თბილისში, ყოვლადწმიდა მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში, პაპ ფრანცისკეს სულის მოსახსენიებელი ლიტურგია აღევლინა. მესას კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო გაუძღვა.
ლიტურგიას კათოლიკური ეკლესიის მრევლთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი, ანტე იოზიჩი, ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად 12-წლიანი მსახურების შემდეგ პაპი ფრანცისკე ორშაბათს, 21 აპრილს, 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა. 14 თებერვალს პაპი ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც შინ 29 მარტს დაბრუნდა.
პაპი საზოგადოებამ ბოლოს კვირას, 20 აპრილს, იხილა, როცა იგი წმინდა პეტრე მოედანზე შეკრებილებს უკანასკნელად მიესალმა.
წინამორბედებისგან განსხვავებით, რომის 266-ე პაპს არა წმინდა პეტრეს, არამედ სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ეს მის ღრმა პატივისცემასა და სიყვარულს უკავშირდება ღვთისმშობლის ხატის მიმართ, რომელიც ამ ბაზილიკაშია დაბრძანებული.