მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ ბრალდებულთათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, სავალდებულო წესით გადასინჯა და გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ბრალდებულთათვის შეფარდებული პატიმრობა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გათვალისწინებით ძალაში უნდა დარჩენილიყო.
დაცვის მხარე სხდომაზე პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიული სახის გამოყენებას სთავაზობდა. ადვოკატები განმარტავდნენ, რომ ბრალდებულთა პატიმრობა დაუსაბუთებელია და რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა.
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვამდე სხდომაზე ბრალდების მოწმეები გამოიკითხნენ. პროცესზე ოთხ მოწმეს მოუსმინეს.
გამოიკითხა ჰამლეტ სულუხია – პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელი. მან თქვა, რომ 28 ნოემბერს დაწყებული დემონსტრაციების შედეგად პარლამენტის შენობის ,,გარკვეული ინფრასტრუქტურა” დაზიანდა. მისივე თქმით, ზარალმა ჯამურად 98 000 ლარზე მეტი შეადგინა.
მხარეთა კითხვებს უპასუხა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა, მიხეილ მუმლაძემაც. იგი საპროტესტო აქციებისას დაზიანებულ საგზაო ნიშნებს აღწერდა. მისი თქმით, ზარალი ამ მხრივ დაახლოებით 4074 ლარია.
ორივე მოწმემ განაცხადა, რომ მათთვის ცნობილი არ არის, კონკრეტულად ვის ქმედებებს შეიძლება გამოეწვია მათ მიერ აღწერილი ობიექტების დაზიანება.
პროკურატურის კიდევ ერთმა მოწმემ, ზურაბ ჯღარკავამ სხდომაზე თქვა, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს პირადმა კონტაქტმა მიაწოდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ზვიად ცეცხლაძე სხვა პირებთან ერთად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს აორგანიზებდა.
სხდომაზე გამოიკითხა შალვა ჯახუაც – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო საქმეში ბრალდებული ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეოს შესახებ, რომელიც ტელეკომპანია ,,იმედის” Facebook გვერდზე იყო გამოქვეყნებული. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოწმემ პატაკი შეადგინა და საგამოძიებო ორგანოს მიმართა.
ამ სისხლის სამართლის საქმეში სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.