მთავარისაქართველო“თუ ევროპა სერიოზულად გეგმავს ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის შექმნას, მაშინ საქართველო მისი განუყრელი...

“თუ ევროპა სერიოზულად გეგმავს ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის შექმნას, მაშინ საქართველო მისი განუყრელი ნაწილია” – მაიკლ კლარკი საქართველოსა და ევროპაზე

როგორი იქნება ევროპა მას შემდეგ, რაც კონტინენტზე უსაფრთხოების არქიტექტურა ფორმირებას დაასრულებს? ამ კითხვაზე პასუხი დღევანდელ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. განხილვები საქართველოშიც მიდის. “ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას” – ამ სათაურის ირგვლივ დისკუსიებში ევროპის საკითხებზე მომუშავე მკვლევრები ჩაერთნენ. გეოპოლიტიკურ ცვლილებებში საქართველოს როლი მათთვის ნათელია, ისევე როგორც ამ გზაზე არსებული გამოწვევები.

ევროპული უსაფრთხოება ამ წუთას გზაჯვარედინზე დგას, რადგან ტრანსატლანტიკური ურთიერთობები სწრაფ ევოლუციას განიცდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპელებმა ძალიან განსხვავებულად უნდა იფიქრონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს კი გულისხმობს ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ასევე საკვანძო ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი,საფრანგეთი,გერმანია თუ იტალია. უკრაინაზე 2022 წლის აგრესიის შემდეგ, რუსეთის წინაშე უკან დასახევი გზა ევროპას არ აქვს. თუ ევროპული ქვეყნები მართლაც სერიოზულად არიან განწყობილნი ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის შექმნით, რათა თავი უფრო ეფექტურად დაიცვან, მაშინ საქართველო ამ პროცესის განუყრელი ნაწილია. აშშ-ის გარეშეც რომ განვიხილოთ, ევროპა არის 400 მილიონიანი საზოგადოება, რუსეთზე 12-ჯერ მდიდარი. საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის კი უმნიშვნელოვანესია იყოს ამ ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის ნაწილი. ისტორიული კითხვა იმაშია, არის თუ არა ევროპა, როგორც ერთობა მზად, რეალურად აიღოს კონტროლი საკუთარ უსაფრთხოებაზე და მომავალზე, რადგან ის საკმაოდ ნელი იყო ამ პროცესში, მაგრამ ახლა დრო აღარაა. ვაკეთებთ თუ არ ვაკეთებთ ამას? – ეს გვეცოდინება შემდეგ 18 თვეში ან 2 წელიწადში. ქართველი ხალხის სურვილი უნდა იყოს ფუნდამენტური ფაქტორი იმისა, თუ საით უნდა იაროს საქართველომ. ევროპა,რომელშიც ბოლო 30 წელია ვცხოვრობდით, საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს აძლევდა ნებას აერჩიათ ან ერთი მხარე, ან მეორე, რაც მისაღები და მოქნილია, ვიდრე ამის საშუალება არსებობს. მაგრამ სამყარო, რომელშიც ახლა ვაბიჯებთ, შექმნის ახალ გამყოფ ხაზს რუსეთის გავლენის სფეროებსა და თავისუფალ ევროპულ სივრცეს შორის. არ მგონია, რომ საქართველომ მოახერხოს ორივესგან განდგომილობა. იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ ვეჭვობ, მომდევნო 4-5 წელიწადში საქართველოს მოუწევს გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება, იღებს რუსეთის გავლენის სფეროს, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, თუ გააღწევს და გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს, ისეთს, როგორსაც აქამდე დგამდა, რომ გახდეს დასავლური, ლიბერალ-დემოკრატიული ევროპის ნაწილი. ვფიქრობ, ეს დრამატული მომენტია ქართველი ხალხისთვის, ვუსურვებ მათ სწორი არჩევანის გაკეთებას”- აღნიშნავს ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას ლონდონის, კინგსის კოლეჯის პროფესორმა, დოქტორმა მაიკლ კლარკმა.

ქართველი ხალხის არჩევანი ცნობილია. მოსახლეობის 80%-ზე მეტი საკუთარ თავს ევროპის ნაწილად ხედავს და ევროინტეგრაციის პროცესის მომხრეა. საჯარო განცხადებებში, საქართველოს ხელისუფლებაც იმავეს ამბობს, თუმცა საქმით – ევროკავშირთან ურთიერთობა ასე დაბალ ნიშნულზე ბოლო ათწლეულია არ ყოფილა. ეს ყველაფერი კი კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ და მაშინ, როდესაც ქვეყანას გეოპოლიტიკური წინსვლის შანსი გაუჩნდა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ შიდა პოლიტიკის გაჯანსაღების გარეშე ქვეყანა საგარეო ასპარეზზე ვერაფერს შეცვლის.

“ყველა ევრომაღალჩინოსანი გეტყვით,რომ ევროინტეგრაციის პროცესი რეალურად საშინაო საკითხია. იმის მიუხედავად ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი თუ არა, გაწევრებაზე მოლაპარაკებები  დაწყებული აქვს მას თუ არა, სწორედ მთავრობას ევალება რეფორმების გატარება. არა მხოლოდ მათ, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებასაც. ამის გარეშე პროგრესი არ იქნება. ვაკვირდები, რომ საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესი შენელდა. იქნება ეს მთავრობის არჩევანი თუ სხვა გეოპოლიტიჯური გარემოება, ამას  მნიშვნელობა არ აქვს არაფერი მოხდება თუ საქარათველო თავად არ განაგრძობს სვლას კონკრეტული მიმართულებით. არსებობს წუხილი იმაზე, თუ რა იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, როდესაც ომი უკრაინაში დასრულდება. თუ რუსეთი თავს უფლებას მისცემს გამოაცხადოს თავი გამარჯვებულად, მისი გაჩერება გაჭირდება. რამდენიმე წელიწადში რუსეთი კვლავ იმოქმედებს, სწორედ ეს დრო აქვთ რეგიონის ქვეყნებს, რომ თავად იმოქმედონ, შეარჩიონ და  შექმნან ალიანსები. რუსეთის საფრთხე დიდი ხანი იარსებებს”- ამბობს, კადირ ჰასის უნივერსიტეტის პროფესორი, მუსტაფა აიდინი.

ქართულ ანალიტიკურ წრეებში ევროკავშირის გზაზე საქართველოს შემაფერხებელ მიზეზებს ნათლად ხედავენ. მათთვის ევროპული საქართველოსთვის მთავარი დაბრკოლება პარტია “ქართული ოცნებაა”. მათი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ ისტორიული შანსები ხელიდან გაუშვას და ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ ხდება.

“პრობლემა იმაშია,რომ საქართველო ყველა სიგნალს უგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენ ეს აღარ გვსურს. ეს ხდება უმაღლეს სამთავრობო დონეზე,როგორც არაოფიციალურ ისე მაღალ დონეებზე. ნატოსთან საერთოდ გაჩერებულია თანამშრომლობა, ევროკავშირთან კი ოფიციალური განცხადება გვაქვს გაკეთებული. ყველაზე ცუდი კი ისაა,რომ უკრაინის კრიზისიდან გამომდინარე,რაღაც ფანჯრები იღება, იგივე იყო, რამაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვიტანა.ზუსტად ჩვენი ასეთი ქცევის გამო სამწუხაროდ, ასეთი პირი უჩანს,რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვერ ვისარგებლებთ ვერაფრით. ასე თუ გაგრძელდა, არის ალბათობა, რომ შესაძლოა კანდიდატის სტატუსი გაიყინოს. მისი უკან წაღების მექანიზმი ძალიან რთულია,მაგრამ გაყინვა შესაძლებელია. რა თქმა უნდა,ნატოსთან არანაირი პროგრესი არ გვექნება, რაც გვტოვებს მარტოს, ერთი-ერთზე რუსეთთან”- ამბობს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე.

იმედს არ კარგავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში. პაველ ჰერჩინსკის საკუთარი პერსპექტივის გაზიარების საშუალება დღეს “უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის” დისკუსიაზე მიეცა. ბრიუსელის გზავნილი უცვლელია, ყველაფერი საქართველოს ხელშია.

დღევანდელი სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, ის უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ევროპას კი სჭირდება ცვლილებები და ადაპტირება. ამ დებატებში ქართველების ხმა მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა, გულწრფელად ვიმედოვნებთ რომ ერთ დღესაც საქართველო ერთ-ერთი ჩვენგანი გახდება”– თქვა კონფერენციის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

ვიდრე საქაერთველოში შიდა პოლიტიკურ კრიზისია, ევროპა საკუთარ მომავალზე მსჯელობას განაგრძობს. 2030 წელი კი ის ვადაა, რომელიც ოდესღაც, კონტინენტის ყველაზე სკეპტიკოსმა სახელმწიფოებმა გაფართოებისთვის დასახეს. შეთავაზება “ლისაბონიდან თბილისამდე” ძალაშია, არჩევანი კი საქართველოს ხელში რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend