„დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდება. მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას. საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა – უკრაინამ 2014 წელს ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის სამწლიანი სრულმასშტაბიანი ინტერვენციით“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
„პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შევაჩეროთ რუსეთის აგრესიის ისტორიული ციკლი დემოკრატიების წინააღმდეგ, ჩვენს ხელთაა. და ეს პასუხი ძალაა. სწორედ ძალა აკავებს აგრესორს, სისუსტე მას ეპატიჟება. უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ძლიერ უკრაინას ნიშნავს. კიევს არ შეუძლია, მიიღოს ბუდაპეშტის მორიგი მემორანდუმი – მხოლოდ სიტყვები ამისთვის საკმარისი არასდროს არის. სწორედ ამიტომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესი მხარდამჭერები არიან.
სწორედ ამიტომ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს. მიზეზი, რატომაც გასულ პარასკევს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განვიხილე, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების გარანტიები, ისაა, რომ როცა ომი დასრულდება, ის საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ამის მისაღწევად ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ და უკრაინა ბრძოლის ველზე დღესვე უნდა გავაძლიეროთ”, – განაცხადა კაია კალასმა.
კაია კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინისთვის რუსეთთან დადებული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს. მანვე განაცხადა, რომ რუსეთი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილად მუშაობს.
„რუსეთმა სანქციების შემსუბუქება მოითხოვა. ჩვენ ვიცით, რომ სანქციები მუშაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ამას არ მოითხოვდა. გასულ კვირას სანქციების მე-17 პაკეტი წარვადგინეთ. ასევე, დავადგინეთ 2027 წელი რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტის ბოლო ვადად. გარდა ამისა, ახლახან 1 მილიარდი ევრო გამოვყავით უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინულ კომპანიებს და დამატებითი სამხედრო დახმარება უზრუნველვყოთ“, – თქვა კაია კალასმა.