მთავარიევროპავატიკანიპაპ ფრანცისკეს დაკრძალვას 170 საერთაშორისო დელეგაცია დაესწრება

პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას 170 საერთაშორისო დელეგაცია დაესწრება

მსოფლიოს გარშემო ასობით ათასი მორწმუნე შაბათს, 26 აპრილს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასწრებას ელის – მათ შორის იქნებიან სახელმწიფო მეთაურები და სამეფო ოჯახების წევრებიც.

დასწრება დაადასტურეს: პრინცმა უილიამმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ესპანეთის მეფემ და დედოფალმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა და სხვებმა.

პაპ ფრანცისკეს დაკრძალვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მსოფლიო ლიდერების ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური შეკრება იქნება.

ვატიკანის წარმომადგენლები დაკრძალვის სამზადისში დიპლომატიური უხერხულობის თავიდან აცილების გზებსაც განიხილავენ, რადგან ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარება 170 საერთაშორისო დელეგაციის განლაგების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

როგორც ეს 2005 წელს პაპ იოანე პავლე მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა, დელეგაციების წარმომადგენლები არა პოლიტიკური წონის, არამედ ფრანგული ანბანის მიხედვით განლაგდებიან. რაც ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთის გვერდით არ ისხდებიან. თუმცა, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, მას ვატიკანში ცერემონიის პარალელურად, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა სურს. ეს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ.

გავრცელებული ცნობებით, ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას განიხილავენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიუ კოშტა და რობერტა მეცოლაც. პაპის დაკრძალვას არ დაესწრებიან ვლადიმირ პუტინი და ბენიამინ ნეთანიაჰუ, რადგან ორივე ლიდერზე ომის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის საერთაშორისო დაპატიმრების ორდერია გაცემული.

შესაბამისად, ცერემონიაზე რუსეთს კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა წარმოადგენს, ისრაელს კი სახელმწიფოს ელჩი იტალიაში. პაპი ფრანცისკე, რომელიც 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა  – რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ძალისხმევაში სულ უფრო აქტიურ როლს თამაშობდა. თუმცა, ბევრი უკრაინელი მიიჩნევს, რომ ფრანცისკე უკრაინის გადარჩენისთვის ბრძოლის მნიშვნელობას აკნინებდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში პაპის მიერ მშვიდობის დამყარებისკენ გაკეთებულმა მოწოდებებმა, რომლებითაც იგი უკრაინელებსა და რუსებს ძმებად მოიხსენიებდა – უკრაინაში ვატიკანის მიმართ იმედგაცრუება გამოიწვია.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლობის პერიოდში პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობის შესახებ ბევრი განცხადება გააკეთა, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში თავს არიდებდა რუსეთის აგრესორად მოხსენიებას.

მიუხედავად ამისა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ის ფაქტი, რომ კიევსა და ვატიკანს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხაზი შენარჩუნდა, მაშინ, როდესაც პაპს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია არასდროს ჰქონია, უკრაინა-ვატიკანის მეტ-ნაკლებად ჯანსაღ ურთიერთობებზე მიანიშნებს.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაპ ფრანცისკეს მოწოდებები მშვიდობის შესახებ უკრაინის სხვა მოკავშირეებთან შედარებით მეტად მოზომილი იყო – ეს მიდგომა ეფუძნებოდა რწმენას, რომ ომი კონფლიქტის ნამდვილ გამომწვევ მიზეზებს ვერასდროს აღმოფხვრის.

პაპს 26 აპრილს დაკრძალავენ, მის საფლავზე მხოლოდ ერთი სიტყვა – ფრანცისკე იქნება ამოტვიფრული. მოქალაქეები მისი საფლავის მონახულებას კვირას დილიდან შეძლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend