4 მაისს, პროევროპული დემონსტრაციების 158-ე დღეს, თბილისში „ერთობის მარში“ გაიმართა. მოქალაქეები მეტროსადგურ „ისანთან“ შეიკრიბნენ და მსვლელობით მივიდნენ კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე. მარშის მონაწილეები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, რომლის ლეგიტიმაციასაც არ აღიარებენ.
მათი შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. ასევე მოთხოვნებს შორის იყო იმ პირთა სანქცირება, ვინც პროევროპული დემონსტრაციებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმეებში ფიგურირებს, მათ შორის მოსამართლეების, პროკურორებისა და პოლიციელების.
„ერთობის მარშის“ მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებსა და უცნობ პირებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რამდენიმეწუთიანი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დემონსტრანტთა მიმართ აგრესიულად განწყობილი პირები ადგილს განარიდეს. ასევე დაძაბულობა გამოიწვია სამართალდამცველების მოწოდებამ, მსვლელობის მონაწილეებს არ გადაეკვეთათ მათთვის გამოყოფილი ორი სამოძრაო ზოლი. შსს-ს წარმომადგენელთა განმარტებით, მოქალაქეთა რაოდენობა არ იყო საკმარისი გზის სავალი ნაწილის სრულად დასაკავებლად. დემონსტრანტები სამართალდამცველების მითითებას დაემორჩილნენ და მსვლელობა საპოლიციო კორდონის თანხლებით მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე განაგრძეს.
დემონსტრაციის პარალელურად, მეტროსადგურ „ისნიდან“ შსს-ს შენობამდე არსებულ მონაკვეთში, ასევე მიმდებარე ქუჩებზე როგორც ძალოვანი სტრუქტურის სხვადასხვა დეპარტამენტის, ისე ე.წ. „დაკავების მანქანების“ განსაკუთრებული მობილიზება იყო. თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის, გეგა მემანიშვილის განმარტებით, შსს-ს მობილიზება „საზოგადოებრივი მართლწესრიგის უზრუნველყოფას“ უკავშირდებოდა. სამართალდამცველთა კორდონი მოეწყო ძალოვანი უწყების შენობის ირგვლივაც.
დღის ბოლოს აქციის ორგანიზატორებმა, რომელთა შორისაც პროევროპული დემონსტრაციებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ოჯახების წევრები და სტუდენტები არიან, მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ გადაინაცვლეს. მათ თქვეს, რომ პროტესტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან გაგრძელდებოდა.
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე პროევროპული აქციების ფარგლებში 50 პირი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული, მათ შორისაა ჟურნალისტი და ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, საპატიმროდან მისი ხმოვანი შეტყობინება გავრცელდა. ჟურნალისტმა მხარდამჭერებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა, გააკეთონ ყველაფერი, რათა საქართველოდან თავისუფლების ხმა ისმოდეს.