მთავარისაქართველო„გამორიცხული არაფერია“ - ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მეორედ წავიდა

„გამორიცხული არაფერია“ – ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მეორედ წავიდა

„ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. ამიტომ გადავწყვიტე, დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა და პოლიტიკიდან გავიდე… ვრჩები როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად“, – ამ სიტყვებით ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაც, პარტიაც და ქართული პოლიტიკაც უკვე მეორედ დატოვა. საქმიანობის გაგრძელებას ის კერძო სექტორში გეგმავს, თუმცა პოლიტიკაში არც მესამედ დაბრუნებას გამორიცხავს, ამბობს, რომ „გამორიცხული არაფერია“.

საზოგადოებისთვის 25 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილება ღარიბაშვილის თქმით, გუნდის სხვა ლიდერებთან შეთანხმებული ბევრად ადრე აღმოჩნდა. მიზეზად კი, „ქართული ოცნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება დაასახელა.

„მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ. სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად უზრუნველვყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ყოველთვის ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძელი და მოვახერხე, უფლის შეწევნითა და წყალობით პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ასევე ჩვენი პარტიის წინაშე, რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიტიკიდან მეორედ წასულ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე ყოფილი თანაგუნდელები „საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაში განმსაზღვრელსა“ და ე.წ. „მეორე ფრონტისგან“ მხსნელს უწოდებენ.

„იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ბაიდენს ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. აშშ-ის ყოფილი ელჩი პირდაპირ კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, მათ შორის ჩემს კაბინეტშიც იყო იმისთვის, რომ საქართველო ეიძულებინა რუსეთთან ესკალაციაზე წასულიყო. ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელი მკაცრი, პირდაპირი პოზიცია, მისი როლი მშვიდობის შენარჩუნებაში ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად, ამ მხრივ არის განმსაზღვრელი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მაშინ მან ამ წნეხს გაუძლო“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ვიდრე „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს მმართველი პარტიის წევრები გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდიან, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლურ სანქციებსა და პარტიაში არსებულ კრიზისს თავი აარიდა.

„ღარიბაშვილმა თავი გადაირჩინა, ეს თავის გადარჩენისა და იმ მილიონების გადარჩენის მცდელობაა, რომლებიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ სახელით ქართველ ხალხს მოჰპარა. ასევე სურვილი რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება, ცხოვრება. ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი“, – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ.

„ივანიშვილის გუნდი დღეს არის ჩაძირული გემი, რომლიდანაც გარბიან ადამიანები სანქციების შიშით. მათ არ უნდათ, აიღონ პასუხისმგებლობა იმ რუსულ საქმეზე, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი პროცესით. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ პირიქით, ძალაუფლება უფრო კონსოლიდირებული ხდება ივანიშვილისა და მისი დავალებების შემსრულებელ ირაკლი კობახიძის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს შორის“, – თქვა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაცია, 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებაში ყოფილი ხელისუფლების დადანაშაულება – ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სახელს, მის მეორედ გაპრემიერებას უკავშირდება. თუმცა, მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჩაიწერა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაგეგმილზე ადრე შეტანა და კანდიდატის სტატუსის მიღება – ნაბიჯები, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე ასევე მის მიერ პრემიერობის პირველი ვადისას ხელმოწერილი „ასოცირების შეთანხმების“ გაგრძელებად იქცა.

მმართველი პარტიის ოპონენტთა ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას, 2024 წლის 28 ნოემბერს მისი მემკვიდრის, ირაკლი კობახიძის, გადაწყვეტილებას უკავშირებს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყება, სულ მცირე, ოთხი წლით გადაავადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებებს ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფუძვლო უწოდა და უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან ნებისმიერი ტიპის დაპირისპირება გამორიცხა.

„ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ ჯერ კიდევ უცნობი რჩება, ვინ ჩაანაცვლებს ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ სპეციალურად მოწვეულ ყრილობაზე უნდა მიიღოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend