თვეების შემდეგ მინერალების შეთანხმებამ ხელმოწერაც იხილა და დღის შუქიც. უკრაინის იშვიათ წიაღისეულებზე ამიერიდან წვდომა ვაშინგტონსაც ექნება. ეს იმ საინვესტიციო ფონდის შექმნის სანაცვლოდ, რომელიც ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაზე იმუშავებს.
კიევისთვის ეს ერთგვარი გარანტიაა, რომელმაც მის ტერიტორიაზე ამერიკული ინტერესების ყოფნით რუსეთი უნდა შეაკავოს.
“ის ფაქტი, რომ აშშ-მა კონტრიბუცია შეიძლება გააკეთოს როგორც პირდაპირი ტრანსფერების, ასევე სამხედრო დახმარების მეშვეობით – ამ გარიგებას უსაფრთხოების კონტექსტში აყენებს. პირობები 50-50-ზეა. არსებობს გარკვეული შვება და ოპტიმიზმი, რომ ამ გარიგებაზე ხელმოწერა შედგა. ის აბსოლუტურად დაბალანსებულია იმ დოკუმენტთან შედარებით, რომელიც უკრაინას მარტში შესთავაზეს. წინ ბევრი საქმეა, თუმცა ამწუთას ეს შეთანხმება უკრაინისთვის დიდი გამარჯვებაა”, – აღნიშნავს
ოლესია კრივეცკა, საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომიტეტიდან.
გამარჯვებამდე შორია, თუმცა ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირებისა და მინერალების შეთანხმების ჩაშლის შემდეგ – მხარეებს შედეგი ახარებთ.
კიევისთვის სასიხარულო იყო ის ფაქტიც, რომ ვაშინგტონი მას შტატებისგან მანამდე მიღებულ დახმარებას უკან აღარ სთხოვს. ამაზე აქამდე საკუთარ ამომრჩევლებთან ტრამპი აპელირებდა, თუმცა გადააფიქრებინეს.
ახალი პირობის თანახმად ყველა ის დახმარება, რომელსაც შტატები კიევს ამიერიდან გაუწევს, ინვესტიციად ჩაითვლება.
“საუბარია ისეთ რესურსებზე, როგორიცაა ურანი, ტიტანი, ნიკელი, თუ სხვა – მათ მოპოვებაზე მხარეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ,რადგან ეს რთული პროცესია. ეს შეთანხმება ბევრი თვის განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა ამა თუ იმ მიზეზის გამო მასზე ხელი ამ დრომდე ვერ მოაწერეს.შემდეგ კი იყო უფრო მეტი გაცვლა და უფრო მეტი მოლაპარაკება, უკრაინას ჰქონდა რამდენიმე კონტრშეთავაზება, რათა დოკუმენტი დაებალანსებინა. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გამხდარიყო,მათ შორის რადასთან დაკავშირებული ასპექტები,ამ საკითხზე უკრაინაში საგანგებო ფორმატში იმსჯელეს. ასევე განსაზღვრული იყო უკრაინის უფლება ახლოს იმუშაოს ევროკავშირთან – ეს პირობები დოკუმენტში კარგადაა დაცული. შედეგს უკვე საბოლოო დოკუმენტშიც ვხედავთ – ის სამართლიანია და ორივე მხარე ბედნიერია. ეს პირველი კარგი ნიშანია იმისა, რომ ამერიკელებსა და უკრაინელებს შეუძლიათ ახლო თანამშრომლობა კომპლექსურ მოლაპარაკებებში”, – თვლის აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ილიამ ტეილორი.
თავდაპირველი პირობა გულისხმობდა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ ტრილიონობით დოლარის მინერალებზე მიეღო წვდომა.
კიევი კი ბუნებრივი რესურსების განაწილების სანაცვლოდ უსაფრთხოებით გარანტიებს მიიღებდა.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩანს, რომ პირველი 10 წელი მინერალებიდან შემოსული სახსრები ექსკლუზიურად უკრაინას მოხმარდება, შტატებთან მათი განაწილება კი უკვე ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ერთობლივ საინვესტიციო ფონდს, კიევისა და ვაშინგტონს გარიგება მისი შევსების თანაბარ ვალდებულებას აკისრებს. ამასთან უკრაინა ინარჩუნებს წვდომას ყველა რესურსზე.
“ეს არის სტრატეგიული გარიგება, ჭეშმარიტად თანასწორი და პარტნიორული პირობებით.საინვესტიციო ფონდის მენეჯმენტში ჩართულობის თანაბარი პირობებით.რაც მთავარია, უკრაინა შეინარჩუნებს კონტროლს ყველა ბუნებრივ რესურსზე. ამერიკულ მხარეს შეეძლება განიხილოს ახალი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, როგორც ერთ-ერთი კონტრიბუცია ამ ფონდისთვის. თავად უკრაინის კონტრიბუცია გულისხმობს საიჯარო თუ საჰონორარო ნაწილს. მანამდე უკრაინისთვის გამოყოფილი სესხები თუ დახმარებები ამ გარიგებაში არ ფიგურირებს. გარიგება ფარავს მხოლოდ ახალ კონტრიბუციებისა და ახალ დახმარებებს.ეს არის კარგი საერთაშორისო გარიგება ერთობლივ ინვესტიციებზე, რომლებიც უკრაინას აღდგენაში დაეხმარება. ამას გარდა ხელმოსაწერი იქნება კიდევ 2 ტექნიკური გარიგება, თავად ფონდის შექმნისა და ფინანსების თაობაზე“, – თქვა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა.
დოკუმენტში იკითხება პოლიტიკური ხაზიც. კერძოდ მასში ხაზგასმულია, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობას ვერაფერი შეუშლის ხელს. ამას უკრაინული მხარე მოითხოვდა.
შეთანხმებას წინ მემორანდუმზე ხელმოწერაც კი უძღოდა, რომელიც მხარეებს გარიგების სისრულეში მოყვანას ავალდებულებდა. საბოლოო ხელმოწერა კი სიმბოლურად დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მე-100 დღეს შედგა.
“დღევანდელი შეთანხმება ნათელ სიგნალს აძლევს რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოწადინებულია სამშვიდობო პროცესზე, რომლის ცენტრშიც თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინაა – გრძელვადიანი გაგებით. დროა ეს ბოროტი და უაზრო ომი დასრულდეს. აშშ-იც და უკრაინაც მოუთმენლად ელიან ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის ამოქმედებას უკრაინელი და ამერიკელი ხალხისთვის. ეს შეთანხმება მოგვცემს საშუალებას განვახორციელოთ ინვესტიციები უკრაინაში, რათა ერთობლივად განვბლოკოთ უკრაინის მზარდი აქტივები, მობილიზება გავუკეთოთ ამერიკულ ტალანტს, კაპიტალსა და სტანდარტებს უკრაინის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის, რაც მის ეკონომიკურ აღდგენას შევუწყოთ ხელი”, – აღნიშნავს აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი.
უკრაინის ბუნებრივ მარაგებში თავს იყრის იმგვარი მინერალები, როგორიცაა მაგალითად ტიტანი – მას თვითმფრინავებისა და სხვა საფრენი აპარატების ფრთების დასამზადებლად იყენებენ.
ასევე ლითიუმი, რომელიც საკვანძო კომპონენტია ელემენტების დასამზადებლად. უკრაინაში მოიპოვებენ ურანსაც, რომელიც ბირთვულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაში გამოიყენება.
უკრაინის ნიადაგი ინახავს გრაფიტსა და მანგანეზს, რომლებიც ელექტრონული მანქანების ელემენტებისთვის გამოდგება.