რა ვიცით ძველ ფასადებზე გამოსახული იდუმალებით მოცული სახეების შესახებ?
თბილისის ძველ შენობებს ერთხელ მაინც თუ დაჰკვირვებიხართ, აუცილებლად შეამჩნევდით უცნაურ სახეებს, რომლებიც ბზარებიანი ფასადებიდან მდუმარედ შემოგვცქერიან.
რა ვიცით ფასადებზე გამოსახული იდუმალებით მოცული სახეებისა და ქანდაკებების შესახებ, ან რა დანიშნულება ჰქონდათ მათ? – ეს კითხვები ევრონიუს ჯორჯიამ არქიტექტორ ნოდარ სუმბაძეს დაუსვა.
„ძველი ქალაქი მთავრდებოდა თავისუფლების მოედანთან. კოტე აფხაზის, ყოფილი ლესელიძის ქუჩის კუთხეში. დღევანდელი სოლოლაკის ადგილას იყო ცარიელი ადგილი. ახალი უბანი აქ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. მისი განაშენიანების ნაწილი იყო ახალი, ბურჟუაზიული შენობები, რომლებიც მდიდარ ან ახლად გამდიდრებულ ხალხს ეკუთვნოდა.
ძველი თბილისის შენობები შეიძლება უსასრულოდ ათვალიერო – ყველა მათგანი ერთმანეთზე საინტერესოა. რაც გადარჩა, ბუნებრივია, რადგან უმოწყალოდ ინგრევა. ეს შენობები თავიანთი ფასადებით ძალიან ჰგავს ევროპულ შენობებს. თქვენ რომ გაიაროთ ნებისმიერ ქვეყანაში, მიხვდებით, რომ ძველ თბილისსაც ტიპური ევროპული ქალაქის იერი აქვს. მაგრამ ამ ევროპულ სახლებს აღმოსავლური ეზოები აქვს”, – ამბობს არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე.
“ამ შენობების ერთ-ერთი საინტერესო მახასიათებელი არის მათ სამკაულები – კედლის ქანდაკება, რომლის გამორჩეული ნაწილია სწორედ მასკარონები, – ქალების, მამაკაცების, ბავშვების, ცხოველების თუ მითოლოგიური გმირების, ქალთევზების, ეშმაკების გამოსახულებები.
რა არის მასკარონი? დეკორის ეს ელემენტი ევროპაში მე-17 საუკუნეში გაჩნდა. მოწინავე ქვეყნებში, თავდაპირველად იტალიაში და შემდეგ მოედო დანარჩენ ქვეყნებს. დღეს უკვე აღარ არსებობს ევროპული ქალაქი, სადაც ვერ ნახავთ დიდი რაოდენობით მასკარონებს. ისინი ძირითადად ერთი ყალიბიდან მზადდებოდა – ხდებოდა თაბაშირისგან ჩამოსხმა და მერე შენობაზე განთავსება.
აუარებელი მსგავსი გამოსახულება ჩანს თბილისურ არქიტექტურაში. თუმცა, სინამდვილეში, როგორც გაირკვა, სულ 30 ყალიბისაა ყველა.
ძირითადი დანიშნულება შენობის ფასადის გალამაზება იყო, თუმცა არსებობდა ასევე საკრალური შეხედულება, რომ მასკარონები სახლს ავი სულებისგან იცავდნენ.
თუკი რაიმეში გამოიხატებოდა საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, რომ ძალიან უხვად არის მიმობნეული ქალაქში“, – ამბობს არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე.