როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს და გაეროში ამერიკის ელჩად გადადის.
ის პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაცია დატოვა მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში.
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობასაც შეითავსებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თემი ბრიუსის თქმით, სახელმწიფო მდივანი რუბიო არის ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობს. იგი პირველივე დღიდან რამდენიმე საქმეს ითავსებდა სახელმწიფო დეპარტამენტსა და USAID-ში. მას კარგად იცნობს პრეზიდენტიც, რომელიც, თავის მხრივ, შესანიშნავად არჩევს ადამიანებს მისი დღის წესრიგის გასატარებლად.
ამ შემთხვევაში მან შეარჩია სახელმწიფო მდივანი. ბრიუსი დასძენს, რომ ეს კარგი ამბავია ამერიკელი ხალხისთვის.
სწორედ უოლცმა შექმნა სიგნალის ჩატი. მიმოწერაში, რომელშიც იემენზე თავდასხმის გეგმები განიხილებოდა. მან შემთხვევით ჟურნალისტიც დაამატა.
მიმოწერასთან დაკავშირებით მან აიღო პასუხისმგებლობა და ინციდენტი შეცდომად შეაფასა.
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, „ესოშიეიტიდ პრესში“ ამბობენ, რომ სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს უოლცის მოადგილე ალექს ვონგიც. პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების 4 მრჩეველი, თეთრი სახლის შტაბის ოთხი უფროსი და ორი სახელმწიფო მდივანი შეცვალა.