დასავლური ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირების გასამართლების მიზნით სპეციალური ტრიბუნალის შექმნას გეგმავენ.
ტრიბუნალის შექმნის იდეის მხარდასაჭერად ათობით ევროპელი ოფიციალური პირი ლვივში შეიკრიბა.
მათ სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსეთის ხელისუფლების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ეს ევროპისა და მთელი მსოფლიოს მორალური მოვალეობაა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, თუ ერთი ომიც კი დაუსჯელი დარჩება, ამას სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი შეიარაღებული კონფლიქტი შეიძლება მოჰყვეს.
„საუკუნეების განმავლობაში, ევროპა უგუნურმა და დაუდევარმა ქმედებებმა არაერთხელ შეარყია, გასტეხა კიდეც. ახლა, ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, ყველა ჩვენგანისთვის, ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს. ჩვენი ევროპა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამდენს მიაღწია, უნდა გაძლიერდეს – უნდა დადგეს ერთად ყველა ევროპელისთვის.
თუ ერთი ომიც კი დაუსჯელი დარჩება, ამას კიდევ უფრო მეტი ომი მოჰყვება. სწორედ ამიტომ დაიწყო პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რადგან წინა ომები დაუსჯელად გადაიტანა, როგორც ბანდიტმა, რომელსაც არასდროს არაფრისთვის პასუხი არ უგია.
ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს. დღეს თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, შევიმუშაოთ მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებლობის დაკისრების გზით სამომავლოდ თავიდან აირიდებს ომებს. უნდა შეიქმნას ტრიბუნალი. მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ ამ გადაწყვეტილებას.
აგრესიის დანაშაულის გასასამართლებლად შექმნილ ძლიერ ტრიბუნალს, ნებისმიერი პოტენციური აგრესორის შეფერხება შეუძლია. ამის გაკეთებას შევძლებთ, თუ ყველა, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ღირებულია, ერთად დადგება არა მხოლოდ აქ, ევროპაში, არამედ აშშ-სა და სხვა სახელმწიფოებშიც“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
განცხადება გააკეთა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმაც. მისი თქმით, ევროპის საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების პროცესი მალე დაიწყება.
„ჩვენ სტაბილურად ვუახლოვდებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც რუსეთის იმ მაღალჩინოსნებს გაასამართლებს, რომლებიც დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდნენ. კოალიციის წევრი ქვეყნები იურიდიულ მხარეზე მუშაობენ. დღეს მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამ იურიდიული გუნდების მუშაობის დამტკიცების შესახებ და მალე დაიწყება ევროპის საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების პროცესი”, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა.
უკრაინის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი კაია კალასიც. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანების უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო დაუსჯელი არავინ დარჩება.
Every inch of Russia’s war has been documented.
It leaves no room for doubt. And no room for impunity.
Today we take a decisive step towards justice by agreeing to establish a Special Tribunal to ensure that those responsible for aggression against Ukraine are held accountable. pic.twitter.com/6rsNYUCD9w
— Kaja Kallas (@kajakallas) May 9, 2025
„უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის მიზნით გადამწყვეტ ნაბიჯებს ვდგამთ. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ გამოვთქვამთ პოლიტიკურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეის მიმართ. რუსეთის ომის ყველა დეტალი აღბეჭდილია. ჩვენ ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ. დაუსჯელობის სივრცე არ არსებობს. რუსეთის აგრესია დაუსჯელი ვერ დარჩება, ამიტომ ტრიბუნალის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა კაია კალასმა.
ამავე შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა ევროკავშირის გეგმაზე, გამოყოს მილიარდ 900 000 ევრო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის.
ე.წ. „დანიური მოდელის“ ფარგლებში მთლიანი თანხიდან დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო იარაღის შესაძენად იქნება გამოყენებული.
„მადლიერები ვართ ევროკავშირისადმი გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გამოყოფილი თანხისთვის. დღეს ასევე უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის შეძენის მიზნით ოთხ ქვეყანასთან – დანიასთან, ნიდერლანდებთან, საფრანგეთსა და იტალიასთან – მილიარდი ევროს ოდენობის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ველით ამ შეთანხმების სწრაფად განხორციელებას, რათა ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს აღჭურვილობა უახლოეს თვეებში გადაეცეთ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ.
სპეციალური ტრიბუნალის გასახსნელად ევროპის საბჭოს 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო. სახელმწიფოებს ვეტოს უფლება არ აქვთ. როგორც ევროსაბჭოს სპიკერი აცხადებს, ტრიბუნალის შექმნის თაობაზე პოლიტიკური მხარდაჭერა 38-ზე მეტმა სახელმწიფომ უკვე გამოხატა.
ამოქმედების შემდეგ ტრიბუნალი რუსეთის იმ ლიდერების პასუხისგებაში მიცემაზე დაიწყებს მუშაობას, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელნი უკრაინაში 2022 წელს დაწყებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე.
რუსეთის ხელისუფლება ომის დანაშაულის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.