ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გამოაცხადა, რომ 2027 წლის ბოლოსთვის ევროპაში სრულად შეწყდება რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი.
ევროკავშირის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2022 წელს დაიწყო ენერგოდამოკიდებულების შემცირების პროცესი, გაზის იმპორტი რუსეთიდან 45%-დან 19%-მდე შემცირდა, ხოლო ნავთობის – 27%-დან 3%-მდე.
ამ დროისთვის ათი ევროპული ქვეყანა კვლავაც აგრძელებს ენერგორესურსების იმპორტს რუსეთიდან. მათ შორის, რომლებიც რუსულ გაზს მილსადენებით იღებენ, არიან საბერძნეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი.
ავსტრიას, პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს — ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას — უკვე სრულად შეწყვეტილი აქვთ იმპორტი.
უნგრეთი და სლოვაკეთი, რომელთა ლიდერებიც პუტინის უახლოეს მოკავშირეებად ითვლებიან ევროპაში, ევროკავშირის სამხედრო დახმარებას ბლოკავენ უკრაინისთვის და სავარაუდოდ, ევროპის კომისიის ახალ გეგმასაც წინააღმდეგობას გაუწევენ.
“უკრაინელების მომავალი საფრთხის წინაშეა, მაგრამ ეს ჩვენი მომავალიც არის. ცუდმა მოლაპარაკებებმა შეიძლება რუსეთს მეტი აგრესიისკენ უბიძგოს. ეს კი კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობისა და დაუცველობის საწინდარი იქნება. ამის ნაცვლად, სამართლიანმა და მდგრადმა მშვიდობამ შეიძლება უკრაინისთვის კეთილდღეობის ახალი ერა მოიტანოს და დაგვეხმაროს, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაში.
სწორედ ამ გზაგასაყარზე ვიმყოფებით და ევროპას ამაში დიდი წილი აქვს. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია.
ყველამ ვიხილეთ თუ როგორ აწარმოებს რუსეთი მოლაპარაკებებს — ბომბავენ, აშინებენ, დანაპირებს არ ასრულებენ. პუტინი ცდილობს უკრაინას თავს მოახვიოს მიუღებელი პირობები.
ამიტომ ჩვენი ამოცანაა — დავეხმაროთ უკრაინას, რომ მტკიცედ იდგეს, გაუძლოს პუტინის შანტაჟს და მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის მოლაპარაკებებში საკუთარ პირობებზე დაყრდნობით.
ჩვენ გვჭირდება საბოლოო ძალისხმევა, რათა რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ეტაპობრივად დავასრულოთ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ არაუგვიანეს 2027 წლის ბოლომდე, რუსული გაზის — როგორც მილსადენით, ასევე თხევადი ბუნებრივი აირის — ყველა დარჩენილი იმპორტი აიკრძალოს.
ასე რომ, სრული სიცხადისთვის — რუსული წიაღისეული საწვავის ეპოქა ევროპაში სრულდება!”,-ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი.