9 მაისი ევროპის დღეა. 75 წლის წინ, 1950 წელს, საფრანგეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის შექმნის საფუძველს. ევროპის დღე ევრობლოკის წევრ სახელმწიფოებში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. თუმცა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიებები არაერთი წელია, იმართება საქართველოშიც. უკვე მეორე წელია, ამ თარიღს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საპროტესტო აქცია-მსვლელობების ფარგლებში აღნიშნავს.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი მთავარი დემონსტრაცია თბილისში, სიმბოლურად, ევროპის მოედანზე გაიმართა. მანამდე მოქალაქეები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას – რესპუბლიკის, მარჯანიშვილისა და ავლაბრის მოედნებზე, ასევე პარლამენტის მიმდებარედ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან შეიკრიბნენ. მათ მსვლელობით მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების გავლით, მეტეხის ხიდთან გადაინაცვლეს. დემონსტრაციის ფარგლებში, დედაქალაქის რამდენიმე ხიდიდან აქტივისტებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ბანერები გადმოფინეს.
.
აქციის მონაწილეები საუბრობდნენ იმ პროექტებზე, რაც ევროკავშირმა საქართველოში სამი ათწლეულის განმავლობაში განახორციელა. მათი თქმით, ევრობლოკმა არაერთი მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ქვეყანას როგორც ფინანსური, ისე ინსტიტუციური რეფორმების კუთხით. დემონსტრანტების განცხადებით, ევროკავშირში გაწევრება საქართველოსა და მის თითოეულ მოქალაქეს არაერთ სარგებელს მოუტანს, რომელთა შორისაცაა შრომითი პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესება, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. მათივე თქმით, 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია და პატივი არ სცა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან, ურყევ ნებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი.
.
მსვლელობის მიმდინარეობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა დემონსტრაციაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბანერების გაშლა გააპროტესტეს. მათი თქმით, ევროპის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა არ იყო პარტიული და, როგორც ამბობდნენ, მსგავსი სიმბოლიკების გამოყენება დაუშვებელი იყო. მოგვიანებით, ვითარება დაიძაბა მეტეხის ხიდის მიმდებარედ. უცნობმა პირმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ის ადგილს განარიდა, თუმცა არ დაუკავებია.
დღის ბოლოს აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა რუსთაველის გამზირზე, სადაც პროევროპული დემონსტრაცია უწყვეტად, 163-ე დღეა მიმდინარეობს.