მთავარიგადაცემებიThe Europe Conversationანჯეი დუდა: „ნატომ საკუთარი ძალა უნდა აჩვენოს, თუმცა პუტინის შეკავება მხოლოდ აშშ-ს...

ანჯეი დუდა: „ნატომ საკუთარი ძალა უნდა აჩვენოს, თუმცა პუტინის შეკავება მხოლოდ აშშ-ს შეუძლია“

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ევრონიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ვდაცვის საუკეთესო სტრატეგია არის შეკავება და არა  – შეშინება.

ბოლო თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთსა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებთან ახლოს მდებარე სხვა ქვეყნებში განთავსებული ჯარის შემცირებას აპირებდა. თუმცა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ეს მოარული ხმები გააქარწყლა. „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ სჯერა, დონალდ ტრამპი შეძლებს მშვიდობის დამყარებას უკრაინაში. აღნიშნა ისიც, რომ დონალდ ტრამპი ფლობს კაზინოებს. ამიტომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ტრამპის გამოცდილება ბიზნესში და ძალიან კარგად უნდა ეთამაშოს მას ამერიკის მიერ ევროკავშირზე დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით.

დომინიკა კოსიკი , „ევრონიუსი“: „ბატონო პრეზიდენტო, როგორ გგონიათ, რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთი ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს?“

ანჯეი დუდაპოლონეთის პრეზიდენტი: „თეორიულად, რა თქმა უნდა,  ყოველთვის შეიძლება ნებისმიერი ვარიანტის დაშვება და ყველა ეს ვარიანტი მხედველობაში უნდა  მიიღო და მოემზადო. ეს არის კოლექტიური თავდაცვის კონცეფცია. თუმცა არ მგონია, რომ ასე მოხდეს, პირადად მე ასე არ მგონია.“

დომინიკა კოსიკი , „ევრონიუსი“: „ეს არის სხვა წევრი სახელმწიფოების კოლექტიური პასუხი.“

ანჯეი დუდაპოლონეთის პრეზიდენტი: „პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბრძნული პოლიტიკა ის არის, რომელიც აღკვეთს მსგავს გარემოებას. სწორედ ამიტომ შევთავაზე ნატოს ქვეყნებს, რომ თავდაცვის ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სულ მცირე 3%-ამდე გავზარდოთ. უფრო ზუსტად იმისთვის, რომ უკეთ მოვემზადოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, შეგვწევს ძალა, მოვიგერიოთ ნებისმიერი თავდასხმა, რადგან ასეთი  დიდი სამხედრო პოტენციალი გვაქვს. აი, ამას ემსახურება ეს ყველაფერი. ეს 3%-იანი მაჩვენებელი ციდან არ ჩამოვარდნილა. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ნატოს ქვეყნებს ჰქონდათ ცივი ომის დროს, როდესაც საბჭოთა იმპერიალიზმი მძვინვარებდა და ემუქრებოდა, ფაქტობრივად, დასავლეთის ქვეყნებს აგრესიით. იმ დროს ნატოს დასავლელი წევრი ქვეყნები თავისი მშპ-ის 3%-ს ხარჯავდნენ თავდაცვაზე და ზურგს ამერიკის შეერთებული შტატები უმაგრებდათ, რომლის ჯარიც იდგა დასავლეთ ევროპაში, რომელსაც, თავის მხრივ, საკუთარი ბირთვული იარაღი ჰქონდა. ფაქტობრივად, ამერიკის პოლიტიკამ, რომელსაც დასავლეთი უჭერდა მხარს, მიიყვანა საბჭოთა კავშირი დაშლამდე და რკინის ფარდის დაცემამდე. დღეს რუსული იმპერიალიზმი საბჭოური ფორმით კი არ ბრუნდება, არამედ პუტინის, როგორც თავად მან თქვა, ის ისეთივე რუსული იმპერიალიზმია, როგორიც ყოველთვის იყო საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ შესაბამისად უნდა გაზარდო სამხედრო ხარჯი და მოემზადო, როგორც წესი და რიგია, რათა აჩვენო რუსეთს, რომ ნატოს ქვეყნებზე არცერთი შეტევა არ დარჩება დაუსჯელი. აი, ამას უნდა ემსახურებოდეს ეს პოლიტიკა. ეს ნატოს ქვეყნების მიერ გატარებული უსაფრთხოების სავსებით საკმარისი და ადეკვატური  ზომები იქნება  პოტენციური თავდასხმის წინააღმდეგ.“

დომინიკა კოსიკი , „ევრონიუსი“:  „და როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას ამერიკული ჯარის იასიონკიდან  პოლონეთის სხვა რეგიონებში გადაყვანის შესახებ? ეს იმის ნიშანი ხომ არ არის, რომ ამერიკელებს ევროპის ამ ნაწილიდან გასვლა სურთ?“

ანჯეი დუდაპოლონეთის პრეზიდენტი: „ არა, არასოდეს. ჩემთვის ეს არ ყოფილა იმის ნიშანი, რომ რომელიმე ამერიკელი აპირებს გასვლას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკული ჯარი პოლონეთში ყოველთვის იყო და, რა თქმა უნდა, ჩვენთან არიან ის ამერიკელებიც, რომელთა დიდი ნაწილიც როტაციას ექვემდებარება, უბრალოდ ჯარისკაცები და ნაწილები იცვლებიან, მაგრამ ზოგადად რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მუდმივად იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე – დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი.  ეს თანამშრომლობა მჭიდროა და მუდმივი –  და ის კიდევ უფრო ძლიერდება, ასე რომ, ასეთი ეჭვები არ მაქვს. იასიონკაში, გარკვეულწილად, როტაცია ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალეობის შესრულება უბრალოდ ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფის ხელში გადავიდა. და ჩვენ წინასწარ გვაცნობეს ამის შესახებ, რომ ამ ჯარისკაცებს პოლონეთის სხვა მხარეში გადაიყვანდნენ.“

დომინიკა კოსიკი , „ევრონიუსი“: „თუ არსებობს იმის რისკი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იმის გამო, რომ ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას არ სურს ამ სავალდებულო წვლილის შეტანა, ჯარი გაიყვანოს ევროპიდან?“

ანჯეი დუდაპოლონეთის პრეზიდენტი: „იმედი მაქვს, რომ ისინი არ გავლენ ევროპიდან. უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ  ჯარი გერმანიიდან ევროპის სხვა ნაწილში გადაიყვანონ. ამას ყოველთვის მივესალმები. ყოველთვის ვეცდები, დავარწმუნო ამერიკის ხელისუფლება, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც დღეს დონალდ ტრამპია, რომ შეიარაღებული ძალები ევროპიდან კი არ გაიყვანოს, არამედ ეს ჯარი, როგორც სამხედროები ამბობენ, ევროპის უსაფრთხოების თეატრში მიმდინარე ცვლილებების ნაწილად აქციოს. დიახ, შეგიძლია ასეც თქვა. ფაქტობრივად, მე უკვე ავუხსენი ეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მის პარტნიორებს 2015-16 წლებში, ვარშავაში ნატოს სამიტის დაწყებამდე, ისევე, როგორც ნატოს წევრ სხვა კოლეგებს. საქმე ისაა, რომ ნატო შეიცვალა, პოლონეთი 1999-ში მიიღეს წევრად და მერე კიდევ სხვა ქვეყნები დაემატა. ნატო შეიცვალა და მისი საზღვრებიც შეიცვალა. ამიტომ მისი საზღვრები აღარ არის იგივე, როგორიც დასავლეთ გერმანიის დროს იყო, სწორედ იქ გადიოდა ეს საზღვარი 90-იან წლებამდე. მოგვიანებით ეს საზღვარი შეიცვალა გერმანიის გაერთიანების კვალდაკვალ. მერე და მერე კიდევ უფრო გაფართოვდა ნატო. საზღვრებმა გადაიწია. დღეს ეს საზღვარი უფრო აღმოსავლეთით გადმოვიდა. თუკი რამე სწორად არ მოხდა 2015 წელს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კი ვიყავით ნატოში, მაგრამ ნატო არ იყო ჩვენთან, რაც ძალიან რთული გასაგები იყო. დღეს, საბედნიეროდ, ეს პოლიტიკა შეიცვალა. ის გადაეწყო –  ასეც შეიძლება ითქვას. დღეს ნატოს ჯარი დგას ევროპაში და მე ნამდვილად ვთხოვ ამერიკის პრეზიდენტს, რომ კიდევ მეტი დანაყოფი გამოგზავნოს აქ, რათა  უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტია იყოს.“

დომინიკა კოსიკი , „ევრონიუსი“: „მაგრამ ამერიკის ბოლო ინიციატივა ევროპულ პროდუქტზე ტარიფების დაწესების შესახებ, რომელზეც ამერიკა დროებით ამბობს უარს, მაინცდამაინც არ უწყობს ხელს კარგი ურთიერთობის დამყარებას ევროკავშირსა და ამერიკას შორის.“

ანჯეი დუდაპოლონეთის პრეზიდენტი: „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განსაკუთრებული პრეზიდენტია, მე ხაზგასმით ვამბობ ამ სიტყვას – პრეზიდენტს და შეგნებულად არ ვიყენებ სიტყვა „პოლიტიკოსს“, რადგან ის პოლიტიკოსი ძალიან ცოტა ხანია არის, თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან გაატარა, როგორც ბიზნესმენმა ამერიკული ეკონომიკის ძალიან რთულ ბაზარზე. ის მუშაობდა ისეთ ინდუსტრიებში, რომლებშიც წარმოუდგენლად მაღალი კონკურენციაა ამერიკაში. ის დაკავებული იყო დეველოპერულ ინდუსტრიაში, ეს ძალიან კარგად ვიცით. იგი ფლობდა კაზინოებს, ასე რომ, ეს არის კაცი, რომელიც ძალიან სპეციფიკურ ბიზნესთამაშებშია გამოწრთობილი და აქვს საკუთარი, ათწლეულების განმავლობაში შემუშავებული ბიზნესით თამაშის მეთოდები, რომლებსაც ის პოლიტიკაში ნერგავს და ძალიან კარგად თამაშობს. მაგრამ მე ამას ვუყურებ, როგორც მხოლოდ ბიზნესთამაშს, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყენებს პოლიტიკაში ამჟამად და ძალიან კარგად თამაშობს თავისი მეორე ვადის დროს. მასთან მოლაპარაკებებზე უნდა წახვიდე, უბრალოდ ძალიან მტკიცედ უნდა დადგე და მოელაპარაკო. მარტივია.“

დომინიკა კოსიკი , „ევრონიუსი“: „როგორ აფასებთ პუტინის მიერ ბოლოს შემოთავაზებულ სამშვიდობო წინადადებას, რომ დარჩეს უკრაინის ის ტერიტორია, სადაც ახლა დგას. როგორ გგონიათ, ამერიკა და თავად უკრაინა მიიღებენ ამას?“

ანჯეი დუდაპოლონეთის პრეზიდენტი: „მე ძალიან გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. ეს უზომოდ რთული ვითარებაა. ყველას გვინდა, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. იმიტომ გვინდა უკრაინაში ომის დასრულება, რომ იქ ხალხი იხოცება და ეს უნდა შეწყდეს.  ამ კუთხით შესანიშნავად მესმის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, როდესაც ის ამაზე საუბრობს. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ აუცილებელია, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. მაგრამ ხაზგასმით ვამბობთ იმასაც, ჩვენი საკუთარი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, რომ ის უნდა დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით.“

დომინიკა კოსიკი , „ევრონიუსი“: „და რას ნიშნავს ეს?“

ანჯეი დუდაპოლონეთის პრეზიდენტი „ ეს ნიშნავს ისეთ მშვიდობას, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ რუსეთი აღარ დაესხმება თავს არავის, რომ აღარ დაიპყრობს უკრაინას და აღარ იქნება ომი. აი, ასეთი პირობები უნდა შემუშავდეს. ეს, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ უნდა შედგეს კომპრომისი. იმას ვგულისხმობ, რომ ეს მშვიდობა ისე უნდა დამყარდეს, რომ ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლოს იმის თქმა, რომ ეს ომი მოიგო, რადგან ორივე მხარემ, გარკვეულწილად, რაღაც უნდა დათმოს. უკრაინამ, რაღაც თვალსაზრისით, უნდა დათმოს, რადგან, სავარაუდოდ, სწორედ ასე მოხდება. რა დონემდე უნდა დათმოს? ჩემთვის რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე. პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და თავიდანვე ამას ამბობდა, როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და იბრძოდა მეორე ვადისთვის, რომ სურს ომის დაუყოვნებლივ დე ფაქტო დასრულება უკრაინაში. მისი ასეთი მტკიცე პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მისი უნარი, რომ იმუშაოს, გამართოს მოლაპარაკებები და მიიღოს მომგებიანი პირობები, რათა მართლაც შექმნას გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია.“

დომინიკა კოსიკი , „ევრონიუსი“: „თუმცა ახლახან ტრამპი, ცოტა არ იყოს, ისევ აღელდა და თქვა, რომ თუ რუსეთი და უკრაინა ვერ შეთანხმდებიან, ის დატოვებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და აღარ მიიღებს მონაწილეობას.“

ანჯეი დუდაპოლონეთის პრეზიდენტი: „თუ შეიძლება, ისიც მიიღეთ მხედველობაში, რომ ეს ომი იმ მხარეებსაც ფიტავს, რომლებიც ბრძოლაში არიან ჩართული. ის ქანცავს რუსეთს. მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი გაანადგურა სანქციებმა, რომელთა გამოც მისი ეკონომიკა ომის მოდელზე გადაერთო. ამაში ყოველთვის იხდი როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ ფასს და ა.შ.  ვლადიმერ პუტინიც, ამ მხრივ, შესაძლოა ითქვას, სახიფათო თამაშს თამაშობს. რა თქმა უნდა, ეს ომი საშინლად ფიტავს უკრაინას, რომელიც რუსეთის მსგავსად კარგავს ხალხს, მაგრამ კიდევ კარგავს ინფრასტრუქტურას ყოველდღე. ქვეყანა უბრალოდ განადგურებულია ომისგან. ასე რომ, ამ ქვეყნებსაც სურთ ომის დასრულება. რა თქმა უნდა, ორივეს უნდა გამარჯვება ამ ომში. ეს ბუნებრივია. და როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ეუბნება მათ, რომ, თუ სერიოზულად არ დაიწყებენ მოლაპარაკებას და არ დათანხმდებიან თამაშის გონივრულ წესებს, მე ამ საქმიდან გავალო –  ჩემი აზრით,  ამას სწორედ იმიტომ ამბობს, რომ იცის,  მხოლოდ ამერიკის წნეხს შეუძლია დაასრულოს ეს ომი და დაამყაროს ისეთი მშვიდობა, რომელიც არ იქნება კომფორტული ომის მონაწილე არცერთი მხარისთვის. მაგრამ ალბათ სწორედ ამის გამო იქნება ხანგრძლივი.“

დომინიკა კოსიკი , „ევრონიუსი“:  „უნდა შევიდეს უკრაინა ნატოში?“

ანჯეი დუდაპოლონეთის პრეზიდენტი: „პირადად მე, როგორც უკრაინის მეზობელი, ვფიქრობ, რომ  – კი. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამას ვამბობ, როგორც მეზობელი, რადგან ეს ნატოს აღმოსავლეთ საზღვრის გაფართოება იქნება და პოლონეთის ინტერესებისთვის ძალიან ხელსაყრელია, თუკი ნატოს საზღვარი უფრო აღმოსავლეთით გადაიწევს. დღეს ნატოს საზღვარი ჩვენზე გადის.“

დომინიკა კოსიკი , „ევრონიუსი“:  „ევროკავშირში თუ უნდა შევიდეს?“

ანჯეი დუდაპოლონეთის პრეზიდენტი: „აუცილებელია, ყურადღება მიექცეს, თუ რა იქნება ამის პირობები, არა? რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ, მართალია, უკრაინას მრავალი კუთხით სჭირდება ჩვენი დახმარება და ის შესაძლოა გახდეს ევროკავშირის დე ფაქტო წევრი ამ სიტყვის სრული გაგებით. ამას სჭირდება უაღრესად მოწინავე და ძვირად ღირებული თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც უკრაინის მიმართ უნდა გატარდეს. დღეს აუცილებელია უკრაინის აღდგენა ომის შემდეგ, მაგრამ უკრაინას აქვს სოფლის მეურნეობა, რომელსაც, ვშიშობ, შეუძლია მთელი ევროპის სოფლის მეურნეობა გადაფაროს. ამიტომ ეს პირობები უნდა იყოს გათვალისწინებული და ძალიან დაბალანსებული, რათა ჩვენც, იმ ქვეყნებმა, რომლებსაც გვაქვს სოფლის მეურნეობა ევროკავშირში, შევძლოთ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, დავიცვათ ჩვენი ფერმერები, რათა მათ შეძლონ თავის გატანა უაღრესად მძლავრი უკრაინის სოფლის მეურნეობასთან კონკურენციის პირობებში. უკრაინის სოფლის მეურნეობას საოცარი შესაძლებლობები აქვს უკრაინის ნაყოფიერი ნიადაგის გამო, რომელიც განაპირობებს უკრაინის საოცარ სიმდიდრეს.“

ავტორები: დომინიკა კოსიკი და იესე დიმიკლუვე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend