მთავარიმსოფლიოკრემლის სტუმრები - მოსკოვმა 9 მაისი აღნიშნა

კრემლის სტუმრები – მოსკოვმა 9 მაისი აღნიშნა

ფრონტიდან პირდაპირ ზეიმზე – რუს ჯარისკაცებს რთული მისია ერგოთ. ნაციზმზე გამარჯვების 80 წლის იუბილე წითელ მოედანზე უნდა აღნიშნონ, ვიდრე გამოგონილ ნაციზმთან ბრძოლას ფრონტის ხაზზე მიუბრუნდებიან. მთავარსარდალმა ასე ინება, მოსკოვი დღეს ყურადღების ცენტრშია.

ვლადიმერ პუტინს კი ამდენი სტუმარი დიდი ხანია აღარ ჰყოლია. „ძალის დემონსტრირება” – 9 მაისის უცვლელ ტრადიციად რჩება, სამხედრო იქნება ეს თუ პოლიტიკური.

„ჩვენმა მამებმა, ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა იხსნეს მამული და გვიანდერძეს ერთად დგომა. სამშობლოსა და ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვა, ისევე როგორც  ჩვენი ათასწლოვანი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციული ღირებულებებისა – ყველაფერი რაც ჩვენთვის ძვირფასია, რაც წმინდაა.

ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასოდეს დავეთანხმებით მის დამახინჯებას, იმის მცდელობას, რომ გაამართლონ ჯალათები და ცილი დასწამონ ჭეშმარიტ გამარჯვებულებს. ჩვენი ვალია, დავიცვათ წითელი არმიის მებრძოლების ღირსება – უდიდესი გმირობა, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა ჩაიდინეს, მსოფლიო ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან რუს სამხედროებად. რუსეთი ყოველთვის იყო და იქნება დაუმარცხებელი დაბრკოლება ნაციზმისთვის, რუსოფობიისა და ანტისემიტიზმისთვის, იბრძოლებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამ გამანადგურებელ იდეებს ემსახურება.

სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა. სპეციალურ სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს კი მთელი ქვეყანა უჭერს მხარს“, აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

საერთო ენის გამონახვა მართალია თარჯიმნით უწევთ, თუმცა პოლიტიკურად ერთმანეთის ენა კარგად ესმით. სწორედ ამიტომაა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ვლადიმერ პუტინს პატივი დასდო და 9 მაისის ღონისძიებაზე მისი საპატიო სტუმარი გახდა. სამხედრო აღლუმის ყურებისას ერთმანეთის მთავარი მოსაუბრეებიც თავად იყვნენ.

„დღეს საერთაშორისო ტრენდებისა და ძლიერი ბულინგის პირისპირ ჩინეთი რუსეთის გვერდით იდგება საერთო პასუხისმგებლობის სადარაჯოზე. აუცილებელია თაობიდან თაობამდე მეგობრობის შენარჩუნება და ნამდვილ მეგობრებად, ფოლადივით გამოწრთობილ მეგობრებად ყოფნა”, თქვა პუტინთან შეხვედრისას ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აღლუმის შემდეგ, უცნობი ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად მოწყობილ ღონისძიებაზე, 9 მაისი, მოსკოვი, რუსეთი Copyright Yuri Kochetkov/Pool via AP

სი ძინპინს რუსეთში ჩასვლით ბევრი არაფერი გაურისკავს, განსხვავებით მისი სერბი კოლეგისგან. ალექსანდარ ვუჩიჩმა მოსკოვამდე გრძელი გზებით იარა და ევროკავშირში ქვეყნის წევრობაც კი დააყენა ეჭვქვეშ, ეს იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ დადებული პირობა არ გაეტეხა.

„ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ შევინარჩუნოთ დიდი სამამულო ომის ხსოვნა. მე ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. იცით, მე პირობა მივეცი პრეზიდენტ პუტინს, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და შევასრულე ის, რაც ვთქვი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა რუსულ მედიასთან სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა.

იგივე განსაცდელი ერგო სლოვაკ პრემიერსაც. ვუჩიჩის მსგავსად რობერტ ფიცოც  მოსკოვამდე არატრადიციული მარშრუტით ჩავიდა, ბალტიის ქვეყნებმა საჰაერო სივრცის გახსნაზე უარი უთხრა, ამიტომ მოსკოვში ჩასვლა შავი ზღვის გავლით მოუხდა. აღლუმზე ჩასული ეს ორი ევროპელი ლიდერი პრორუსულ განწყობებს არ მალავენ, რის გამოც კონტინენტზე ბევრი აკრიტიკებს.

საბჭოთა არმიის დაღუპულ სამხედროებს მათთან ერთად  პატივი მიაგეს კრემლის ტრადიციულმა მეგობრებმა ბელარუსიდან და შუა აზიიდან. ასევე ამ სივრცისთვის უცხო სახეებმა აშშ-ის კონტინენტიდან: ვენესუელა, ბრაზილია, კუბა – მოსკოვში ლიდერებით იყვნენ წარმოდგენილი,  ეგვიპტე, ახლო აღმოსავლეთი – აფრიკის ლიდერები ბრიქსიდან. გეორგიევსკის ბაფთებით დღეს ყველა პუტინის გვერდში იდგა და პუტინმაც ყველასათვის მოიცალა. ნაკლები ენთუზიაზმით თუმცა მოსკოვში იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრიც. დღეს და ხვალ სტუმრებს პუტინი სათითაოდ შეხვდება.

კრემლში გამართულ საზეიმო სამხედრო აღლუმს 13 ათასამდე ჯარისკაცი ესწრებოდა, მათ შორის რუსეთის მოკავშირე ქვეყნებიდან. რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან  სამხედროების ნაწილი კი უკვე ხვალიდან ფრონტის ხაზს დაუბრუნდებიან. პუტინის მიერ გამოცხადებულ 3-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ვადა სწორედ 10 მაისს გასდის. უკრაინამ და ვაშინგტონმა კრემლი ერთთვიან ზავზე ჯერ ისევ ვერ დაითანხმეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend