მთავარიევროპასერბეთისტუდენტების საპროტესტო მარათონი სერბეთში

სტუდენტების საპროტესტო მარათონი სერბეთში

სერბეთში უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტები ახალი ინიციატივით გამოვიდნენ –  ისინი ბრიუსელამდე 2 000 კილომეტრს გაირბენენ. ახალგაზრდების მიზანი კორუფციის წინააღმდეგ მათ მრავალთვიან ბრძოლაზე ევროკავშირის ყურადღების მიპყრობაა. 20-ზე მეტმა სტუდენტმა სტარტი ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვი-სადიდან აიღო. „ულტრამარათონი“, როგორც ისინი უწოდებენ, სავარაუდოდ, 18 დღეს გასტანს.

„ძალიან რთული იქნება, მაგრამ მივაღწევთ, უნდა მივაღწიოთ. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ ეს მოგზაურობა დაგვეწყო, ვიცოდით, რომ ბოლომდე გავიდოდით. ხალხი ჩვენ გვერდით იქნება, საზღვარგარეთიდანაც შეგხვდებიან, მთელი ევროპიდან. ისინი გვიბიძგებენ და მხარს დაგვიჭერენ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ“, – ამბობს ნიკოლა კოიჩინი, სტუდენტი სერბეთიდან.

პირველი გაჩერება ხორვატიის ქალაქი ოსიეკია. გზად მათ ასობით მხარდამჭერი ამხნევებს. ახალგაზრდები სერბეთის ანტიკორუფციული მოძრაობის მთავარი საყრდენი არიან. სწორედ ისინი არიან პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩისთვის უმთავრესი დაბრკოლება.

მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩი სერბეთს ფორმალურად ევროკავშირის წევრობისკენ მიუძღვის, მას ადამიანის უფლებების შეზღუდვასა და რუსეთსა და ჩინეთთან კავშირების გაღრმავებაში ადანაშაულებენ. სტუდენტების თქმით, მათი „ულტრამარათონი“ ევროკავშირის შტაბ-ბინამდე ბლოკისთვის იმის შეხსენებაა, რომ მან საკუთარი ღირებულებები – თავისუფლება, ღირსება და კანონის უზენაესობა უნდა დაიცვას.

„ეს არის ესტაფეტური ულტრამარათონი. თან წავიღებთ წერილს, სადაც ეწერება ყველაფერი, რაც მოხდა, განსაკუთრებით 2024 წლის 1-ელ ნოემბერს სერბეთში. ამ წერილს ევროპარლამენტის სესიაზე ხმამაღლა წაიკითხავენ, რათა ხალხმა უფრო მეტი გაიგოს სერბეთში მიმდინარე ღრმა პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე“, – ამბობს ალექსა დიმიტრიევიჩი, სტუდენტი.

ვუჩიჩს არაერთხელ უთქვამს, რომ სტუდენტების პროტესტი „ფერადი რევოლუციაა” და ისინი უცხოური მითითებებით „სერბეთის განადგურებას” ცდილობენ. მან ხუთშაბათს, 24 აპრილს, ტელეარხ Informer-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სერბეთს „თავს ესხმიან”. ამასთან, მან პროტესტი ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.

სტუდენტები ამბობენ, რომ ევროკავშირისგან დახმარებას არ ითხოვენ, თუმცა ევროპას ახსენებენ, რომ დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ოფიციალურ დეკლარაციებში არ უნდა იყოს დაცული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend