჭერენ ადამიანს. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო არ არის ეს ხალხი დაჭერილი. ეს ხალხი დაჭერილია იმისთვის, რომ ჩაიდინეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული…“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

დროებითი კომისიის თავმჯდომარე უკვე პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერებსაც აფრთხილებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ხელახლა აღძრავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend