„ესე 15 წუთში ესე აალება ასეთი მდგომარეობა მე კინოშიც არ მინახავს. ყველაფერი გატიალებულია, რა მდგომარეობაში ვიყავით სიცივეში, ამხელა რამეს ვუძლებდით, პურის ფულს ვშოულობდით, სამ-სამი ბანკის ვალი მაქვს, აქ კარგად მცხოვრები არავინაა, გლეხი და მუშა ხალხი ვიყავით და გაგვაუბედურეს“, – 30 აპრილს ხანძრის შედეგად დაზარალებულები ევრონიუსთან იხსენებენ, როგორ დაიწვა მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ყველაფერი 15 წუთში განადგურდა.
ხუთშაბათს, დილის ათი საათიდან ბაზრობის ტერიტორიაზე დაზარალებული მოვაჭრეები შეიკრიბნენ, იმ იმედით, რომ თბილისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდებოდნენ, თუმცა რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ უწყებიდან ადგილზე არავინ მისულა.
„8 წლის მერე ისევ იგივე ისტორია განმეორდა, ამოვედით ორი იმდენი საქონელი, უკვე ცუდად ვარ, აი აქ დამეწვა, რა გავაკეთო ჩემი ნაშრომი, დღე და ღამე გათენებული, არ ვიცი დასვენება რას ჰქვია, ჩემ თავზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერს ვიხდიდი, ადგილის ფულს ვიხდიდი, ყველაფერს, ყველანაირად, რატომ უნდა ვიყოთ ამ დღეში, ხალხი განადგურებულ ვართ“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
„4 შვილი მყავს 7 შვილიშვილი, რა ვაჭამო, ქვრივი ქალი ვარ. ორჯერ დავიწვი ქალაქის გულში, მერე აქ გამოვიქეცი, უკან აღარ დავბრუნდი, რადგან აქ გავძლიერდი. ახლა ამოვისუნთქე და ერთ დღისითაც გაქრა ყველაფერი. მეოთხე შვილი მყავს ინვალიდი, მას სჭირდება კარგი მკურნალობა და ყურადღება, მაგრამ საკვებიც ვერ მივუტანე წუხელ, რომ თქვიო საჭმელს მოიტანო, რატომ არ მოიტანეო, რა მიმეტანა?! მაშინებს ბანკებიდან გამოტანილი 30 000 კიდევ გადასახდელი მაქვს, როგორ გადავიხდი“, – ამბობს დაზარალებული მოვაჭრე მაია გულისაშვილი
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან არავინ მივიდა, მოვაჭრეები თავად წავიდნენ ქალაქის მერიასთან. იქ მათ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა.
მერიის განცხადებაში კი წერია, რომ დაზარალებულები მათ მიაწვდიან უფრო ზუსტ ინფორმაციას დამწვარი ტერიტორიის ფართობის, დაზარალებულთა რაოდენობისა და ზარალის ოდენობის შესახებ.
თუმცა, უწყების განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, როდის და რა ფორმით, ან საერთოდ დაეხმარებიან თუ არა დაზარალებულ მოვაჭრეებს.