მთავარიგადაცემებიEuropean Storiesუნდა მოხდეს თუ არა უკანონო მიგრანტების დეპორტაცია ევროკავშირის ფარგლებს მიღმა მდებარე მიგრანტთა...

უნდა მოხდეს თუ არა უკანონო მიგრანტების დეპორტაცია ევროკავშირის ფარგლებს მიღმა მდებარე მიგრანტთა ცენტრებიდან?

უკანონო მიგრაციის შემცირებისა  და რეგულირების მიზნით ევროპამ გამოიტანა სადავო კანონპროექტი, რომელიც მიგრანტების უკან დაბრუნებაზე გათვლილი ცენტრების ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გატანას გულისხმობს. თუმცა ისმის კითხვა, შეესაბამება თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტს უკანონო მიგრაციის ევროპის საზღვრების გარედან მართვა?

ევროკომისია მიგრანტების დაბრუნების ერთიანი ევროპული სისტემის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიზანიც უკანონო მიგრაციის შემცირება და იმ მიგრანტების დაბრუნების პროცესის დაჩქარებაა, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ.

მიგრანტების გაბრუნების მაჩვენებელი დღესდღეობით დაახლოებით 20%-ია. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს. ამ ინიციატივის კონცეფცია მესამე ქვეყნებში დაბრუნების ცენტრების შექმნასაც გულისხმობს, რაც ორმხრივი  ან ევროკავშირის დონეზე  დადებული შეთანხმებების საფუძველზე მოხდება. თუმცა ასეთი შეთანხმებების განხორციელება და ლეგალური ალბათობა საკმაოდ კომპლექსური საკითხია. ამის მაგალითი იტალია-ალბანეთის შეთანხმებაა.

2023 წელს  რომმა და ტირანამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორი ცენტრის შექმნის თაობაზე, რომლებიც თავიდან თავშესაფრის ისეთ მაძიებლებს შეიფარებდა, რომლებიც ე.წ. „უსაფრთხო“ ქვეყნებიდან შემოვიდოდნენ და რომლებსაც საერთაშორისო წყლებში აიყვანდნენ. იტალიის სასამართლოებმა სამჯერ დაბლოკეს ეს პროცედურა საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ხარვეზების გამო. ამის შემდეგ რომში გადაწყვიტეს, აღნიშნული ცენტრებისთვის ახალი ფუნქცია მიენიჭებინათ და ისინი გამოეყენებინათ, როგორც  უკან გამბრუნებელი ცენტრები იმ მიგრანტებისთვის, რომელთაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ.  ადამიანის უფლებადამცველი 100-ზე მეტი  ორგანიზაცია გაფრთხილებას იძლევა, რომ მიგრაციის მართვის პოლიტიკის საზღვრებს გარეთ  გატანა, დიდი ალბათობით, ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს გამოიწვევს.

თავშესაფარი, ციხე ან გაძევება

ნეაპოლის ჩრდილოეთით დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს პატარა მუნიციპალიტეტი პარეტე, რომელიც სოფლის მეურნეობისა და მიგრანტების მიწაა. ბევრი აქ სამუშაოს საძებნელად ჩამოდის. ეგვიპტელი თავშესაფრის მაძიებელი მოეტაზი აქ 2024 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა თავის მამასთან – ატეფთან, რომელიც  უკვე 20 წელია იტალიაში იმყოფება. 28 წლის მოეტაზმა ხმელთაშუა ზღვა გადმოკვეთა ლიბიიდან, სადაც, როგორც თავად ამბობს დააკავეს და აწამეს. მას შემდეგ რაც  საერთაშორისო წყლებში გადაარჩინეს, ის თავშესაფრის მაძიებელთა იმ პირველ ნაკადში მოყვა, რომელიც იტალიამ პირდაპირ ალბანეთის მიგრანტთა მიმღებ ცენტრში გაუშვა.

„ჩემსა და ლამპედუზის სანაპიროს შორის 200 მეტრზე მეტი არ იქნებოდა,“ – იხსენებს მოეტაზი. „უკვე, ფაქტობრივად, ლამპედუზამდე მისული ვიყავით. უეცრად თარჯიმანი მოვიდა, თან ფურცლის ნაგლეჯი მოიტანა და გვითხრა: „თქვენ ალბანეთში გადაგაგზავნიან, სადაც მოითხოვთ თავშესაფარს. თუ მოგცემენ, მერე წახვალთ იტალიაში. თუ არ მოგცემენ, ისინი გადაწყვეტენ თქვენს ბედს – ან გაგაძევებენ, ან ციხეში გაგიშვებენ“.

მოეტაზი მცირე სამაშველო ნავიდან იტალიური ფლოტის გემზე გადაიყვანეს. იქ სამი დღე იყო, სანამ ალბანეთში ჩავიდოდა.

მოეტაზი ალბანეთში მხოლოდ ერთი კვირა დარჩა. რომის სასამართლომ გააუქმა მისი დაკავება იმის საფუძველზე, რომ შეუძლებელი იყო მოეტაზის სამშობლო „უსაფრთხო“ ქვეყნად ეცნოთ. ამ სიმბოლურმა საქმემ ზედაპირზე ამოატივტივა ყველა ნაკლი იმ სისტემისა, რომელიც იტალიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა მართვის ქვეყნის საზღვრების  გარეთ გატანას ემსახურება. ეს საკითხი ახლა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს ხელშია. მოეტაზის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პროცედურების დაჩქარება იმ მიგრანტებისთვის, რომელთა მდგომარეობასაც არ თვლიან „სახიფათოდ“ და რომლებიც ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნებიდან“ ჩამოდიან, არღვევს იტალიის კონსტიტუციას.

„ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, პიროვნების მესამე ქვეყანაში დაკავება – დღეს ეს ქვეყანა ალბანეთია, მაგრამ ხვალ ეს შესაძლოა იყოს ტუნისი, ნიგერი ან სხვა ქვეყანა – ნიშნავს უარის თქმას მისთვის იმაზე, რომ გამოიყენოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები,“ – განმარტავს ჯენარო სანტორომოეტაზის ადვოკატი. „ამ შემთხვევაში ალბანეთშიც კი, რომელიც ასე ახლოს არის იტალიასთან, ვერ შევძელი რამე კონტაქტის დამყარება ჩემს კლიენტთან საქმის მოსმენამდე. მხოლოდ მოსმენის დროს აღმოვაჩინე, რომ მას ლიბიაში აწამებდნენ და რომ ის ეგვიპტეში გაიქცა, რადგან დევნიდნენ ლიბიაში“.

თანამშრომლობის გარეშე, გამოსავალი არ მოიძებნება

მიგრანტთა დაბრუნების საკამათო კანონპროექტის მხარდამჭერი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე ტომას ტობე იტალია-ალბანეთის ხელშეკრულებას ემიჯნება.

“როცა ერთიანი საზღვარი გაქვს, ერთიანი ევროპული პოლიტიკაც გჭირდება. და დღეს მიგრანტების დაბრუნებასთან დაკავშირებით 27 განსხვავებული მიდგომა გვაქვს. დღესდღეობით მიგრანტების გაბრუნების გადაწყვეტილებებიდან მხოლოდ 20%-ია ეფექტიანი. ამიტომ ვდგამთ ახალ ინოვაციურ ნაბიჯს გაბრუნების ცენტრებთან დაკავშირებით“, – ამბობს ტობე. იგი აღიარებს, რომ ევროპის ფარგლებს გარეთ მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა ადვილი არ იქნება:

“მე არ ვამბობ, რომ  ადვილი იქნება ევროპის ფარგლებს გარეთ მრავალ ქვეყანასთან თანამშრომლობა, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქეთთან. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ევროპის მეზობელი ქვეყნების არჩევა. უამრავი კრიტიკა მესმის მემარცხენეებისგან, თუმცა უკიდურესი მემარჯვენეებიც გვაკრიტიკებენ. ისინი რეალურად იმას ამბობენ, რომ არ უნდა გვქონდეს არანაირი თანამშრომლობა. თუმცა არც გამოსავალს გვთავაზობენ. ჩვენ გვყავს ისეთი ხალხი, რომელსაც აქვს ევროპაში თავშესაფრის მიღების უფლება და ისინი უნდა დავიცვათ, მაგრამ ვერ გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, როდესაც  ვამბობთ, რომ უარის მიღება რეალურად არაფერს ნიშნავს. რომ არ არის საჭირო უკან გაბრუნება. ასე ვერ გაგრძელდება“.

2018 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის საზღვრებს მიღმა მოქმედი დაბრუნების ცენტრები უკანონოდ გამოაცხადა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის კონცეფციები, რომლებიც ერთ დროს უკიდურეს მემარჯვენეებს ეკუთვნოდათ, ახლა ევროკავშირის ძირითად პოლიტიკად იქცა.

ავტორი: მონიკა პინა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend