მთავარისაქართველოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო“ თაკო რობაქიძის გამოფენას მასპინძლობს

ფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო“ თაკო რობაქიძის გამოფენას მასპინძლობს

ფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში კიდევ ერთი გამოფენა გაიხსნა. ეს არის ფოტოგრაფ თაკო რობაქიძის გამოფენა სახელწოდებით „პანკისის ხეობის ხმები“, რომლის წარმდგენიც ჟურნალი National Geographic საქართველოა.

ფოტოების ავტორი ამბობს, რომ თავისი ნამუშევრებით სურს პანკისის ხეობის ცვალებადი კულტურული ლანდშაფტის ჩვენება, სადაც ქისტი ქალები ერთდროულად სტერეოტიპების დამსხვრევასა და წარმავალი ტრადიციების შენარჩუნებას ცდილობენ.

თაკო რობაქიძე დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობს და ძირითადად, მისი ფოტოები ეხება საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ თემებსა და ომთან დაკავშირებულ გარემოებებს. მან 2022 წელს მიიღო National Geographic Society-ის გრანტი და გახდა National Geographic-ის მკვლევარი. იგი ასევე არის Magnum Foundation-ის ფოტოგრაფიისა და სოციალური სამართლიანობის პროგრამის სტიპენდიატი, 2021 წელს დაჯილდოვდა Noor-ის მიერ დაწესებული სტენლი გრინის სახელობის პრემიით.

ჟურნალ „National Geographic საქართველოში” მისი ნამუშევრები არაერთხელ გამოქვეყნებულა და მათ შორის აღსანიშნავია ვრცელი სტატია „აკრძალული ენა“, რომელიც ენგურს მიღმა რუსული ოკუპაციის პირისპირ აღმოჩენილი ადამიანების შესახებ მოგვითხრობს.

„ქოლგა თბილისი ფოტო” 24-ედ ტარდება და მისი მიზანი არის თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარების ხელშეწყობა, კონკურსში 700-მდე ადგილობრივი და უცხოელი ფოტოგრაფი მონაწილეობდა, მათ 900-მდე ფოტოპროექტი წარადგინეს. გამოვლინდა 5 გამარჯვებული: სერგეი სტროიტელევის „თოვლის მიღმა” – დოკუმენტური სერია; არტემ ჰუმილევსკის „ფესვები” – კონცეპტუალური ფოტოპროექტი; ომარ ჰაჯ კადურის „ტირანების დამხობა, ჩაგვრისა და უსამართლობის ეპოქის დასასრული” – ერთი კადრი; დანიელე ვიტას „ავიატორი ჯო” – რეპორტაჟი; ჰიმანშუ როის „სპილო ნისლში” – საუკეთესო მობილური ფოტო. ასევე გამოავლინეს სპეციალური პრიზის მფლობელიც. ფოტოფესტივალის ფარგლებში მსურველებს შეეძლოთ, სრულიად უფასოდ დასწრებოდნენ თანამედროვე ფოტოგრაფიის საერთაშორისო და ადგილობრივი ხელოვანების გამოფენებს, მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო შეხვედრებში და ჩართულიყვნენ დისკუსიებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend