მთავარისაქართველოNATO-ს გენერალური მდივნის ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის...

NATO-ს გენერალური მდივნის ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის შესახებ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ყოველწლიური გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 2024 წლის განმავლობაში სამხედრო ალიანსის მთავარი მიღწევები და პრიორიტეტებია მიმოხილული.

დოკუმენტში საქართველოსა და უკრაინის შესახებ აღარ წერია, რომ ეს ორი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან. 2024 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, ეს დათქმა 2023 წლის ოფიციალურ დოკუმენტში ხაზგასმული იყო. თუმცა დოკუმენტში საუბარია NATO-ს საერთაშორისო წვრთნებსა და ოპერაციებში საქართველოს აქტიური მონაწილეობის შესახებ.

„სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს სამივე პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას.

NATO-მ და საქართველომ ასევე განაგრძეს პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ისევე როგორც ალიანსთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს თავდაცვის ძალებმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში 2024 წლის ივნისში გამართულ წვრთნებში და ასევე 2024 წლის სექტემბერში NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში – „ზღვის მცველი“. სამხრეთ კავკასიაში ალიანსის ჩართულობას მხარს უჭერს NATO-ს სამოკავშირეო ოფისი თბილისში”, – ვკითხულობთ მარკ რუტეს ანგარიშში.

მარკ რუტეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წელს NATO-ს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვაზე ერთობლივად 486 მილიარდი დოლარი დახარჯეს – შედეგად, 2023 წელთან შედარებით ალიანსის თავდაცვის ხარჯები ჯამში 19.4%-ით გაიზარდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ალიანსის წევრი სახელმწიფოების ხარჯების ზრდის შედეგად, NATO-მ თავდაცვისთვის სულ 700 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყო.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ NATO-ს 32 წევრიდან 22-მა სახელმწიფომ თავდაცვის ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ნიშნულს მიაღწია. ეს ერთი ათწლეულის წინანდელ მაჩვენებელზე ბევრად მაღალია, როდესაც ალიანსის თავდაცვისთვის საკუთარი მშპ-ის 2% მხოლოდ 3-მა ქვეყანამ გამოყო.

NATO-ს სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი წილი, 64%, კვლავ აშშ-ზე მოდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend