მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირი, რომელთაც პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება, პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა.
სხდომაზე პროკურორი ამტკიცებდა, რომ პატიმრობის გაუქმების შემთხვევაში, ბრალდებულებმა შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინონ, ან მიიმალონ.
ადვოკატების შეფასებით, ბრალდებულთა პატიმრობა სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელი და შესაბამისად, უკანონოა.
ამასთან, დღესვე უნდა დაწყებულიყო პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევაც, თუმცა პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერთ-ერთი ადვოკატი, ელგუჯა ავსაჯანიშვილი ვერ დაესწრო. ამ მიზეზით, სხდომაზე პროკურატურის მოწმეები არ გამოკითხულან.
პროკურატურა სამ ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
საქმეზე მომდევნო სხდომა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 7 მაისს ჩანიშნა.