ვიდრე რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასრულებაზე პოზიციას არ იცვლის და ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად სამხედრო მოქმედებებს აძლიერებს, ევროკავშირმა მოსკოვს სანქციების მე-17 პაკეტი დაუწესა. ბრიუსელის სამიზნედ იქცა რუსეთის მფლობელობაში არსებული ის 200-მდე გემი, რომლებსაც კრემლი სანქციების თავიდან ასარიდებლად იყენებდა.
სანქციების მე-17 პაკეტი ითვალისწინებს ფინანსური შეზღუდვების დაწესებასაც. ევროკავშირში ეს ნაბიჯიც არასაკმარისად მიაჩნიათ და ამიტომ უკვე დაიწყეს მუშაობა სანქციების ახალ, მე-18 პაკეტზე.
ევრობლოკის გარდა მოსკოვის მფლობელობაში არსებულ 18 არასანქცირებულ გემს, 50 ფინანსურ ორგანიზაციასა და პროპაგანდის გამავრცელებელ ფიზიკურ პირებს შეზღუდვები დაუწესა გაერთიანებულმა სამეფომაც.
„სანქციების მომდევნო პაკეტი მეტწილად უნდა იყოს მიმართული რუსეთის ფინანსური რესურსების ბირთვისკენ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ბუნებრივი აირი და ნავთობი, განსაკუთრებით კი ნავთობი, შემოსავლის მიღების ერთ-ერთი უმთავრესი რესურსია. ამიტომაც ყველაფერი უნდა შეიზღუდოს, რაც ხელს უწყობს რუსეთს, შემოსავალი მიიღოს ნავთობიდან და მისი ნედლეულიდან. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ, თუმცა ჩრდილოვანი ფლოტი უნდა დარჩეს ყურადღების ცენტრში. უნდა იყოს დაწესებული დამატებითი სანქციებიც. ჩვენ ასევე ვიხილეთ, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ რჩება მანევრირების სივრცე იმის თაობაზე, როგორ შეგვიძლია, დავაწესოთ სანქციები, როგორ შეგვიძლია, შევზღუდოთ რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები“, – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსიმ.
რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაჭრაში ბრიუსელი ვაშინგტონის აქტიურობით კმაყოფილია, თუმცა 19 მაისს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა ევროპელი ლიდერებისთვის ცხადი გახადა – კრემლი მიდგომის შეცვლას არ აპირებს, ხოლო თეთრი სახლი – ზეწოლის გაზრდას.
„მგონი, გასულ კვირას, როცა ამერიკამ თქვა, რომ თუ რუსეთი არ დასთანხმდებოდა სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ამას შედეგები მოჰყვებოდა. ამიტომ გვინდა დავინახოთ, რომ კონკრეტული შედეგები ამერიკული მხრიდანაც დადგება. ამ საუბრებიდან ჩვენ ნამდვილად არ გვინახავს ზეწოლა რუსეთზე… ევროპული მხრიდან ჩვენ გვაქვს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს განცხადებები – თუკი რუსეთი არ დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მეტ ზეწოლას განვახორციელებთ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
Sanctions are working.
They hit Russia’s economy hard and hamper its capacity to wage war.
We are already preparing the next package.My press conference following today’s Foreign Affairs Council ↓ https://t.co/EiNwBeTlfG
— Kaja Kallas (@kajakallas) May 20, 2025
„როდესაც პუტინისა და ტრამპის სატელეფონო ზარზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ პუტინს არასდროს შეუცვლია აზრი. მთავარი ამის გაგებაა. სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ მან ეს არაერთხელ გაიმეორა და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს, მართლაც, არ სურს ამ ომის დასრულება. ისინი კვლავ იმავე გზას ადგანან და, სულ მცირე, ოთხი უკრაინული რეგიონისა და ყირიმის მიღება სურთ. ისინი არ გაჩერდებიან“, – თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურიმ.
„საკმარისად ნათელია, რომ რუსულ მხარეს მოლაპარაკებებში ჩართვის სერიოზული განზრახვა არ აქვს. ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად არის ცნობილი. ჩვენი ყურადღება მიპყრობილია უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი და სამხედრო დახმარების მიწოდებისკენ…“ – ამბობს შვედეთის თავდაცვის მინისტრი პალ იონსონი.
ევროპულ სანქციებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი. მარია ზახაროვას თქმით, ულტიმატუმებს მოსკოვი არასდროს პასუხობს. დაწესებულ ახალ შეზღუდვებს კი უკრაინის პრეზიდენტის „დაკვეთა“ უწოდა, ხოლო დასავლელი ლიდერები „მშვიდობის მიღწევის ხელშეშლაში“ დაადანაშაულა.
„მოლაპარაკებების დასრულებისთანავე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ამხანაგებთან ერთად საუბარი დაიწყო ანტირუსული სანქციების გამკაცრებაზე. მათ კვლავ შეასრულეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რომ ის უნდა დაისაჯოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს. აშკარაა, რომ დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებთ. ისინი სხვა მიზანს მისდევენ: ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამოსუნთქვის საშუალების მიცემა მათი სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
ახალი სანქციების დაწესების პარალელურად კრემლმა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო კომუნიკაციის მეტი დეტალი გაასაჯაროვა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვი თქმით, შემდგარი საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმამდე, წითელ მოედანზე აღკვეთილ ტერაქტებზე უამბო, რომლებიც თითქოს უკრაინის მიერ იყო დაგეგმილი.
და ვიდრე ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, როგორ აიძულონ რუსეთი, დასთანხმდეს მშვიდობას საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით, კრემლის პასუხი უკრაინის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის ე.წ. „გათავისუფლების“ სამი წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნაა. ქალაქის, რომელიც მოსკოვმა მიწასთან გაასწორა და რომელსაც კრემლის პროპაგანდა „ნაცისტებისგან გადარჩენილს“ უწოდებს.