კრემლის დარბაზებში სტივენ უიტკოფს უკვე კარგად ცნობენ, ვლადიმერ პუტინს მეოთხედ ხვდება და საკმაოდ თბილადაც. ამჯერად, მოსკოვში მისი მეგობრის, დონალდ ტრამპის, სამშვიდობო გეგმა ჩაიტანა. დოკუმენტით რუსული მხარე კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან მასში უკრაინა NATO-ს მომავალ წევრად აღარ განიხილება, მიტაცებული ტერიტორიები კი რუსეთს რჩება, ნაწილი დე-იურედ, ნაწილი დე-ფაქტოდ. Reuters წერს, რომ გეგმის მიხედვით, უკრაინას ტრამპმა მხოლოდ ხარკივის ოლქი, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური და ხერსონის მარცხენა სანაპირო განუსაზღვრა. კიევის უსაფრთხოების გარანტორი კი არა აშშ, არამედ ევროპაა.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენ მზად ვართ შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული კონკრეტული პუნქტები, ამ შეთანხმების ელემენტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და ჩვენ სწორედ ამ პროცესით ვართ დაკავებულები. პრეზიდენტი ტრამპი, შესაძლოა, ერთადერთი ლიდერია დედამიწაზე, რომელიც აღიარებს ამ სიტუაციის ძირეული მიზეზების მოგვარების აუცილებლობას, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინის NATO-სკენ წაყვანა უდიდესი შეცდომა იყო”, – აღნიშნა დასავლურ მედიასთან საუბრისას სერგეი ლავროვმა.
აშშ-ის მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ეს თეთრ სახლში უშვებენ შეცდომას, თუ ფიქრობენ, რომ მოსკოვთან ამ მასშტაბის დათმობებზე წასვლა პრობლემას მოხსნის. დონალდ ტრამპი კი პირიქით, თვლის, რომ ეს მოსკოვი წავიდა დიდ დათმობაზე, როდესაც უკრაინა მთლიანად არ დაიპყრო.
„ომის შეჩერება, მთელი ქვეყნის აღების შეჩერება საკმაოდ დიდი დათმობაა. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, თუ რა ზეწოლას ვახდენ რუსეთზე. ჩვენ დიდ ზეწოლას ვახდენთ და რუსეთმა ეს იცის. გვინდა, რომ შეთანხმება სწრაფად მოხდეს და ვფიქრობ, NATO-შიც ყველას ეს უნდა. გვაქვს კონკრეტული ვადა და ამის შემდეგ ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება გვექნება. ვფიქრობ, რომ ომის დასრულების ძალიან კარგი შანსია”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ამერიკელი პრეზიდენტის პათოსს არ იზიარებენ კიევში. ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქში ხაზგასმით ამბობენ, რომ ამერიკული შემოთავაზებები არ განიხილება და რუსეთისთვის მიტაცებული ტერიტორიების დაკანონება უკრაინელებისთვის წარმოუდგენელი პერსპექტივაა. ევროპელებთან ერთად კიევი დონალდ ტრამპს ალტერნატიულ გეგმას უგზავნის. დოკუმენტის თანახმად, ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს და ტერიტორიებზე მოლაპარაკებები მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ყირიმის არაღიარებაზე ზელენსკის რიტორიკა დაიწუნა, კიევი ვაშინგტონის გაღიზიანებას ერიდება. თუმცა ასე მოხდა, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტი ხვალ რომის პაპის დაკრძალვაზე ერთად მოხვდება, მათთან ერთად კი დასავლური კოალიციის ლიდერებიც. იტალიაში გასაუბრების შესაძლებლობა არც ერთ მხარეს არ გამოურიცხავს.
„ლონდონში მოლაპარაკებებზე, უკრაინულმა მხარემ წინა შემთხვევების მსგავსად გაუსვა ხაზი მის პრინციპულ პოზიციას ხანგრძლივი მშვიდობის თვალსაზრისით. ეს არ ეხება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას, არამედ უფრო ფართო გადაწყვეტას. ძალიან კარგად იცით ის სამი პრინციპული პოზიცია, რომლებიც არაერთხელ გავიმეორეთ: უკრაინა არასოდეს აღიარებს არცერთ მის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობაში; უკრაინა არასოდეს მიიღებს რაიმე სახის შეზღუდვას მის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით; მესამე – სახელმწიფოს არ აქვს ვეტოს უფლება განსაზღვროს უკრაინის არჩევანი მოკავშირეებსა და პარტნიორებთან”, – აღნიშნა ჰეორჰი ტიხიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
მშვიდობის მისაღწევად დონალდ ტრამპის მიერ დათქმული დრო ჯერ კიდევ მაშინ ამოიწურა, როდესაც მისთვის პოსტზე დაბრუნების მეორე დღე გათენდა. ახლა მას 30 აპრილამდე აქვს ვადა, შეასრულოს კიდევ ერთი პირობა, რომლის მიხედვითაც, ომი მისი პრეზიდენტობის 100 დღეში უნდა დასრულებულიყო. თეთრი სახლის ადმინისტრაციაში იმედს არ კარგავენ.
„ეს ომი დასრულებადია. უბრალოდ ორივე მხარე უნდა დათანხმდეს ამას. ჩვენ მათ ვუჩვენეთ გზა განვიხილეთ იდეები, გვქონდა კარგი შეხვედრები მთელი კვირის განმავლობაში. ვუჩვენეთ მათ ფინიშის ხაზი.ჩვენ გვჭირდება, რომ ორივე მათგანმა თქვას კი. რაც გასულ ღამით მოხდა სარაკეტო იერიშებით, ყველასათვის იმის შეხსენებაა, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
ევროპელებისთვის კი სარაკეტო იერიშები იმის შეხსენება უფროა, თუ ვინ არის ამ ომში აგრესორი და ვის არ უნდა მშვიდობა. ევროკავშირში უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და მის სამხედრო დახმარებას აგრძელებენ. ბალტიისპირეთის, ჩეხეთის, საფრანგეთისა თუ ბრიტანეთის საგარეო კომიტეტებმა დღეს აშშ-ს მიმართეს, არ წავიდნენ კომპრომისზე რუსეთთან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.