მაღალი მოლოდინების მიუხედავად, დონალდ ტრამპი ომს ჯერ ვერ ამთავრებს. ბრაზობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისთვის ყირიმის გადაცემაზე ვერ დაითანხმა. ჩანს, რომ მცდელობები გაგრძელდება.
არაა გამორიცხული, რომის პაპის დაკრძალვაზე იტალიაში ჩასული მსოფლიო ლიდერები ომის ბედის გადაწყვეტას კულუარებში შეეცადონ.
„მე არ ვიცი, ის მოდის თუ არა პაპის დაკრძალვაზე. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გადაწყვეტს, რადგან ჩვენ ვკარგავთ დაახლოებით 3 000-დან 5 000-მდე ჯარისკაცს ყოველკვირეულად. ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ადამიანები არიან. თუ მე შემიძლია ეს გადავჭრა, დიდებული იქნება, თუ არა და … ვიტყოდი, რომ რუსეთი მზადაა. ბევრი ამბობდა, რომ რუსეთს ყველაფრის მიღება სურდა, მიუხედავად ამისა, მათთან შევთანხმდით. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ზელენსკისთანაც. მეგონა, რომ მასთან უფრო მარტივი იქნებოდა მოლაპარაკება, აღმოჩნდა. რომ ის უფრო რთულია, მაგრამ არა უშავს”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს იმის მტკიცებაც მოუხდა, რომ ამ ომში ფავორიტები არ ჰყავს. ეს მას შემდეგ, რაც მის მიერ შედგენილ სავარაუდო სამშვიდობო გეგმაში მსოფლიომ რუსეთისთვის ზედმეტად სასიამოვნო პასაჟები ამოიკითხა.
ნეიტრალობის დასადასტურებლად აშშ-ის პრეზიდენტი კიევზე რუსეთის მასირებულ თავდასხმასაც გამოეხმაურა, სიტყვებით “ვლადიმერ შეჩერდი” – სადაც რუს კოლეგას მიმართავდა. თუმცა რუსეთში მისი სხვა განცხადება ახარებთ, რომლითაც ტრამპმა თქვა, რომ უკრაინამ ყირიმი ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგა.
„ეს სრულად ესადაგება ჩვენს გაგებას და იმას, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. რა შემიძლია ამაზე მეტი გითხრათ. ჩვენ არ შეგვიძლია და არც გვსურს, კომენტარი გავაკეთოთ გაჟონილ ინფორმაციაზე, სავარაუდო გეგმის – სავარაუდო დეტალებთან დაკავშირებით. ვართ მობილიზებული დარეგულირების პროცესზე და ვაფასებთ ამ მხრივ ამერიკელების ძალისხმევას. ვაგრძელებთ მათთან მუშაობას მშვიდობის მისაღწევად, საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით”, – პასუხობს ჟურნალისტებს კრემლის სპიკერი.
საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას ცდილობს უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში ვიზიტი მასირებული რუსული დარტყმების გამო შეკვეცა. ის ვაშინგტონს ყირიმის დეკლარაციასა და ტრამპის პირველი ვადისდროინდელ პოლიტიკას ახსენებს, როდესაც ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების მიტაცება და მათი აღიარება მკაცრად იგმობოდა.
კიევის დაკვირვებით შტატებში მიდგომები შეცვლილია. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ცდილობს, ვაშინგტონის კეთილგანწყობა შეინარჩუნოს. ლონდონში გამართულ შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინამ ახალი დოკუმენტი შეიმუშავა, რომლის მთავარი სათქმელიც ისაა, რომ ტერიტორიულ საკითხებზე საუბარი მხოლოდ ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შემდეგ შედგება.
„ჩვენ თავს დაგვესხნენ, დაიკავეს ჩვენი ტერიტორიები, ათობით ათასი ადამიანი მოგვიკლეს, ბავშვები და მოზარდები ცოცხლად დამარხეს, და ამის მიუხედავად უკრაინა მზადაა მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას იმ ტერორისტებთან ერთად, რომლებმაც ეს ყველაფერი ჩვენს მიწაზე დაატრიალეს.
ვფიქრობ ეს ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს. რუსეთი კი ახორციელებს ზეწოლას ჩვენს ხალხზე, თავად ამერიკაზე. სწორედ ამას ვუკავშირებ დღევანდელ დარტყმებს. ლონდონში გუშინდელ შეხვედრაზე, ამერიკელ, დიდ ბრიტანელ, ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან ერთად შედგა საუბარი.აშშ-ის შეთავაზებასთან ერთად ახლა მაგიდაზე გაჩნდა სხვა დოკუმენტიც, ვფიქრობ ის უკვე დონალდ ტრამპის კაბინეტშია. ვერ გახდება ვერცერთი დოკუმენტის ნაწილი ის, რაც ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, -აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ეს განცხადებები ვაშინგტონს გეგმებს უშლის, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ომი მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში უნდა დაესრულებინათ. ამ დღემდე კი კვირაზე ნაკლები რჩება. სახელმწიფო მდივანი იმედს არ კარგავს, თუმცა ხაზს უსვამს,რომ თუ შედეგის ვერ დაინახავს, შტატები მოლაპარაკებებიდან გავა.
„ამ ომს არ აქვს სამხედრო დასასრული. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. რუსეთი უბრალოდ ვერ გადაუვლის უკრაინას და მთელ ქვეყანას ვერ დაიკავებს, უკრაინა კი ვერ უკუაგდებს მათ 2014 წლამდე არსებულ პოზიციებამდე. რაშიც ჩვენ ვართ ჩართულები, არის რუსეთის პოზიციის გაგება. ახლა უკეთ გვესმის ეს, რადგან რეალურად ვესაუბრეთ, მას შემდეგ, რაც სამი წლის განმავლობაში არ ვესაუბრებოდით. გვინდა, გავარკვიოთ, რა არის უკრაინის პოზიცია და რამდენად შესაძლებელია ამ პოზიციების დაახლოება. შემდეგ, შესაძლოა, დავასკვნათ, რომ ისინი იმდენად შორს არიან ერთმანეთისგან, რომ მშვიდობა შეუძლებელია ამ დროისთვის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზე. ჩვენ კვლავ მზად ვიქნებით ამის გასაკეთებლად, ვიდრე არსებობს რეალისტური, წინ მიმავალი გზა. თუ რომელიმე მომენტში დავადგენთ, რომ ჩვენ უბრალოდ ძალიან შორს ვართ და საკმარისი მოძრაობა არ ხდება, შესაძლოა, დაგვჭირდეს სხვა პრიორიტეტებზე გადასვლა, რადგან მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი,მარკო რუბიო.
ომის გადაწყვეტის გზებზე აშშ-ის პოზიციებს არ იზიარებენ ევროპელები. ოფიციალური ლონდონი მსოფლიოს ახსენებს, თუ ვინ არის ამ ომში აგრესორი, პარიზში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ შეთანხმებაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული. მოლაპარაკებები გრძელდება. 25 აპრილს მოსკოვში სტივენ ვიტკოფს ელოდებიან.