მთავარისაქართველოაქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეზე კიდევ სამი მოწმე დაიკითხა

აქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეზე კიდევ სამი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

დღევანდელ, 23 მაისის, სხდომაზე სასამართლომ კვლავ ბრალდების მოწმეებს მოუსმინა – მხარეთა კითხვებს ორმა დაზარალებულად მიჩნეულმა პოლიციელმა, გრიგოლ ჭანტურიძემ და კახა ონიანმა, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმაც უპასუხა.

გრიგოლ ჭანტურიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. მან თქვა, რომ სახეში ქვის ფილა მოხვდა და ოპერაციაც დასჭირდა, თუმცა დემონსტრანტი, რომელმაც ზიანი მიაყენა, არ დაუნახავს.

კიდევ ერთი პოლიციელის, კახა ონიანის, ჩვენების თანახმად, პირველ დეკემბერს საპროტესტო აქციაზე მასაც ქვა მოხვდა, თუმცა ის, ვინც ქვა ესროლა, არც მას
დაუნახავს.

როგორ და როდის დაშავდა გაიხსენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმაც. ვინ დააზიანა, არც მან იცის.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გამართულ სხდომებზე საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე არცერთ პოლიციელს სასამართლოსთვის არ უთქვამს, რომ მას ზიანი საქმეში ბრალდებულთაგან რომელიმემ მიაყენა.

ამ სისხლის სამართლის საქმეში სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend