მთავარისაქართველო„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ორ მედიასაშუალებასთან, „სტუდია მონიტორსა“ და „საქართველოს ამბებთან“, ერთად „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სარჩელში მოთხოვნილია პარლამენტის მიერ 2025 წლის 1-ელ აპრილს მიღებული კანონის გაუქმება, ასევე დავის დასრულებამდე მისი შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერება.

საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. „ქართული FARA“ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გაჩუმებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.

„ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს“, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის განმარტებით, ამ კანონს „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს „სიტყვა-სიტყვით“ ნათარგმნს უწოდებს, თუმცა, იურისტების თქმით, სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით.

„საკონსტიტუციო სარჩელში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმასრულებელ სუბიექტებს (ანტიკორუფციული ბიურო, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რომლებიც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ასეთ რეალობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ,,ქართული ოცნება” სრულად აკონტროლებს ანტიკორუფციულ ბიუროს, სასამართლოსა და პროკურატურას, არსებობს რეალური საფრთხე, რომ FARA-ს ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არარსებობის მიუხედავად, გამოიყენებს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოების სხვადასხვა დაჩაგრულ ჯგუფს, ეწინააღმდეგებიან სისტემურ წამებას, ამხელენ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ კურსს, კორუფციულ გარიგებებს, აშუქებენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ადამიანის უფლებათა დამაზიანებელ პრაქტიკასა და სხვა“, – წერს საია.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონის ამოქმედებიდან წარმოშობილი „მყისიერი და გამოუსწორებელი ზიანის“ თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები. საიას თქმით, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო „სწრაფად და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს“, თუმცა მართებულად მიაჩნიათ სამართლებრივი ბრძოლის ყველა ფორმის გამოყენება.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ძალაში 31 მაისს უნდა შევიდეს. ის 2024 წლის გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე მიღებულ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონს ჩაანაცვლებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend