მთავარიკულტურა„პანკისის ხეობის ხმები”

„პანკისის ხეობის ხმები”

ფოტოგრაფ თაკო რობაქიძის ნამუშევრების გამოფენას „პანკისის ხეობის ხმები“ ჰქვია. ახლა კი ჰყვება, რატომ გადაწყვიტა ფოტოგრაფმა პანკისელების ხმები შეეგროვებინა და ფართო საზოგადოების წინაშე წარედგინა…

„ხეობაში 2013 წელს ვიყავი პირველად და მას შემდეგ ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი გახდა.მაშინ დავიწყე პანკისზე სერიის გაკეთება, მინდოდა სტერეოტიპების დამსხვრევა და არსებული ზედაპირული და ბევრი ცრუ ინფორმაციის გადაფარვა ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებით, მათი ხასიათით, კულტურით და მეჩვენებინა ადამიანებისთვის რა განსაკუთრებული ადგილია და როგორი ხალხი ცხოვრობს იქ. კონკრეტულად გამოფენისთვის ავარჩიეთ სერია, სადაც ქალები არიან წარმოდგენილები, ჩემთვის ისინი მართლა განსაკუთრებულნი არიან“, – ამბობს ფოტოგრაფი თაკო რობაქიძე.

ავტორი გვიყვება, პანკისის ხეობის ულამაზეს ხედებსა და ქისტ ქალებზე, რომლებიც ერთდროულად სტერეოტიპების დამსხვრევასაც ცდილობენ და უძველესი  ტრადიციების შენარჩუნებასაც.

„იქ მყავს რამდენიმე ოჯახი ვინც, უკვე ჩემი ოჯახის წევრია, თითქმის ყოველ წელს თუ არა, ორ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავდივარ და ვერ ვწყდები იქაურობას”- ამბობს ფოტოგრაფი.

საგამოფენო სივრცეში, დამთვალიერებელი, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების შესახებაც მიიღებს ინფორმაციას. იქვე კედელზე წაიკითხავს მათ შესახებ ამბავს იმის თაობაზე, თუ ვინ არიან ქისტები, ამ ხეობაში როდიდან და რატომ ცხოვრობენ. როგორ უყვართ თავიანთი სამშობლო საქართველო. და როგორ ცდილობენ თავიანთი თვითმყოფადი, საქართველოსთან შეერთებული კულტურა შეინარჩუნონ.

ფოტოსერია „პანკისის ხეობის ხმები“,  ჟურნალმა National Geographic-მა ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში წარადგინა.

რუსთაველის გამზირის N37-ში მდებარე საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს თაკო რობაქიძის 20-მდე ნამუშევრის ნახვა შეუძლია.

„წელს შევარჩიეთ თაკო რობაქიძის გამოფენა, რომელიც არის National Geographic-ის მკვლევარი და ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფი. ის შესანიშნავად გადმოსცემს პანკისის ხეობის ხმებს, სწორედ ასე დავარქვით ამ გამოფენას და ამავე სახელწოდებით ვრცელ სტატიას, ვბეჭდავთ National Geographic-ის მაისის ნომერში. იქ უფრო ვრცლად შეეძლება მკითხველს გაეცნოს ამ გამორჩეულ ხეობას და რამდენიმე ფოტო რომელიც აქ არ არის წარმოდგენილი პირველად დაიბეჭდება ჟურნალში”- ამბობს, ჟურნალ National Geographic-ის გამომცემელი და დირექტორი ანი ცაბაძე.

„ ქართველი ფოტოგრაფის გამოფენა ჩვენ ფარგლებში National Geographic-ის ეგიდით, არასდროს ჩატარებულა და ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ თაკო ჩვენი მეგობარია გამორჩეული ქალი ფოტოგრაფია და საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ ვინმე იცნობს საქართველოს თანამედროვე ფოტოგრაფიას, ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი არის თაკო. შესაბამისად გვიხარია, რომ ის წარმოადგენს თავის გამოფენას, მის სერიას პანკისში გადაღებულს, რომელიც არის სრულიად უნიკალური”, – ამბობს „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი, ბესო ხაინდრავა.

გამოფენაზე თაკო რობაქიძის ნამუშევრების სანახავად, ბევრი დამთვალიერებელი მივიდა. მათ შორის იყვნენ ქართველი თუ უცხოელი ფოტოგრაფები, ყველა ამბობდა, რომ მათთვის აქამდე პანკისის ხეობა და იქ მცხოვრები ხალხის ცხოვრება, უცნობი იყო.  ამ გამოფენის ნახვის შემდეგ კი, სურვილი გაუჩნდათ, რომ ავიდნენ და უფრო ახლოს გაეცნონ მათ.

თაკო რობაქიძე დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობს და ძირითადად  საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ თემებსა და ომთან დაკავშირებულ ამბებს იღებს. მას არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მოპოვებული.

2022 წელს National Geographic Society-ის გრანტი  მოიპოვა და National Geographic-ის მკვლევარი გახდა. თაკო რობაქიძე Magnum Foundation-ის ფოტოგრაფიისა და სოციალური სამართლიანობის პროგრამის სტიპენდიატია.

ჟურნალში National Geographic-საქართველო მისი ნამუშევრები არაერთხელ გამოქვეყნებულა. მათ შორის აღსანიშნავია სტატია „აკრძალული ენა”, რომელიც ენგურს მიღმა, რუსული ოკუპაციის პირისპირ აღმოჩენილი ადამიანების შესახებ მოგვითხრობს.

საგამოფენო დარბაზის კედლებზე კი საინტერესოდ არის განლაგებული თაკო რობაქიძის ფოტოები და ამ ფოტოებიდან ძალიან ხმამაღლა ისმის  „პანკისის ხეობის ხმები“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend